გასაბერი ანგელოზი

„გასაბერი ანგელოზი“ზაზა ბურჭულაძის პოსტმოდერნისტული რომანი მაგიური რეალიზმის ჟანრში. გამოქვეყნდა 2011 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ.[1] მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია „წლის საუკეთესო ქართული რომანი“.[2]

„გასაბერი ანგელოზი“

ავტორი ზაზა ბურჭულაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი მაგიური რეალიზმი, სოციალური ფანტასტიკა
გამოცემის თარიღი 2011
მედია 208
ISBN 9789941153204

რომანის შესახებ

რედაქტირება

გასაბერი ანგელოზი პირველად 2011 წელს გამოქვეყნდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ. რომანი ითარგმნა ფრანგულად 2013 წელს (L'ange gonflable, გამომცემლობა L'Age d'Homme, მთარგმნელი – თამარ ყუბანეიშვილი[3] ) და რუსულად 2014 წელს (Надувной ангел, გამომცემლობა Ad Marginem, მთარგმნელი – გურამ სანიკიძე).[4] დაიწერა ათამდე რეცენზია.[5]

პრეზენტაციაზე ავტორმა წიგნის შესახებ ისაუბრა. მკითხველთა თქმით, კი ეს იყო სკანდალური ავტორის პირველი არასკანდალური რომანი. მწერლის თქმით, ეს წიგნი სხვა მის ნაწარმოებთან შედარებით განსხვავებულია ლექსიკით და აქვს ერთი სიუჟეტური ხაზი. მისი აზრით, მან შეძლო შეექმნა სოციალური ფანტასტიკა, თუმცა კრიტიკოსები ამ რომანს მაგიური რეალიზმის ჟანრში მოიხსენიებენ. ავტორმა განაცხადა, რომ ამ რომანში უყურადღებოდ არ დატოვა ყველა ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომლებმაც მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს. მათ შორისაა: "ვეფხისტყაოსანი", გოეთეს "ფაუსტი", ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა" და ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობები.[6]

ის სიყალბეები, რაც ამ წიგნშია მოცემული და რაც შეიძლება ჰიპერბოლიზებულია და ანგელოზივით გაბერილია, ჩემს არც ერთ წიგნში არ მახსენდება. ასეთი იდეოლოგიური აფეთქება ჩემს არც ერთ წიგნში არ მქონია.

იმიტომ, რომ აქ რამდენიმე ჩვენში პოპულარული ნაწარმოებია სარკის ეფექტით მოცემული - რუსთაველის ”ბოროტსა სძლია კეთილმან”, ოღონდ აქ არის - ” ბოროტმან სძლია კეთილსა”, მეორე, გოეთეს ”ფაუსტიდან”, აქ პირიქით ამბობს ჩემი გმირი, გურჯიევი: ”მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც კარგი სურს და ავსა სჩადის” - ანუ პირიქით ამბობს ფაუსტის სიტყვებს და, რაც მთავარია, დოსტოევსკის ”ძმები კარამაზოვები“ - როდესაც იქ წმინდანი მამა ზოსიმე ყროლდება, აქ, პირიქით, აყროლებული წმინდანდება... და კიდევ ბევრი გადაძახილია მსოფლიო ლიტერატურასთან.

"მართლა იმდენი შეფასებაა, რამდენიც მკითხველი. ეს არის თავშესაქცევი რომანი" - თქვა მწერალმა დავით ქართველიშვილმა ”გასაბერ ანგელოზზე”.[7]

”გასაბერი ანგელოზი" აგრძელებს კარნავალური რომანის ტრადიციას, რაც, ვთქვათ, იყო “ვირის სახარებაში” და შემდეგ ზაზას სხვა რომანებშიც. უბრალოდ, აქ უფრო შემოდის სიუჟეტი, სიუჟეტური ხაზი უფრო მეტად არის განვითარებული. არის დეტექტივის ელემენტები, რაც სასპენსს აძლიერებს. ამავე დროს, თუკი რაიმე ალუზიაზე შეიძლება ლაპარაკი, აქ არის, ერთი მხრივ, პირდაპირი ალუზია ბულგაკოვის “ოსტატ და მარგარიტაზე”, იმდენად, რამდენადაც, აქაც, “გასაბერ ანგელოზშიც”, მიღმური სამყაროდან გამოიხმობენ გურჯიევის სულს. მეორე ნაწარმოებად შეიძლება დავასახელოთ ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”, სხეულის პოეტიკასთან დაკავშირებით.” – წერს რადიო თავისუფლება.[8]

შინაარსი

რედაქტირება
 
გიორგი გურჯიევი

მოქმედება მიმდინარეობს თბილისში, მთაწმინდაზე ახალგაზრდა გოროზიების ოჯახში. ნიკო და ნინო გადაწყვეტენ გიორგი გურჯიევის სული თეფშის დატრიალებით გამოიძახონ. სული მართლაც გაჩნდება სახლში და მათთან ერთად ცხოვრებას დაიწყებს. ცოლ–ქმარი ამ ამბავს ჩვეულებრივად უყურებს, მაგრამ მასთან ცხოვრება ბეზრდებათ. გურჯიევი ცოლ–ქმარს ფანტასტიკურ ამბებს და ისტორიებს უყვება. ერთ–ერთი თბილისის მეტროს უკავშირდება, რომლის აშენებას საფუძველი უცხოპლანეტელთა ხომალდის ჩამოვარდნამ და მიწის ჩანგრევამ ჩაუყარა 1950–იან წლებში. ერთხელაც ნინო კითხავს გურჯიევს, თუ შეუძლია მას ფული აშოვნინოს. გურჯიევი რამდენიმე იდეას შესთავაზებს. ერთი კი მილიონერის გატაცება იქნება. მსხვერპლად, მათი მეზობელი მანანას მდიდარ საყვარელს, ნუგზარ ჩიქობავას შეარჩევენ და მის დასაჭერად მზადებას შეუდგებიან.

