გიორგი ევგენის ძე ჯინორია (დ. 1 დეკემბერი, 1887, ქ. ფოთი, — გ. ივლისი, 1938) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი.

ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება. I მსოფლიო ომის დროს მობილიზებული იყო არმიაში. 1917-1918 წლებში პრაპორშჩიკად მსახურობდა რუსულ საექსპედიციო კორპუსში საფრანგეთში, იყო საფრანგეთში რუსეთის ჯარების სარაზმო კომიტეტის თავმჯდომარე და რევოლუციური თავდაცვის რუსული ლიგის კომიტეტის წევრი.[1] შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1904 წლიდან. 1919 წლის ივნისში იყო საქართველოს წარმომადგენელი მოკავშირე და ნეიტრალური ქვეყნების კოოპერატივთა კონგრესზე პარიზში (გამოვიდა მოხსენებით). 1920-იანი წლების დასაწყისში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის და მასთან არსებული „სამხედრო კომისიის“ წევრი და ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში საბჭოთა ხელისუფლებამ კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა შიომღვიმეში. 1925 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ მიუსაჯა დახვრეტა, რომელიც შეეცვალა 10-წლიანი პატიმრობით და „სასტიკი იზოლაციით“. 1934 წელს მიესაჯა 5-წლიანი გადასახლება. ცხოვრობდა ქ. ბიისკსა (ალთაის მხარე) და ტურუხანსკში (კრასნოიარსკის მხარე). თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა. გადასახლებაში დაქორწინდა ასევე რეპრესირებულ ეპრაქსია რამიშვილზე (საქართველოს „პოლიტიკურ წითელ ჯვრის“ ორგანიზაციის წევრი). 1938 წლის თებერვალში ჯინორია დააპატიმრეს. გარდაიცვალა ციხეში 1938 წლის ივლისში. რეაბილიტირებულია 1957 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012;
  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი: დაკარგული ისტორია, თბ., 2016. - გვ. 182;
  • Книга памяти жертв политических репрессий Красноярского края. Том 3 (Д-И). Красноярск: Издательские проекты, 2005. ISBN 5-98399-021-7.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • გიორგი ჯინორია — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
  • Джинория Георгий Евгеньевич. «Единая база данных жертв репрессий в СССР».

სქოლიო რედაქტირება