გიორგი სტურუა
გიორგი თევდორეს ძე სტურუა (დ. 5 (17) ივნისი, 1884, სოფელი კულაში, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1 აპრილი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1901 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირება1901–1903 წლებში მუშაობდა თბილისის, ბაქოსა და ბათუმის ქარხნებში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუშათა გაფიცვა-დემონსტრაციებში. 1903–1905 წლებში მუშაობდა რსდმპ ბაქოს კომიტეტის არალეგალურ სტამბაში, 1905 წელს — მოსკოვის რსდმპ ცკ-ის არალეგალურ სტამბაში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. დიდი როლი შეასრულა ჩრდილოკავკასიასა და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლებისა დამყარებისათვის ბრძოლაში. 1919–1920 წლებში იყო რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი. 1919 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მუშაობდა რკ (ბ) აზერბაიჯანის ცკ-ის მდივნად. 1921–1922 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის სასურსათო საქმეთა კომისრის მოადგილე; 1923–1925 წლებში საქართველოს კპ (ბ) თბილისის საქალაქო, 1925–1927 წლებში საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1929–1931 წელბში საქართველოს სსრ-ის იუსტიციის სახკომი; 1932–1934 წლებში საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის და საქართველოს სსრ-ის მუშათა და გლეხთა ინსპექციის თავმჯდომარე; 1931–1933, 1934–1937 და 1953 წლებში საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარე; 1938–1941 წლებში საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე; 1942–1948 წლებში საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე; 1955–1956 წლებში ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალის დირექტორი. არაერთხელ იყო საკავშირო კპ (ბ) ყრილობის დელეგატი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
დაჯილდოვებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 587.