გლედის ლუნსბერი ჰობი

გლედის ლუნსბერი ჰობი ( დ. 19 ნოემბერი, 1910 — გ. 4 ივლისი, 1993, პენსილვანია) — ამერიკელი მიკრობიოლოგი, რომლის კვლევამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანტიბიოტიკების შემუშავებასა და მათი როლის შესწავლაში. მისი საქმიანობის წყალობით პენიცილინი ლაბორატორიის საექსპერიმენტო წამლიდან მეორე მსოფლიო ომის დროს მასობრივ სამკურნალო მედიკამენტად გადაიქცა.[4]

გლედის ლუნსბერი ჰობი
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1910(1910-11-19)[1]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[2]
გარდ. თარიღი 4 ივლისი, 1993(1993-07-04)[1] (82 წლის)
გარდ. ადგილი პენსილვანია
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა მიკრობიოლოგი[2] და მეცნიერი[3]
მუშაობის ადგილი Presbyterian Hospital[2] და Pfizer[2]
ალმა-მატერი ვასარის კოლეჯი[2] და კოლუმბიის უნივერსიტეტი[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

გლედის ჰობი დაიბადა ნიუ-იორკის ვაშინგტონ-ჰაითსის რაიონში. მისი მშობლები იყვნენ თეოდორ ჰობი და ფლორა ლაუნსბერი. [5]ოჯახში გლედისის გარდა კიდევ ერთი გოგონა იზრდებოდა. დედა ნიუ-იორკის საჯარო სკოლების სისტემაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მამა კი ქველმოქმედისა და კოლექციონერის ბენჯამინ ალტმანის ახლო თანამოაზრე იყო. თეოდორი ხელმძღვანელობდა ბენჯამინ ალტმანის კოლექციას მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში. უაიტ პლეინსში ნიუ-იორკის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ დაამთავრა ვასარის კოლეჯი 1931 წელს, მიიღო ხარისხი ქიმიის დარგში, ხოლო 1935 წელს — კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის დოქტორის ხარისხი. [6] ჰობიმ დაწერა სადოქტორო დისერტაცია არაპათოგენური ორგანიზმების სამედიცინო გამოყენების შესახებ. [5]

ჰობი 1934 წლიდან 1943 წლამდე მუშაობდა პრესვიტერიანულ ჰოსპიტალში და კოლუმბიის სამედიცინო სკოლაში. კოლუმბიის კოლეჯში შეუერთდა ექიმების და ქირურგების კვლევით ჯგუფს, რომელიც დაკავებული იყო ადამიანის მიერ პენიცილინის გამოყენების შესწავლით. პრეპარატი პირველად 1928 წელს აღმოაჩინა შოტლანდიელმა ექიმმა და ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ ფლემინგმა. კვლევისთვის გლედისმა საკუთარ კოლეგებთან, ბიოქიმიკოს დოქტორ კარლ მაიერთან და კლინიცისტ და მედიცინის ასოცირებულ პროფესორ დოქტორ მარტინ ჰენრი დოუსონთან ერთად დაიწყო პენიცილინის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყვანა. ისინი ერთად მუშაობდნენ ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადებების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ პენიცილინის გაუმჯობესებაზე. [4] პარალელურად, ჰობი მუშაობდა ნიუ-იორკის პრესბიტერიანულ ჰოსპიტალში. 1944 წელს დოუსონის გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა კოლუმბიის უნივერსიტეტი და სამუშაოდ გადავიდა Pfizer Pharmaceuticals - ში ნიუ-იორკში, სადაც იკვლევდა სტრეპტომიცინს და სხვა ანტიბიოტიკებს.

1959 წელს ჰობიმ დატოვა Pfizer Pharmaceuticals, რათა სპეციალიზირებულიყო ქრონიკულ ინფექციურ დაავადებებზე, ნიუ-ჯერსის ისთ-ორანჯის ვეტერანთა ადმინისტრაციის საავადმყოფოს კვლევის დირექტორის რანგში. იქ ის ასევე მუშაობდა ისეთ თემებზე, როგორიცაა ბაქტერიოფაგები, ბაქტერიული ვარიაციები და ფერმენტები, სტრეპტოკოკები, ინფექციური დაავადებების ქიმიოთერაპია, იმუნიზატორული აგენტები და მიკრობებისგან თავისუფალი ცხოვრება. ჰობი ასევე 18 წლის განმავლობაში მუშაობდა კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლინიკურ კვლევების ასისტენტ პროფესორად. [4] 1963 წელს გლედის ჰობი გახდა ნიუ-იორკის ტუბერკულოზის ასოციაციის პრეზიდენტი; ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. გარდა ამისა, იგი იყო ამერიკის მიკრობიოლოგიური საზოგადოების, ამერიკის პულმონოლოგთა ასოციაციის და ამერიკის თორაქალური საზოგადოების საპატიო წევრი. 1972 წელს მან დააარსა ყოველთვიური გამოცემა ანტიმიკრობული აგენტები და ქიმიოთერაპია და რვა წლის განმავლობაში მისი რედაქტორი იყო. გლედისმა კარიერა 1977 წელს დაასრულა პენსიაზე გასვლით. ჰობიმ დაწერა 200-ზე მეტი სტატია, როდესაც მუშაობდა კონსულტანტად და თავისუფალ სამეცნიერო მწერლად. 1985 წელს გამოსცა წიგნი «Penicillin: Meeting the Challenge», სადაც მან აღწერა პენიცილინის გზა ლაბორატორიიდან ქარხანამდე. მან ხაზი გაუსვა პენიცილინის მოგზაურობის აუცილებლობას და მნიშვნელობით მანჰეტენის პროექტს შეადარა. [4]

ჰობი გარდაიცვალა გულის შეტევით 1993 წლის 4 ივლისს, საკუთარ სახლში, პენსილვანიაში კენეტის მოედანზე 82 წლის ასაკში. [4]

ძირითადი წვლილი და გავლენა

რედაქტირება

ჰობი ცნობილი გახდა პენიცილინის ისეთი ფორმის შექმნით, რომელიც ეფექტური იყო ადამიანებში. 1940 წელს ჰობიმ და მისმა კოლეგებმა, დოქტორმა კარლ მაიერმა და დოქტორმა მარტინ ჰენრი დოუსონმა მიმართეს ჰოვარდ ფლორისა და ერნსტ ჩეინს პენიცილინის ნიმუშის მისაღებად. მათ გულუბრყვილოდ გადაწყვიტეს მცირე რაოდენობის პენიცილინის დამზადება, თუმცა ფერმენტაციის პროცესში მალევე გახდნენ ექსპერტები და დაიწყეს მისი გადამუშავება სამკურნალო დანიშნულების მიზნით. ჰობიმ, მაიერმა და დოუსონმა ჩაატარეს პენიცილინის პირველი ცდები ადამიანებზე 1940 და 1941 წლებში, სანამ ისინი წარუდგენდნენ კლინიკური გამოკვლევების ამერიკულ საზოგადოებას, აღმოაჩინეს, რომ პენიცილინი იყო მიკრობების ძლიერი მკვლელი, რომელიც ამცირებდა ინფექციური დაავადებების სიმძიმეს და შესაძლებელს ხდიდა ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ორგანოების გადანერგვა და ოპერაცია ღია გულზე. მათი შედეგები გაშუქდა მედიაში, რამაც ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან დაფინანსების მოზიდვას პენიცილინის მასობრივი წარმოებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს, რამაც მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

Pfizer-ში ჰობიმ ფართო ადრეული მუშაობა ჩაატარა ტერამიცინზე და ვიომიცინზე, [7] რომლებიც გამოიყენებოდა ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ანტიმიკრობული თერაპიის დარგის სპეციალისტის რანგში, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეისწავლა ამ პრეპარატების მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Antimicrobial Agents and Chemotherapy (Editor), Journal (1972—1980)
  • Primary Drug Resistance — Continuing Study of Drug Resistance in a Veteran Population within the United States, American Review of Respiratory Diseases 110, Number 1 (1974)
  • Penicillin: Meeting the Challenge, Yale University Press (1985)
  • «The Drug That Changed the World», Journal of the College of Physicians & Surgeons of Columbia University Volume 25, Number 1 (Winter 2005)
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 605. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  3. Czech National Authority Database
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Saxon, Wolfgang (July 9, 1993). „Gladys Hobby, 82, Pioneer in Bringing Penicillin to Public“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-31. ციტირების თარიღი: 2016-05-13.
  5. 5.0 5.1 Notable American Women - A Biographical Dictionary: Completing the Twentieth Century. ISBN 978-0-674-01488-6. 
  6. International encyclopedia of women scientists. ISBN 978-0816043811. 
  7. Saxon, Wolfgang (1993-07-09). „Gladys Hobby, 82, Pioneer in Bringing Penicillin to Public“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-31. ციტირების თარიღი: 2016-10-11.