იონა (გედევანიშვილი)

(გადამისამართდა გვერდიდან გედევანიშვილი, იონა)
ტერმინს „გედევანიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გედევანიშვილი.

იონა გედევანიშვილი (ერისკაცობაში — ივანე; დ. 1737 ― გ. 1821) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მოგზაური და მწერალი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

დაიბადა 1737 წელს. ბერად აღიკვეცა 16 წლის ასაკში. 1756 რუსეთში გაჰყვა თავის აღმზრდელს ანტონ I-ს. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანტონმა მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტად აკურთხა. 1775-1780 წლებში იყო რუისის მიტროპოლიტი იყო.

1780 წელს სამეფო კართან პირადი კონფლიქტის გამო, ერეკლე II-ის განჩინებით საეკლესიო კრებამ ეპარქია ჩამოართვა და იძულებით გააწესა დავითგარეჯის უდაბნოში. გედევანიშვილი იმერეთში გაიპარა. მაგრამ არ შეიწყნარეს და თბილისში დააბრუნეს. აქედან ის ახალციხეს გაიქცა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და შემოიარა აღმოსავლეთის ქვეყნები. აღმოსავლეთის ეკლესიათა პატრიარქებს მისთვის მღვდელმთავრის ხარისხი აღუდგინეს. გედევანიშვილმა იმოგზაურა ევროპაში, 1790-1793 წლებში ცხოვრობდა ისტორიული მოლდოვის რეგიონში, სადაც ორი წლის განმავლობაში წინამძღვრობდა პანგერაცის მონასტერს. აღნიშნულ პერიოდში იგი პოტიომკინის კარზე დიპლომატიური მისიით ჩასულ ქართველ მოღვაწეებს შეხვდა. გედევანიშვილი აქტიურად ჩაება რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში, იყო სასულიერო წიგნების გამომცემელი საზოგადოების წევრი. ეკატერინე II-მ რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დიდი პენსია დაუნიშნა. 1792-იდან ცხოვრობდა კიევში, 1795-დან მოსკოვში, სადაც 1821 წელს გარდაიცვალა.

თავისი მოგზაურობა (1805-1810) გედევანიშვილმა აღწერა თხზულებაში „მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. ნაწარმოებში აღწერილია კონსტანტინოპოლი, ათონის ივერთა მონასტერი, იერუსალიმი, ალექსანდრია, სინის მთა, ვენა, პოლონეთის, მოლდავეთისა და რუსეთის ქალაქები, ხალხთა ზნე-ჩვეულებები, ვაჭრობა-მრეწველობა და სხვა. მეცნიერული თვალთახედვისა და ერუდიციის წყალობით გედევანიშვილის ნაშრომს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგზაურული ჟანრის თხზულებათა შორის.

მოვლენები

რედაქტირება

2021 წლის 1 ივლისს რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მოლდოვისა და ბუკოვინის სამიტროპოლიტოს ხელშეწყობით, რუმინეთის ნეამცის ოლქის პანგერაცის მონასტერში XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი ქართველი მიტროპოლიტის, მწერლისა და მოგზაურის, იონა გედევანიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Иона (Гедеванов). Посещение Новороссийского края Ионою, митрополитом Руисским (в Грузии) : отрывок из полного его Путешествия по Востоку и России, с 1790 по 1799 год, изданного на грузинском языке, с нужными примечаниями, по приказанию его светлости наместника Кавказского, князя Михаила Семеновича Воронцова, Платоном Иосселианом / пер. Н. Берзенова. - Тифлис : Тип. канцелярии Наместника Кавк., 1852. - 26 с. - На авантит. : Из кн. графа А. Уварова ; Перепеч. из №№ 28 и 32 Закавк. вестника за 1852 г.