მეორე დღეს, დილიდანვე ჩაუსაფრდებიან და თავიანთ სახლში შეათრევენ, სადაც გურჯიევი დააჰიპნოზებს და ერთი მილიონის მოტანას დაავალებს. ცოლ–ქმარს მეტის სურვილი ექნებათ, თუმცა საბოლოოდ დასჯერდებიან მილიონს. ნუგზარის მოსვლამდე, ისინი კუს ტბაზე ავლენ დროის გასაყვანად, ხოლო გურჯიევი ნიკოს და ნინოს ძაღლთან, ფუკოსთან ერთად ტყეში გასეირნებას გადაწყვეტს. გურჯიევი სასწაულებრივ და დაუჯერებელ არსებებს ნახავს, როდესაც ხორცის საყიდლად ყასაბთან მივა. იქ გამოეცხადება მოლაპარაკე ჩიტი, რომელიც თეთრ ცხენზე და მის მხედარზე მოუყვება. ნინო კი საშინელ სიზმრებს ნახულობს. მეორე დღეს ნუგზარ ჩიქობავა მილიონით და ჩაწითლებული თვალით გამოცხადდება მათთან. ნიკო მაშინვე გაიქცევა მაკლერებთან და ბინის ძებნას დაიწყებს.

ნინო სასტუმროში დაჯავშნის ნომერს, ძაღლს – ფუკოს გურჯიევს დაუტოვებს და საყიდლებზე წავა. გურჯიევი ნუგზარს თავისთან დაიტოვებს. ყოველდღე ზეთით უზელს ტანს, რომ არ დაჭკნეს, რადგან იგი უკვე ნახევრად მკვდარია და რობოტივით, ამოჩებულ ლოცვებს კითხულობს. ნიკო და ნინო ახალ სახლში გადავლენ, თუმცა გურჯიევს და ნუგზარს ძველ საცხოვრებელს ვერ ანდობენ. ამიტომ ნინო მოხუც მისტიკოსს შესთავაზებს, დაზომბებული ჩიქობავას კახეთის სოფელ საბუეში, უცნობ ეკლესიაში წაყვანას. გურჯიევი დათანხმდება და მალევე გაემგზავრებიან. გზაში მათ პოლიციელი ცინცაძე გააჩერებს, რომელიც იკითხავს თუ რა მიაქვთ კახეთში. გურჯიევი კი უპასუხებს, რომ მანქანაში შეფუთული ლოქო ყავთ. პოლიციელი დაეჭვდება, მაგრამ გურჯიევი დააჰიპნოზებს და გზას გააგრძელებენ.

საბუეში გურჯიევი მოხუც გლეხს, გოგიას გაიცნობს და არყის ბოთლს აჩუქებს, რომელშიც სასმელი არ თავდება. მასვე დაავალებს ნუგზარ ჩიქობავას ყარაულობას. ცოლ–ქმარი და გურჯიევი თბილისში დამშვიდებული დაბრუნდებიან. ნიკო და ნინო ახალ სახლში გადავლენ, ხოლო გურჯიევი ძველში დარჩება, სადაც ფეისბუქ გვერდს გახსნის და ათასამდე ფანატიკოსს დაიმეგობრებს თავისი იდეების გასაზიარებლად. ამასობაში ხმა გავარდება, საბუელი სასწაულმოქმედის შესახებ, რომელიც ყველანაირ დაავადებას კურნავს. მალე მასთან მთელი საქართველო დაიწყებს სიარულს. ნინო დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაორსულდება. ნიკო ერთ დღეს მიაკითხავს გურჯიევს, რომელიც ეტყვის რომ შიმშილის ნიადაგზე ფუკო შეჭამა. ნიკო ეტყვის, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა. გურჯიევიც დიდი სინანულით გაქრება. ნიკო კი მაცივარს გამოაღებს, სადაც მისი საყვარელი ძაღლის თავი აღმოჩნდება.

პერსონაჟები

რედაქტირება
  • გიორგი გურჯიევი – მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ნიკო და ნინო თეფში დატრიალებით გამოიძახებენ. ის რეალური პიროვნება იყო. პროფესიით – მისტიკოსი და ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. XX საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს პარიზში, ფონტენბლოს სასახლეში, დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი", რომლის საქართველოში შექმნის თაობაზეც ასევე მიიღო დასტური სტალინისაგან. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.
  • ნიკო – ერთ ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი. წარუმატებელი, მაგრამ ოდესღაც პერსპექტიული რეჟისორი, რომლის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, მთელი თბილისი აალაპარაკა. შემდეგ კი ვიდეოკამერა, ფოტოაპარატით ჩაანაცვლა და ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი.
  • ნინო – ნიკოს ცოლი. გათხოვებამდე თბილისის მერიაში მუშაობდა წვრილ მოხელედ, თუმცა შემდეგ თავისი ნებით დატოვა სამსახური. შემდეგ დიასახლისი გახდა და თავს მაია ასათიანის "პროფილით" და "ექიმი ჰაუსის" ყურებით ირთობდა.
  • ნუგზარ ჩიქობავა – ნიკოს და ნინოს მეზობლის, მანანას მდიდარი საყვარელი, რომელსაც გაიტაცებს გურჯიევი, დააჰიპნოზებს და მილიონის მოტანას "უბრძანებს". ნუგზარი ჰიპნოზის შედეგად ზომბად იქცევა და ლოცვას დაიწყებს შეუჩერებლივ. ამის გამო მას ერთ–ერთ ეკლესიაში მიიყვანენ, სადაც შემდგომ სასწაულმოქმედი გახდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება