გიორგი მაისურაძე (მხატვარი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

გიორგი ივანეს ძე მაისურაძე (დ. 6 ივლისი, 1817, წინანდალი — გ. 18 ივლისი, 1885, ქუთაისი) — ქართველი მხატვარი და ფერმწერი. ითვლება ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებლად. პირველი ქართველი და პირველი კავკასიელი, რომელმაც განათლება მიიღო პეტერბუგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში.[1][2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი მაისურაძე დაიბადა 1817 წლის 6 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმის ოჯახში.

გიორგიმ  სიყრმიდანვე  გამომჟღავნა მხატვრობის ნიჭი, რითაც ალექსანდრე ჭავჭავაძის ყურადღება მიიპყრო. მისივე დახმარებით გაემგზავრა რუსეთში, ორი წელი იცხოვრა მოსკოვში (1835–1837) ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიძასთან, ქართველ საზოგადო მოღვაწე გიორგი ავალიშვილთან, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა არა მარტო რუსეთში მცხოვრებ ქართველთა წრეში, თვით მეფისწულთა შორისაც კი. სწორედ მან გააცნო გიორგი მოსკოველ ქართველებს.

1837 წელს სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო სასამართლოს პალატის მეორე დეპარტამენტში გენერალ-მაიორისა და კავალერის თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის თხოვნით შედგენილ განთავისუფლების სიგელში პირდაპირაა მითითებული, რომ მხოლოდ იმ უჩვეულო წარმატებათა წაქეზებისათვის, რაც მაისურაძემ გამოიჩინა უკანასკნელ ორი წლის განმავლობაში ფერწერასა და ხატვაში ვათავისუფლებო (ყმობიდან). 1837 წლის 15 ოქტომბერს მისცეს ბილეთი №577, რომლის თანახმადაც შეეძლო პეტერბურგში მეცადინეობა და ცხოვრება ექვსი წელი. რუსეთში გატარებულმა წლებმა (1837–1844) დიდი გავლენა მოახდინა გიორგის მხატვრად ჩამოყალიბებაზე. იგი იყო პირველი ქართველი ფერმწერი, რომელმაც განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, დიდი რუსი მხატვრის კ. ბრიულოვის სახელოსნოში მიიღო. 1844 წელს წარჩინებით დაამთავრა საიმპერატორო სამხატვრო აკადემია და მიენიჭა „კლასგარეშე“ მხატვრის წოდება, მხატვრისათვის დაწესებული პრივილეგიებით და უფლებებით. 1850 წლის ოქტომბერში გ. მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. 1851 წლის 31 იანვარს მუშაობა დაიწყო კლასიკურ გიმნაზიაში (ახლანდელი №1 საჯარო სკოლა) კალიგრაფიისა და ხაზვა-ხატვის მასწავლებლად. იყო ნიკო ნიკოლაძის, ნიკო მარის, აკაკი წერეთელის, ბესარიონ ღოღობერიძის, გრიგოლ აბაშიძის და სხვათა ხატვის მასწავლებელი; მისი ნამუშევრებია: ავტოპორტრეტი (აკვარელი), ალექსანდრე ბაგრატის-ძე ბაგრატიონის (ზეთი, 1839), ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძის (ზეთი), სალომე ივანეს ასული ჭავჭავაძის (ზეთი), ივანე იაკობის ძე ჭავჭავაძის (ზეთი), ნიკოლოზ გიორგის ძე აბულაძის (ზეთი), ქალიშვილების ელისაბედის და ოლიმპიადას, გიორგი შერვაშიძის, ა. ჭავჭავაძის ქალიშვილების ნინოს და ეკატერინეს, კონსტანტინე დადეშქელიანის, რაფიელ ერისთავის, ივანე კერესელიძის, დავით დადიანის და მიხეილ შერვაშიძის, და სხვა გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტები.[1]

ისტორიკოს სიმონ ქვარიანის გადმოცემით (გიორგი მაისურაძის მოწაფე იყო) გიორგი ყოფილა „წყნარი და პატიოსანი ადამიანი. გამოირჩეოდა თავისი ხასიათითა და თავისებურებებით სხვა მასწავლებლებისგან. არტისტული ბუნების ადამიანი, საოცარი მეოცნებე, გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი. გულის მოსვლა უცებ იცოდა. ტანით საშუალო, მხარბეჭიანი და წარმოსადეგი. ზაფხულობით ტანზე იცვამდა ლურჯ სერთუკს და თეთრ შარვალს. ჟილეტის ერთ ჯიბეში ჩადებული საათი მეორე ჯიბეზე ჰქონდა ძეწვით მიმაგრებული. მუდამ თავის საქმით იყო დაკავებული“. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად დადიოდა ახლომახლო სოფლებში და ცდილობდა  ტილოზე აღებეჭდა თანამედროვე ადამიათა პორტრეტები. პორტრეტის ჟანრის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს „წუთისოფლისადმი სამდურავი“ დავით გურამიშვილის პორტრეტი), „ალექსანდრე ბაგრატიონი“ (1825), ექიმების: მიხეილ ვორონცოვისა და ნახარიშვილის პორტრეტები, აგრეთვე ალექსანდრე ჭავჭავაძის პორტრეტი (1845). გიორგი მაისურაძემ შთამომავლობას დაუტოვა მხატვრული პორტრეტების გალერეა. საზოგადოებისათვის ცნობილია აგრეთვე გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული სამი ხატი, ორი მაცხოვრის სახე და ერთი წმინდა იოანესი. გიორგი მაისურაძემ მთელი სიცოცხლე ქართული სახვითი კულტურის აყვავების საქმეს მოახმარა.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების და ზუგდიდის მუზეუმებში. გიორგი მაისურაძე აგრეთვე იყო ხატმწერი, დღეისათვის ნაპოვნია გიორგი მაისურაძის დაწერილი მხოლოდ სამი ხატი: სახე უფლისა, იოანე მახარობელი და ლომისის წმინდა გიორგი, ხატები დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის კანკელზე იყვნენ მოთავსებული.[1]

1856 წლის 26 აგვისტოს ქუთაისის საგიმნაზიო ეკლესიას შესწირა თავისი ნამუშევარი — ხატი მაცხოვრისა, რის გამოც გიორგი მაისურაძე დაჯილდოვდა მანიფესტით: „მუქი ბრინჯაოს მედლით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლენტზე“ სახსოვრად ოსმალეთთან წარმოებული ომისა 1853–1856 (ყირიმის ომი) წლებში.

გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული პორტრეტთა დიდი უმრავლესობა დღემდე მიუკვლეველია.

გიორგი მაისურაძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1885 წლის 18 ივლისს. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.[3]

გაბრიელ ქიქოძემ მის დასაფლავებაზე თქვა: „გიორგი მაისურაძის სიკვდილით საქართველომ ერთ-ერთი უწყინარი, ალალი და ქართული კულტურის მესვეური, დიდად ნიჭიერი ოსტატი დაკარგაო“.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ფუნქციონირებს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი.

ქუთაისში მწვანე ყვავილას სასაფლაოზე მდებარე გიორგი მაისურაძის საფლავი განადგურებული იყო და საერთოდ, ვერ ხდებოდა მისი იდენტიფიცირება, 2000 წლის 6 მაისს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა აღადგინა და საფლავს დაადგა შავი მარმარილოს ქვა სადაც გამოსახულია გიორგი მაისურაძის პორტრეტი.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება