გია ჯიჭონაია
გიორგი (გია) ჯიჭონაია (დ. 1969 წ. 26 მაისი, ზუგდიდი) – ქართველი პოეტი, მწერალი. წერს ქართულ და მეგრულ ენებზე.
1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1989 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „მსურდა ლოცვა“. 2004 წელს გამოსცა სონეტების კრებული „სიყვარულის სონეტი“. 2014 წელს გამოიცა გია ჯიჭონაიას 4 ტომი ციკლიდან „ადამიანური ყოფის გულსაკლავი სანახაობის ქრონიკა“:
- „წერილები ბედნიერებას“ (სონეტები). „მთვარის აბაზანები“ (ლექსი პროზად).
- „ოცდამეერთე საუკუნის ქალთა ილუზიები“. (ნოველები).
- „უკანასკნელი გასეირნება“. (ნოველები, მოთხრობები).
- „ოქროს ხანა“, ლირიკური დრამა. ლექსები, სონეტები.
2020 წელს გამოვიდა „კოლხური კირბები“, „მარტოობის ელეგიები“ და „კერიასთან მოსაყოლი რობაიები“, რომელსაც მწერალთა კავშირის პრემია გადაეცა.
გია ჯიჭონაიამ შექმნა ლექსის ახალი ფორმა, რომელსაც დაარქვა კირბები. კირბები პირველად დაიწერა მეგრულად, შემდეგ ითარგმნა სხვა ენებზე. კოლხური კირბების უკრაინულად თარგმნილ კრებულს კიევში 2019 წელს გადასცეს უკრაინა-საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა უმაღლესი, დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია. თბილისში კირბებს გადაეცა ილია ჭავჭავაძის პრემია. 2021 წელს, თბილისში გამოიცა გია ჯიჭონაიას მეგრულენოვანი კირბები, სონეტები, რობაიები და კრებული „წარსულიდან მომავლამდე“.
2021 წელს „კოლხური კირბების“ ინგლისურად თარგმნილი კრებული გამოიცა საფრანგეთში (გამომცემელი edidion999)[1] გია ჯიჭონაიას მეგრული კირბები თარგმნილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე.
გია ჯიჭონაიას კირბების ნახვა შესაძლებელია პოპულარულ ვებ-გვერდ amazon.com-ზე.[2]
გია ჯიჭონაია არის „ღვთისმშობლის კვართის მცველთა ორდენის“ წევრი.
გია ჯიჭონაიას ყავს მეუღლე თამარ ჯინორია (დ. 1971) და ორი შვილი: ნინო (დ. 1998) და გიორგი (დ. 2009).