სოხასტერის მონასტერი
სოხასტერის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, გელათის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 200 მეტრის დაშორებით, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება XII საუკუნით, მოიცავს ასევე XVI საუკუნის სამშენებლო ფენებს.
სახელწოდება
რედაქტირებასოხასტერი ეწოდებოდა ბუნებრივ ან საგანგებოდ გაკეთებულ შენობას, სადაც ბერები განმარტოებულ, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდნენ.
ისტორია
რედაქტირებასოხასტერის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს:
„კვალად არს გელათის პირისპირ, აღმოსავლეთად, მონასტერი გუნბათიანი, დიდშენი, სოხასტერად ხმობილი. უზის წინამძღვარი.“
|
სხვა ისტორიულ წყაროებში მონასტრის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. მიიჩნევა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა ქსენონის აგების შესახებ გელათის სოხასტერს უნდა ეხებოდეს:
ძეგლის აღწერა
რედაქტირებასამონასტრო ანსამბლი მოიცავს მაცხოვრის ეკლესიას, სამსართულიან შენობას, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებსა და გალავანს. მაცხოვრის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკვდერებითა და დასავლეთის ნართექსითა და სტოა-გალერეით. ტაძარი XII საუკუნეშია აგებული, ნართექსი და გალერეა კი — XVI საუკუნეში. შენობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი გამოყოფილია აფსიდის მხრებითა და სატრიუმფო თაღით. აფსიდის მხრები კაპიტელებით სრულდება, რომელთა პროფილს თარო და წრეთარგი შეადგენს.
ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა, არ აქვს არავითარი მორთულობა. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიის მხატვრულ ეფექტს დიდი ზომის თლილი ქვების წყობა და კარიბჭის თაღები ქმნის. ეკლესიას აზიდული პროპორციები ჰქონია, თუმცა მინაშენებმა შენობის პროპორციები შეცვალა და ეს აზიდულობა აღარ აღიქმება. ნართექსს ორფერდა გადახურვა აქვს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენების გადახურვებს ერწყმის, კარიბჭეს კი ცალფერდა გადახურვა აქვს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9950
- გელათის სოხასტერი