გიორგი ირაკლის ძე ასათიანი (დ. 10 ივნისი, 1914, ქ. ბორზია, ჩიტის ოლქი ― გ. 17 ნოემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ოპერატორი, საქართველოს (1961) და სსრკ სახალხო არტისტი (1967)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წელს დაამთავრა ლენინგრადის კინოინჟინერთა ინსტიტუტი. მუშაობდა კინოკორესპონდენტად ასტრახანის ოლქში. 1943 წლიდან იყო სამხედრო კორესპონდენტი. მის მიერ ამ წლებში გადაღებული მასალები შევიდა დოკუმენტურ ფილმებში: „ნოვოროსიისკის აღება“ (1943), „ბერდიჩევის აღება“ (1944), „ჩანჩიბაძის გვარდიული არმია“ (1948). ასათიანმა თვისივე სცენარის მიხედვით დადგა და გადაიღო ფილმები: „მოგზაურობა ნეპალში“ (1959), „ნადირობა ჯუნგლებში“ (1960), „მსოფლიო ტაშს უკრავს“ (1961), „ნაირსართულიანი ამერიკა“ (1961), „ალჟირის დღიური“, „მაროკოელთა მიწა“, „საჰარა“ (სამივე 1962), „რესპუბლიკის დაბადება“ (1963), „მეხუთე კონტინენტის გზები“, „ურუგვაი“ (ორივე 1964), „პარიზი... პარიზი“ (1967), „ინკების ქვეყანაში“ (1968), „მიუნხენი მეოთხედი საუკუნის წინ“ (1969), „შვეიცარიული ნოველები“ (1970), „ნილოსის სათავეებთან“ (1972), „ესპანეთის ძიებაში“ (1973), „ბასკთა ქვეყანაში“ (1976) და სხვა.

ასათიანის ფილმებისათვის დამახასიათებელია კადრის ზუსტი კომპოზიცია, კინომასალის ორიგინალური შერჩევა, მხატვრულობა. ამასთან ასათიანი შესანიშნავი კინოჟურნალისტია. მისი ფილმები საინტერესო და სასარგებლოა შემეცნებითი თვალსაზრისითაც. სხვა ფილმებია: „აყვავებული საქართველო“ (1957), „ბრიუსელი“ (1958), „მაროკო“ (1962), „უძველესი კულტურის ქვეყანა“ (1963; ლომონოსოვის პრემია, 1964), „შეხვედრა საბერძნეთთან“, „ერთი დღე ბუენოს-აირესში“ (ორივე 1964), „ესპანეთის ძიებაში“ (1973) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის რამდენიმე ორდენი.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება