გელათის ელია წინასწარმეტყველის ეკლესია
გელათის ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ გელათში.
აღწერა
რედაქტირებაგელათის მონასტრის დაარსების დროიდან ბერები ცხოვრობდნენ მის გარეთაც. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში გელათის მონასტრის სამხრეთით ქვაბებს მოიხსენიებს. კერძოდ: „გელათის სამხრით, აქავ მთაში არს ქვაბნი, გამოკუეთილნი კლდესა შინა, მრავალნი, განშორებულთათვის, და აწ ცარიელ არს“. ტყიან ფერდობზე მონასტრის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, XII-XIII საუკუნეებში აქ სამი პატარა დარბაზული ეკლესია აშენდა (წმინდა ნინო, წმინდა საბა და წმინდა ელია). სამივე ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებით, ალაგ-ალაგ დიდი ლოდების გამოყენებით. მათგან ელიას ეკლესია გელათის სამონასტრო კომპლექსიდან სამხრეთით 240 მეტრში ტყით დაფარულ ქედზე მდებარეობს. მცირე დარბაზულ ეკლესიას XVI საუკუნეში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები დაამატეს და ძირითადი სივრცე ჩრდილოეთ ნაწილს ფართო თაღით დაუკავშირეს. სუფთად თლილი კვადრების რეგულარული წყობა ჩრდილოეთი მინაშენის ფასადებზე XIX საუკუნის განახლების შედეგია. ამდროინდელია დასავლეთი კარის გაფორმებაც, შეწყვილებული ლილვით გამოყვანილი თაღით. ეკლესიას გარშემო გალავანი შემოუყვებოდა, მისი კედლები პირვანდელი სახით უკეთაა შემორჩენილი ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჩრდილო-აღმოსავლეთით შეიმჩნევა კლდეზე მიშენებული რამოდენიმე სათავსი ნაგებობის ნაშთები. თავდაპირველ დარბაზულ ეკლესიას მცირე სიმაღლის ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვებოდა, რომელიც დღეისათვის თითქმის მთლიანად მიწითაა დაფლული. ეკლესიაში შესასვლელია დასავლეთ და ჩრდილოეთ მინაშენებიდან არის შესაძლებელი. ეკლესიას სამი თაღოვანი სარკმელი აქვს დატანებული აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედელში. ისინი შიგნიდან განიერი და გარედან ვიწროა. მათი წირთხლები ინტერიერის მხრიდან საფასადე მხარეს ნელ-ნელა ვიწროვდება. დღეისათვის დასავლეთ კედელზე არსებული სარკმელი საფასადე მხრიდან აღარ ჩანს, დასავლეთის მინაშენის სახურავი ფარავს. ჩრდილოეთის მინაშენს აქვს ორი მცირე ზომის სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადი დატანებული. ასევე მცირე სარკმლიანი რკინის კარი არის შებმული როგორც ჩრდილოეთ ასევე დასავლეთ მინაშენებზე, საიდანაც გარკვეული სინათლე შედის დარბაზში. ეკლესიის იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. დასავლეთ კედელში სამხრეთ მონაკვეთში მინაშენის მხრიდან მოზრდილი ზომის ოთხკუთხა ნიშია დატანებული. ეკლესიის ცენტრალური დარბაზის სივრცე ერთი საფეხურით მაღლაა დასავლეთის მინაშენიდან. ასევე თავად ცენტრალური დარბაზიდან ერთი საფეხურით მაღლაა საკურთხეველი. კანკელის კედელი ხისაა. ეკლესიის ინტერიერი ისევე როგორც მინაშენებისა დაფარულია კედლის მხატვრობით. ეკლესიის მოხატულობა ეგრეწოდებული ხალხური ნაკადის დამახასიათებელი ნიმუშია და XVI საუკუნეში არის შესრულებული. დასავლეთ კედელზე მოთავსებული სავედრებელი წარწერა ცხადყოფს, რომ ტაძრის მხატვარი გიორგი ჯოხტაბერიძეა, რომლის მოხატული კიდევ ორი წარწერიანი ეკლესიაა შემორჩენილი იმერეთში - წითელხევსა და ილემში. მოხატულობის პროგრამა და საგანგებოდ დიდი ზომის, ფართოდ გაშლილ გამოსახულებათა განაწილება უაღრესად ლაკონური და მკაფიოა. საკურთხევლის კონქში უფლის დიდებაა გამოსახული, დარბაზში - ექვსი საუფლო სცენა (ხარება, შობა, მირქმა, ფერისცვალება, ამაღლება და, დასავლეთი კედლის მეორე რეგისტრში მოთავსებით გამორჩეულად აქცენტირებული, ჯვარცმა) და წმინდა მოწამეთა ფიგურები. ქვედა რეგისტრს, მთლიანად იატაკის დონეზე "მდგომ" ქტიტორთა ნატურალური ზომის პორტრეტები მოიცავს - გამოსახულთაგან შემორჩენილია ივანე დიდებულის, მისი მეუღლე გულდამის და ვაჟების, მერაბისა და ზვიადის ფიგურები თანმხლები ასომთავრული წარწერებით. მოხატულობაში პოსტბიზანტიური ხელოვნებისათვის ტიპიური მოტივები და მხატვრული ხერხები ეგრეწოდებული პროფესიული ნაკადისგან არსებითად განსხვავებული „უბრალო“ ხედვით არის გარდასახული, რაც „ხალხური“ მოხატულობების საერთო ნიშანია. გამოსახულებები ხაზგასმით სადა და სიბრტყოვანია, ფორმები - მოუხეშავი, ნახატი - სინატიფეს მოკლებული, ფერადოვანი ლაქები - ლოკალური, საერო პირთა ზოგად ტიპში კი თვალშისაცემი კონკრეტულობა გამოსჭვივის. თავდაპირველ ეკლესიას ორქანობა გადახურვა აქვს, გადახურულია თუნუქის ფილებით. ეკლესიის გარშემო ძველი საფლავის ქვებია. დასავლეთიდან ქვის კიბეებია გაჭრილი ეკლესიის ეზოში მოსახვედრად. ეზოს ჩრდილოეთით გალავანთან ახლოს ორ რკინის ბოძზე მოწყობილი ორქანობა გადახურვის მქონე კონსტრუქციაა, რომელზეც ორი მცირე ზარია ჩამოკიდებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 43662