გიორგი ვასაძე (რეჟისორი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვასაძე.

გიორგი აკაკის ძე ვასაძე (დ. 23 ივლისი, 1919, თბილისი, — გ. 25 მარტი, 1969, იქვე) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა აკაკი ვასაძის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1941 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 1944 წელს შედის მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისურის შესასწავლად, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სოხუმის დრამატულ თეატრში, სადაც დიდი წარმატებით მიდიოდა მის მიერ დადგმული სპექტაკლები: „რღვევა“, „პირველი ნაბიჯი“, „უკანასკნელი მსხვერპლი“, „პლატონ კრეჩეტი“, „მისი ვარსკვლავი“ და სხვა.

1954 წელს გიორგი ვასაძე მიიწვიეს მოსკოვის დრამატულ თეატრში, სადაც ორი წელი დაჰყო, შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს რადიოკომიტეტში წამყვან რეჟისორად. მის მიერ შესრულებული რადიოდადგმები დღეს ჩვენი ეროვნული რადიოს ოქროს ფონდშია.

გ. ვასაძე ნაყოფიერად მოღვაწეობდა აგრეთვე საქართველოს ფილარმონიაში და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც საოპერო სტუდიის სცენაზე განახორციელა დადგმები: „გლიუკის ორფეოსი“, „მოცარტის ფიგაროს ქორწინება“, ოთარ თაქთაქიშვილის „განაჩენი“. 1967 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალურ გადაცემათა მთავარი რეჟისორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 191-192.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 144, თბ., 1994.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება