გვირგვინის მიწები

გვირგვინის მიწები, ანუ გვირგვინის სამფლობელოები (ინგლ. Crown Dependencies) — მდებარეობს დასავლეთ ევროპაში ბრიტანეთის კუნძულებთან ახლოს, დიდი ბრიტანეთის გვირგვინის კუნძულოვანი სამფლობელოები, რომლებიც არ შედიან დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შემადგენლობაში, მაგრამ ამასთან არ არიან მისი ზღვისიქითა ტერიტორიები. გვირგვინის მიწებს არასდროს არ ჰქონიათ კოლონიის სტატუსი. მის შემადგენლობაში შედიან: ჯერზის და გერნზის (ნორმანდიის კუნძულები ლა-მანშის სრუტეში, საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან) ბეილივიკები, ასევე მენის კუნძული ირლანდიის ზღვაში. საერთო ფართობი — 766 კმ², მოსახლეობა — 245 269 ად. (2011 წელი).

მენის კუნძული მდებარეობს ირლანდიის ზღვაში დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის, ხოლო ჯერზის და გერნზის ბეილივიკები მდებარეობენ ლა-მანშის სრუტეში კოტანტენის ნახევარკუნძულიდან დასავლეთით ნორმანდიაში

თითოეულ გვირგვინის ტერიტორიას აქვს საკუთარი საავტომობილო ნომერი (GBG — გერნზი, GBA — ოლდერნი, GBJ — ჯერზი, GBM — მენი), ზედა დონის ეროვნული დომენი (.gg — გერნზი, .je — ჯერზი, .im — მენი), ასევე Alpha3-ის კოდი ISO 3166-1-ის მიხედვით (GGY — გერნზი, JEY — ჯერზი, IMN — მენი), დარეზერვირებული ჯერ მსოფლიოს საფოსტო კავშირისთვის, ხოლო შემდეგ 2006 წლის 29 მარტს ოფიციალურად აღიარებული სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.

მენის კუნძულის ფოსტა უშვებს საკუთარ საფოსტო მარკებს, რითაც იღებს მნიშვნელოვან შემოსავალს კოლექციონერებზე სპეციალური გამოშვებების გაყიდვით.

გერნზი, ჯერზი და მენი უშვებენ ბანკნოტებს და ბეჭდავენ მონეტებს. ეს ბანკნოტები მიმოქცევაშია ორივე ბეილივიკის ტერიტორიაზე ბრიტანულ ფუნტებთან და შოტლანდიურ ბანკნოტებთან ერთად. ეს ბანკნოტები დიდ ბრიტანეთში არ არიან ოფიციალური საგადასახადო საშუალებები, მაგრამ მათ მაინც ხშირად იყენებენ.

პოლიტიკური სტატუსი

რედაქტირება

გვირგვინის მიწებიდან არც ერთი არ შედის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში — თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მართვადი ტერიტორიაა. გვირგვინის მიწები ასევე არ შედიან ევროპის კავშირში. ყველა სამი გვირგვინის მიწა ბრიტანეთ-ირლანდიური საბჭოს წევრია. 2005 წლიდან თითოეული ამ სამი გვირგვინის მიწის ხელისუფლების სათავეში დგას მთავარი მინისტრი. გვირგვინის მიწები არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ამ ტერიტორიებზე საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის მხოლოდ დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. დიდი ბრიტანეთის მონარქი თითოეულ ამ სამ გვირგვინის მიწაზე წარმოდგენილია ლეიტენანტ-გუბერნატორით (დღეისათვის ეს პირველ რიგში წარმოადგენს ცერემონიალურ თანამდებობას).

გვირგვინის მიწები, გაერთიანებული სამეფოს კუნძულებთან და ირლანდიის კუნძულთან ერთად, რომლის ნაწილი (ჩრდილოეთ ირლანდია) პოლიტიკურად შედის გაერთიანებული სამეფოში, გეოგრაფიული თვალსაზრისით შეადგენენ ბრიტანეთის კუნძულების არქიპელაგს. მოქალაქეობის შესახებ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თვალსაზრისით გვირგვინის მიწები განიხილება, როგორც გაერთიანებული სამეფოს ნაწილი. მაგრამ მათ აქვთ უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საცხოვრებლის უზრუნველყოფის და შრომითი მოწყობის საკითხები (ამ საკითხში დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლები აქ განიხილებიან უცხოელი მოქალაქეების თანასწორად).

