გოგი როინიშვილი

ფერმწერი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1966)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ როინიშვილი.

გიორგი (გოგი) როინიშვილი (დ. 23 აპრილი, 1921, თბილისი — გ. 3 დეკემბერი, 2000, იქვე) — ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1966).

გიორგი (გოგი) როინიშვილი
დაიბადა 23 აპრილი, 1921
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 2000 (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
მიმდინარეობა გრაფიკა
ფერწერა
ჯილდოები საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი როინიშვილი მხატვრობით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. პირველი ნამუშევრები, რომლებიც ოჯახს შემორჩა, 7-8 წლის ასაკში შესრულებული ნახატებია და ამ ნახატებში უკვე გამოკვეთილია მისი განსაკუთრებული ნიჭი. მიუხედავად შვილის მხატვრობით გატაცებისა, მამამისს სურდა, გიორგი ექიმი გამოსულიყო და სკოლის დასრულების შემდეგ იგი სამედიცინო ინსტიტუტში აბარებს, მაგრამ ფარულად აკადემიის სამხატვრო სტუდიაში დადის და 1939 წელს ფერწერის ფაკულტეტზე ირიცხება. სტუდენტობის წლებშივე, 1943 წელს გიორგი ჯარში, შემდგომ კი ფრონტზე წაიყვანეს. ომის დასრულების შემდეგ ის აკადემიაში დაბრუნდა და 1946 წელს უჩა ჯაფარიძის ჯგუფში დაამთავრა სწავლების სრული კურსი. მიიღო ფერმწერის წოდება (სადიპლომო ნამუშევრი — „მარულა").

ძირითადად მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დ. კლდიაშვილის მოთხრობების (1947), ნ. ნაკაშიძის მოთხრობების (1950), ე. ზედგენიძის რომანის „მზის ამოსვლამდე" (1960), გ. ძნელაძის ზღაპრის „მზის სტუმარი" (1970) და სხვ. ილუსტრაციები. ფერწერული ნამუშევრები: „შეტაკება ნასაკირალთან 1905 წელს" (1955), „კავალერიის შეტევა" (1965), „ფიცი" (1978) და სხვ. მუშაობდა აგრეთვე ჟურნალ „დილას“ რედაქციაში. ოთხი ათეული წლის მანძილზე (1962-2000) მისი სამხატვრო რედაქტორი იყო. ჟურნალის თითქმის ყველა ნომერშია განთავსებული გოგი როინიშვილის მიერ ილუსტრირებული ესა თუ ის მოთხრობა და ლექსი. ფერადოვნად აჟღერებული ცოცხალი, თავისუფალი ნახატითაა შესრულებული დასასურათებელი ნაწარმოებების საკვანძო სიუჟეტები. ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელად და გასაგებადაა გადმოცემული ნახატის შინაარსი.

1970-იან წლებში გოგი როინიშვილი მუშაობდა ხატვის პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების განყოფილებაზე და განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდების პროფესიული მომზადების საქმეს.

1947 წლიდან გიორგი როინიშვილი მუდმივად იღებდა მონაწილეობას ყოფილ საკავშირო და ადგილობრივ გამოფენებში. მისი ნამუშევრების უმთავრესი ნაწილი ინახება მხატვრის ოჯახში და კერძო კოლექციებში. გ. როინიშვილის ნამუშევრებს ხშირად ყიდულობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კერძო პირები. თუმცა, მათი ადგილსამყოფლის დადგენა დღესდღეობით შეუძლებელია.

მხატვარი ხშირად მიმართავდა ექსპერიმენტებს, ეძებდა სხვადასხვა გზას. ერთი გზა რეალიზმთან მიდის („ტყე" (1950-იანი წწ.), „ცხენოსნები" (1950), „ცირკის მოხეტიალე მსახიობები" (1958), „მანანა ორბელიანი" (1960), „ალჟირი" (სერია. 1970), „შემოდგომა იმერეთში" (1962), „აზიური ჩანახატი" (1970), „ნატურმორტი ხანჯლით" (1986), „შემოდგომა" (1992), „ნიკორწმინდა" (1990)). მეორე გზას იგი აბსტრაგირებასთან მიჰყავს („ზღაპრის სამყარო" (1965), „გაუწმენდავი პალიტრა" (1960) „ოქროს ნიღაბი" (1998)). ქმნიდა ასევე კუბისტური მხატვრობისთვის დამახასიათებელ ლაკონიურ კომპოზიციებსაც („გეომეტრიული კომპოზიცია, თეთრი კვადრატი" (1960), „გოგონა თეთრებში. მონიკა" (1965), „ნატურმორტი" (1965), „ოცნების ტაძარი" (1965), „ავტოპორტრეტი" (1992)).

მრავალფეროვანია მისი შემოქმედება. მან შექმნა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი. ასევე, დაასურათა წიგნები: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი", „დარისპანის გასაჭირი"; ეგნატე ნინოშვილის „ჯანყი გურიაში", „სექტემბერი"; ლეონიდ ლეონოვის „ევგენია ივანოვნა"; შირვანზადეს „ქაოსი" და სხვა. მუშაობდა პეიზაჟის, პორტრეტის ჟანრში, ქმნიდა თემატურ და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს; აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს.

გიორგი როინიშვილმა თავისი შემოქმედებით ექსპერიმენტატორი მხატვრის მემკვიდრეობა დატოვა. ის მუდამ ახალგაზრდული შემართებით ეძებდა ფერისა და ფორმის, სიბრტყისა და მოცულობის შეთავსებისა თუ ვერ-შეთავსების პრობლემებს. სწორედ ამ თვისებების გამო, მისი შემოქმედება, განსაკუთრებულ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება