გოგნის უდაბნო
გოგნის უდაბნო — სამონასტრო კომპლექსი იმერეთის სოფელ გოგნში (ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი). დააარსა 1778 წელს იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის მეუღლემ – დედოფალმა მარიამმა.
დედოფალ მარიამის 1778 წლის წყალობის სიგელი, რომელიც ამ უდაბნოს დაარსებასთან დაკავშირებით არის გაცემული, გვამცნობს, რომ ამ დროისათვის გოგნში აშენებული ღვთისმშობლის მიძინების ქვიტკირის ეკლესია გოგნის უდაბნოს გადაეცა. მასვე ებოძა ყმა-მამული ახლომახლო სოფლებიდან. დედოფლის ბრძანებითვე დადგინდნენ უდაბნოს წინამძღვარი და ბერები. 1826 წელს გოგნის უდაბნო გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ იდგა ორი ქვიტკირის ეკლესია, ხის შვიდი სენაკი ბერებისათვის და ერთიც წინამძღვრის ხის სახლი. გოგნის უდაბნოს ეკუთვნოდა ყმა-მამული, აგრეთვე სახნავ-სათესი მიწები და ტყის ნაკვეთები. იმ დროისათვის გოგნის უდაბნოში, წინამძღვრის გარდა, ოთხი ბერი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 66.