გელათის წმინდა ნინოს ეკლესია
გელათის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ გელათში.
აღწერა
რედაქტირებაწმინდა ნინოს ეკლესია მდებარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთით დოხორას მთაზე, პირდაპირი ხაზით 225 მეტრში. დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. ეკლესია მონასტრის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილზე კლდოვანი ქედის კიდეზეა აგებული. გადაჰყურებს გელათის სამონასტრო კომპლექსსა და სოხასტერს. იგი მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ახალი აღდგენილი. სამხრეთიდან როგორც ჩანს მინაშენი ქონია, რომლის მხოლოდ კედლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მინაშენის კედლის სიმაღლე 0,6 მეტრი, ხოლო სიგანე 0,7 მეტრი. ეკლესია უხეშად ნათალი მოზრდილი ზომის ქვებითაა ნაგები. კარნიზები კარგად ნათალი ეკლარის ქვითაა გამოყვანილი. ეკლესიას მცირე ზომის ერთ საფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება. გადახურვა ორქანობაა, გადახურულია თუნუქის ფილებით. კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. შიდა სივრცე დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადში დატანებული თითო-თითო ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმლებით ნათდება. სარკმლების წირთხლები შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. ინტერიერში კედლები შელესილია და სანახევროდ შეთეთრებული. იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. საკურთხეველი და ამბიონი ერთი საფეხურით მაღლაა აწეული. საკურთხეველი განიერი მხრებით გამოეყოფა დანარჩენ სივრცეს. კანკელის კედელი ხითაა გამოყვანილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში სარკმლის ქვეშ ტრაპეზის ქვა დგას, ხოლო ორივე მხარეს ნიშებია დატანილი. ერთი თაღოვანი ხოლო მეორე სწორკუთხა. ეკლესიას გარშემო მშრალი წყობით ნაგები წრიული გალავანი შემოუყვება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42665