გოდერძიშვილების დარბაზი

გოდერძიშვილების დარბაზიგიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ დაცული ქართული, კერძოდ კახეთში, მდინარე ივრის ხეობაში გავრცელებული „დარბაზული“ საცხოვრებელი.

გოდერძიშვილების დარბაზი ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

„დარბაზული“ საცხოვრებელი ძირითადად მდინარე ივრის ხეობაში, გარე კახეთში იყო გავრცელებული. სწორედ აქედან, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდიდან გადმოიტანეს ღია ცის ქვეშ მუზეუმში გოდერძიშვილების დარბაზი 1973 წელს. ესაა ორდედაბოძიანი, რვაწახნაგოვანი, პარალელურწყობიანი გვირგვინითა და ორიარუსიანი თარო–კედლით აგებული. ხის მასალად მუხაა გამოყენებული დარბაზის გვირგვინი თოთხმეტ საფეხურიანია და შიდა სივრცეებისაკენ მოქცეული წიბოების ქვედა ნაწილები გრეხილის მსგავსი ჩუქურთმებითაა შემკული. ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც დარბაზის აგების თარიღი მხედრული ასოებით ამოკვეთილი იყო „დედაბოძზეც“ და სახლის ფასადზეც ჩაშენებულ ქვაზეც. ეს უკანასკნელი გვამცნობს:

 
„წელსა ჩყნ სა აღშენდა სახლი კირისა/ შიგა სასხდომნი ლხინისა/ ქალნი და კაცნი ტურფანი/ გამქარვებელი ჭირისა/აღათონ გოდერძოვისა.“

ამრიგად, წარწერის მიხედვით, გოდერძიშვილებს დარბაზის მშენებლობა 1850 წელს დაუწყიათ. ამჟამად აქ მოწყობილია XIX საუკუნის კახელი გლეხის ოჯახის ყოფა–ცხოვრების ამსახველი ექსპოზიცია. (ეზოში აგებულია „სათონე“ სადაც ცხვება დედას პური და კახური შოთები).

გიორგიწმინდის ანუ გოდერძიშვილების დარბაზის ორივე დედაბოძი თავზე უხვადაა მოჩუქურთმებული კვეთილი ასტრალური გამოსახულებებითა და ამოჩუქურთმებული ფიგურებით. პირველი დედაბოძის თავხეზე სხივოსან წრეში ჩასმული მბრუნავი მზის გამოსახულება ანუ ბორჯღალია. მის ორივე მხარეს შედარებით მომცრო ბორჯღალები და ვარსკვლავთა გამოსახულებანია. მზის გამოსახულების ქვემოთ გეომეტრიული ორნამენტებით შექმნილი მმრავალკუთხედი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ორ დედაბოძს შორის კერაა გამართული, რომელიც დედაბოძთან ერთად, ტრადიციული ქართული სტილით, თევზიფეხურადაა წარმოდგენილი. დერეფნის სვეტები, თახჩების ე. წ. საპირეები ქართული აგურითაა გამოყვანილი. შესასვლელის მოპირდაპირე მხარე სანახევროდ მიწაშია შედგმული, სადაც გამართულია თარო–კედელი, თახჩა–ნიშები. პირველი იარუსის დიდი ზომის ნიშები განკუთნილია ხალმებისათვის (ანუ დერგები), თუჯისა და სპილენძის თანგირა ქვაბებისათვის. ზედა იარუსზე განთავსებულია საოჯახო ჭურჭელი – თიხის, რქის,სპილენძის ნივთები, მოჭიქული და მოუჭიქავი ქილები მაწვნისთვის, მურაბებისა და სხვა ნუგბარისათვის. დარბაზის განიერ ერთ მეტრზე მეტი საგნის კედლებში გამოყვანილია განჯინები, წალოები, ნიშები საოჯახო ნივთებისთვის, ლოგინისა და სხვა საოჯახო ინვენტარისთვის. დარბაზი ორად, საქალოდ და სამამაკაცო ნაწილადაა გაყოფილი. საქალებო მხარეს ტახტი გაწყობილია ხალიჩ–ფარდაგებით, ამოქარგული ბალიშ–მუთაქებით, საფეიქრო დანიშნულების ხელსაწყოებით, ჯარათი, საჩეჩელით, სახრელ–თითისტარით. სამამკაცო ნაწილში შესაბამისად მამაკაცთათვის განკუთვნილი საოჯახო და სამეურნეო ნივთებია განთავსებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიტაშვილი ნ., ერდოგვირგვინიანი დარბაზული სახლები, ჟურნალი „ისტორიანი“, № 7, 2019, გვ., 41-42

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება