გოგიუბის ეკლესიაX საუკუნის II ნახევრის ქართული ტაძარი სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ერუშეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე, სოფ. ბინბაშაქი). გეგმით სიმეტრიული, ექვსაფსიდიანი ეკლესია. ექვსივე აფსიდი თანაბარზომიერადაა განლაგებული შუა ვერტიკალური ღერძის გარშემო. სხვა ქართული გუმბათოვანი ტაძრებისაგან განსხვავებით აქ გუმბათის საფუძველი კვადრატი კი არ არის, არამედ რადიალურად განლაგებული აფსიდების შეერილზე დაყრდნობილი წრიული სალტე, რომელზეც გადასასვლელად აფსიდების თაღებს შუა ბრტყელი ტრომპებია ჩასმული. გუმბათის ყელი, ისევე როგორც გუმბათქვეშა სივრცე, ექვსწახნაგიანია, ხოლო თვით ეკლესიის კორპუსი - თორმეტწახნაგიანი. ძეგლი მოპირკეთებული ყოფილა კარგად გათლილი ქვის კვადრებით.

გოგიუბის ეკლესიის ნანგრევები

საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ერუშეთში ექსპედიციის დროს. ძეგლი საბოლოოდ განადგურდა XX საუკუნის შუაწლებში. ნგრევის მიზეზი აფეთქება იყო. ჩვენამდე მოაღწია 1902 წელს შესრულებულმა 2 ფოტომ, ანაზომმა და პრიმიტიულმა რეკონსტრუქციამ. ექვთიმე თაყაიშვილმა სოფლის მაშინდელი სახელი გოგიუბა წმინდა გიორგის სახელს დაუკავშირა და ეკლესიაც წმინდა გიორგის სახელზე აგებულად ჩათვალა, რადგანაც სარკმლის თაღზე გაარჩია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი — „Ⴂ Ⴈ“. მოგვიანებით აღნიშნული ინტერპრეტაცია უარყოფილ იქნა ს. ჯიქიას და დ. ხოშტარიას მიერ. ეკლესია უნდა ეკუთვნოდეს სოფელ გოგუბას, რომელიც აღნუსხულია კიდეც „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (სიგნი III). დღეს მას გოგუბნის სახელითაც მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა რომ დადგენილია სოფლის ქართული ტოპონიმი, ძეგლს შემორჩა ისეთი სახელი როგორიც მისმა პირველმა აღმომჩენმა — ე. თაყაიშვილმა დაუმკვიდრა.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება
 
გოგიუბის ეკლესიის ინტერიერი

ძეგლი წარმოადგენდა ექვსაფსიდიან გუმბათიან ეკლესიას, რომლის ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისა და თანაბარი ზომების ყველა აფსიდი გუმბათქვეშა წრის გარშემო ეწყობა. აფსიდებსწინა თაღები ნახევარწრიული მოხაზულობისაა და ინტერიერში ორსაფეხურიანი თაღების სახით შემოდის. მათ შორის აფრა-ტრომპებისა და ტრომპების ორი რიგია ჩამწკრივებული. გუმბათის ყელი ექვსი მკლავის შესაბამისად ექვსწახნაგაა, თითო-თითო სარკმლით ყოველ წახნაგში. ინტერიერში ის ასევე ორსაფეხურიანი თაღნარით იყო შემკული, რომელთა ფორმაც როგორც ჩანს, ოდნავ შეისრული იყო.

ექსტერიერში ტაძარი 12 წახნაგში იწერებოდა. თითო წახნაგის ჩაგდებით კედლებში სამკუთხა ნიშებია ჩაჭრილი, რომელნიც ერთის მხრივ აფსიდებსშუა კედლის მასივს ამსუბუქებენ, ხოლო მეორე მხრივ ფასადთა დეკორატიულ ეფექტს უზრუნველყოფენ. ეს სამკუთხა ნიშები მარაოსებრი კონქებით გვირგვინდებოდა. გუმბათის ყელი, ისევე როგორც ინტერიერში, ექსტერიერშიც თაღნარით ყოფილა შემკული, მხოლოდ აქ თაღნარის რიცხვი გაორმაგებულია და ისინი მონაცვლეობით ეყრდნობიან შეწყვილებულ პილასტრებსა და კრონშტეინებს. სარკმლებიც სწორედ ამ კრონშტეინების ქვეშ იყო გაჭრილი, ისევე როგორც ზეგანში (ზაქი). კლდიაშვილისეულ ფასადზე კი უზუსტობაა, სარკმლები წყვილ-წყვილადაა წარმოდგენილი თაღების ქვეშ.

კლდიაშვილისეულ ნახაზზე მკლავები გადახურულია ბრტყელი ცალქანობა სახურავით, რომელიც მთელ პერიმეტრს სწორხაზოვნად მიუყვება, ფოტოზე კი აშკარად იკვეთება ე. წ. ქოლგისებური გადახურვის ზიგზაგისებური მონახაზი.

ეკლესია კარგად გათლილი ქვებით იყო მოპირკეთებული როგორც გარედან ისე შიგნიდან. გოგიუბის ეკლესია საინტერესოა არა მხოლოდ არქიტექტურული ფორმების ორიგინალური წყობით, არამედ იმ რელიეფებით, რომლებიც ექ. თაყაიშვილის გადმოცემით იქ ამკობდნენ ტაძრის ინტერიერს და ექსტერიერსაც სანამ ფასადს პერანგი შემოეცლებოდა.

აფსიდებსწინა თაღებს შუა მოთავსებულ აფრა-ტრომპებში ფიგურული რელიეფებია ჩასმული. ე. თაყაიშვილისავე აღწერილობის მიხედვით, ინტერიერში აღმოსავლეთით — ჯვრის, დასავლეთით — ვარსკვლავის, ჩრდილოეთით კი ნახევარმთვარის რელიეფი იყო გამოსახული. სამხრეთის რელიეფი დაკარგული იყო. ირინე გივიაშვილის აზრით, სამხრეთით მხოლოდ მზის გამოსახულება შეიძლება რომ ყოფილიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 199.
  • ირ. გივიაშვილი, ი. კოპლატაძე, „ტაო-კლარჯეთი“ თბ., 2004, გვ. 98-101