გელათის მთავარანგელოზთა ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გელათის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს, მთავარანგელოზთა სახელზე აგებული მონასტრის ეზოში.

გელათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია დგას მონასტრის ეზოს ცენტრალურ ნაწილში. ის წარმოადგენს საშუალო ზომის დარბაზულ ეკლესიას. ნაგებია კარგად ნათალი, სუფთად დამუშავებული მოყვითალო ფერის ეკლარის ქვით. ნაგებობას მცირე სიმაღლის ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება.

ნაგებობის შიდა სივრცე ოთხივე საფასადე კედელზე დატანებული სარკმლის ღიობებით ნათდება, აქედან ორი მოზრდილი ზომის თაღოვანი სარკმელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ერთმანეთის გვერდითაა გაჭრილი, თითო-თითო სარკმელი კი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ფასადებშია დატანებული. ყველა მათგანი თაღოვანია. ამათგან გრძივ კედლებში დატანილი სარკმლები ერთი ზომისაა, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადზე შედარებით მცირე ზომის სარკმლებია. ხუთივე სარკმელს პროფილირებული არშია აქვთ შემოვლებული. ამათგან აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის თავზე მოზრდილი ზომის რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა დატანილი.

ეკლესიას ორი კარი აქვს, სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე. ორივე მათგანი ორმაგლილვზე დაყრდნობილი პროფილირებული თაღოვანი დეკორითაა გაფორმებული. დასავლეთის ცენტრალური კარის თავზე არსებულ არქიტრავის ქვაზე მცენარეული მოტივის რელიეფური დეკორია დატანილი, ხოლო მის ცენტრში მთავარანგელოზთა დასია ამოკვეთილი, ასომთავრული წარწერით. სამხრეთ ფასადზე არსებულ არქიტრავის ქვაზე კი ორი გედის ზურგებით შეტყუპებული გამოსახულებაა, რომელთაც ნისკარტით ყურძნის მტევნები უჭირავთ, ხოლო ზურგზე კი მედალიონში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულება ადევთ. ეკლესიის დასავლეთ ფასადის თავზე რკინის ჯვარია აღმართული.

ეკლესიას ორფერდა გადახურვა აქვს, გადახურულია თუნუქის ფილებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ადგილას ადრე შუა საუკუნეების ნაეკლესიარის ნანგრევი მდებარეობდა, რომლის ადგილზეც მთავარანგელოზთა ეკლესიაა აგებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 43668