გვირგვინის მიწებზე არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, მაგრამ კანდიდატების უმრავლესობა ბალოტირებულია, როგორც დამოუკიდებლები.

დასახელება ადმინისტრაციული დაყოფა პარლამენტის დასახელება ოფიციალური ენა დედაქალაქი რეგიონი მოსახლეობა,
ად. (2011)
ფართობი,
კმ²
1 ბეილივიკი გერნზი მრევლი გერნზის შტატები ინგლისური, ფრანგული სენტ-პიტერ-პორტი ლა-მანშის სრუტე 62 915[1] 78
2 ბეილივიკი ჯერზი მრევლი ჯერზის შტატები ინგლისური, ფრანგული სენტ-ჰელიერი ლა-მანშის სრუტე 97 857[2] 116
3 მენის კუნძული რაიონი ტინვალდი ინგლისური, მენური ენა დუგლასი ირლანდიის ზღვა 84 497[3] 572
სულ 245 269 766

გერნზის ბეილივიკი (ტერიტორია ბეილიფის იურისდიქციის ქვეშ) (ინგლ. The Bailiwick of Guernsey) მოიცავს გერნზის კუნძულებს: სარკი, ოლდერნი და ჰერმი. ადგილობრივ პარლამენტს ჰქვია გერნზის შტატები (ინგლ. States Guernsey ან States of Deliberation).

ზოგიერთ კუნძულს გააჩნია შედარებითი ავტონომია. სარკის კუნძული წარმოადგენს ფეოდალური სამფლობელოს ნარჩენს, რომელსაც მართავს მმართველი (ინგლ. Seigneur of Sark), აქვს პარლამენტი (მთავარი პალატა, ინგლ. Chief Pleas). ოლდერნის კუნძულზე ასევე არსებობს პარლამენტი (შტატები) და არჩევითი პრეზიდენტი.

ჯერზის ბეილივიკი შედგება ჯერზის კუნძულისგან და მის გარშემო არსებულ მომცრო დაუსახლებელი კუნძულებისგან.

ადგილობრივ პარლამენტს ჰქვია ჯერზის შტატები (ინგლ. States of Jersey). 2005 წლის შტატების შესახებ კანონის თანახმად ჯერზიში გაჩნდა მთავარი მინისტრის პოსტი, გაუქმდა ბეილიფის უფლებები გამოეცხადებინა განსაკუთრებული აზრი შტატების გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე გაუქმდა ლეიტენანტ-გუბერნატორის (ბრიტანეთის დედოფლის წარმომადგენელი) ვეტოს უფლება. ამას გარდა, ახალი კანონი ითვალისწინებს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის არც ერთი აქტი ან სამეფო ბრძანება, რომელიც ეხება ჯერზის, არ იქნება განხორციელებული შტატების განხილვის გარეშე.

მენის კუნძულის პარლამენტი — ტინვალდი (ინგლ. Tynwald) პრეტენზიას აცხადებს დღეს მოქმედი პარლამენტებიდან ყველაზე უძველესის სახელზე — პირველად ის მოწვეული იქნა 979 წელს (ისლანდიის ალთინგი გაჩნდა 930 წელს, მაგრამ არ მოწვეულა 1799—1844 წლებში). ტინვალდი შედგება საყოველთაოდ არჩევადი კომონერების პალატისგან (ინგლ. The House of Keys) და არაპირდაპირი არჩევნების გზით არჩეული საკანონმდებლო საბჭოსაგან (ინგლ. Legislative Council), რომლებსაც შეუძლიათ ჩაატარონ სხდომები ცალ-ცალკე ან ერთობლივად. გამოცემულ კანონებს ჰქვიათ ტინვალდის აქტები. კუნძულზე შექმნილია მინისტრთა საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება