გარდამავალი მართლმსაჯულება

გარდამავალი მართლმსაჯულება — იმ პროცესებისა და მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საზოგადებას, სადაც წარსულში არსებული ძალადობრივი რეჟიმის ან შეიარაღებული კონფლიქტების გამო, მასობრივად და სისტემურად ირღვეოდა საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების პრინციპები, ტრანსფორმირდეს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ, მიაღწიოს საზოგადოების კონსოლიდაციას და სამართლიანობის აღდგენას.

წარმოშობის წინაპირობები

რედაქტირება

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, დიდი ყურადღება ეთმობოდა საკითხს თუ როგორ შეძლებდნენ მომავალში განვითარებას ისეთი ქვეყნები, რომელთა უახლესი ისტორია მოიცავდა ომისა და ძალადობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დაღვევის ფაქტებს. გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების საკითხზე მსჯელობამ, დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ფართო გამოხმაურება ჰპოვა, ისეთ საკითხებთან მიმართებაში მსჯელობისას, როგორიც არის დემოკრატიული განვითარება და სახელმწიფოს მოწყობა.

გარდამავალმა მართლმსაჯულებამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური ტრანსფორმაციების პერიოდში. მოცემულ პერიოდში, ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გარდაქმნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამართლიანობის აღდგენა, საზოგადოების კონსოლიდაციისა და დემოკრატიული განვითარების მიზნით. უფლებადამცველი ორგანიზაციების თვალსაზრისით, სამართლიანობის აღსადგენად საჭირო იყო ისეთი მექანიზმის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ეფექტიანად გადაწყდებოდა, წარსულში მოქმედი, ძალადობრივი რეჟიმების დროს არსებული სისტემური ძალადობის პრობლემა და ამავე დროს არ შეფერხდებოდა მიმდინარე პოლიტიკური გარდაქმნები. ზემოაღნიშნული ამოცანის მიღწევის ყველაზე ეფექტიან მექანიზმად გარდამავალი მართლმსაჯულება იქნა მიჩნეული.

გარდამავალი მართლმსაჯულების კონცეფცია სათავეს იღებს, საერთაშორისო უფლებადამცველი მოძრაობისაგან. თავდაპირველად, გარდამავალი მართლმსაჯულების ტერმინის ქვეშ მოიაზრებოდა მხოლოდ პროცესი, როდესაც დიქტატორული ან რეპრესიული რეჟიმების შეცვლის შემდეგ, დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი საზოგადოება, ახორციელებდა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტების გამოძიებას და შესაძლო დამნაშავეების გასამართლებას. მოგვიანებით, აღნიშნული ცნებამ, ასევე მოიცვა, იმ დანაშაულების და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში.

დღეის მდგომარეობით, გარდამავალი მართლმსაჯულების ცნება დემოკრატიული განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მოიცავს ისეთი მექანიზმების გამოყენებას, როგორიცაა საერთაშორისო ტრიბუნალების და კომისიების შექმნა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და მოხელეების ლუსტრაციის მიზნით სახელმწიფო არქივების გახსნა, სათანადო პოლიტიკური და სოციალური ინიციატივების განხორციელება, რეჟიმის მსხვერპლი პირებისათვის კომპენსაციის გაცემა. გარდამავალი მართლმსაჯულების არსი: გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება, წარმოადგენს პასუხს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უხეში და სისტემური ხასიათის დარღვევებზე. გარდამავალი მართლმსაჯულების, ერთ ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს წარსულში მოქმედი ძალადობრივი სისტემის ან შეირაღებული კონფლიქტების დროს დაზარალებულ პირთა მსხვერპლად აღიარება, მშვიდობის დამყარება, დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში მხარეთა შერიგება და საბოლოო ჯამში დემოკრატიული განვითარებისკენ სვლა. გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება - არ წარმოადგენს მართლმსაჯულების განსაკუთრებულ ფორმას, არამედ არის მართლმსაჯულების სპეციფიკური ფორმა, რომელიც მორგებულია ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ, ტრანსფორმირებად საზოგადოებაზე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი სახის ტრანსფორმაცია მყისიერად ხდება, რიგ შემთხვევებში კი რამდენიმე ათწლეულს საჭიროებს.

გარდამავალი მართლმსაჯულება წარმოადგენს საუკეთესო მექანიზმს, რომელიც იძლევა საშუალებას კონფლიქტის გარეშე მოხდეს ძალადობრივი სისტემიდან, რომელიც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლა, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები სრულად არის დაცული. გარდამავალი მართლმსაჯულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს ისეთი სახის ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, რომელთა საფუძველზე დამყარდება კანონის უზენაესობა.

გარდამავალი მართლმსაჯულების პერიოდში, სამართლიანობის აღდგენის მიზნით შესაძლებელია შეიქმნას და მოქმედებდნენ ისეთი ინსტიტუტები როგორიც არის საერთაშორისო კომისიები და ტრიბუნალები. უმეტეს შემთხვევაში, გარდამავალი მართლმსაჯულების პერიოდში, განხორცილებული ქმედებები მიმართულია იქითკენ რომ კანონის უზენაესობის აღდგენის გზით, მოხდეს საზოგადოებრივი ინსტიტუტების რეფორმირება, განხორციელდეს სასამართლო სისტემის განახლება, მომავალში მისი გამართული ფუნქციონირებისათვის. ამასთან, გარდამავალი მართლმსაჯულება ზემოაღნიშნულის პარალელურად ზრუნავს, რომ ძალადობრივი რეჟიმის ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირები მიეცენ შესაბამის პასუხისგებაში. გარდამავალი ტიპის მართლმსაჯულება ძირითადად ფოკუსირებას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფი საზოგადოება, რომელიც ავტორიტარული მმართველობის რეჟიმიდან გადადის დემოკრატიულ მმართველობაზე, ან შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ მშვიდობიან პერიოდში გადასვლის მომენტში, წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების მასობრივი, სისტემური და უხეში დაღვევის ფაქტებზე.

გარდამავალი მართლმსაჯულება, პირველ რიგში დაინტერესებულია ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების ისეთი სერიოზულ დარღვევებზე რეაგირების განხორციელებით, როგორიცაა წამება, პირისათვის სასჯელის განსაზღვრა სათანადო გამოძიების და სასამართლოს გარეშე, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის გენოციდი, ისეთი სახის დანაშაულებზე რეაგირებით, რომლებიც ჩადენილია შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდში, იქნება ეს ნაციონალურ ნიადაგზე წარმოშობილი თუ საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტები.

საფუძვლები

რედაქტირება

გარდამავალ მართლმსაჯულებას საფუძველი ჩაუყარა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებულმა რამდენიმე პრინციპმა, რომელთა თანახმადაც, თითოეულ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, სრულყოფილად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომელთა მხრიდანაც შესაძლოა ადგილი ჰქონდა ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეშ, სისტემურ და მასობრივი ხასიათის დარღვევას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის სექსუალური ძალადობის ფაქტებს.

გარდამავალ მართლმსაჯულების საფუძველს წარმოადგენს ასევე, საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმადაც თითოეულ ადამიანს უფლება აქვს გაიგოს ჭეშმარიტება წარსული ბოროტმოქმედებისა და გაუჩინარებული პირების ბედის შესახებ.

გარდამავალი მართლმსაჯულება ასევე ეყრდნობა, საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებას, მიიღოს კომპენსაცია, წარსულში მის მიმართ განხორციელებული იმ ქმედებებისათვის, რომელბმაც უხეშად დაარღვია მისი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები. გარდა ამისა, გარდამავალი მართლმსაჯულება ეყრდნობა ისეთ საერთაშორისო პრევენციულ პრინციპს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მარტო გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, არამედ მიიღოს პრევენციული ზომები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მომავალში თავიდან აიცილოს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის შემთხვევები.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პრინციპები შეტანილი იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისეთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის 1997 წლის, 2004 და 2005 წლების დაუსჯელობის შესახებ ანგარიშები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის 2004 წლის მოხსენება კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებში კანონის უზენაესობის და გარდამავალი მართლმსაჯულების შესახებ.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გარდამავალი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებისა და შემდგომი განხორციელების პროცესში, რამდენადაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დებულება სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებად მიიჩნევს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას, მსხვერპლთა უფლებების დაცვასა და პატივისცემას.

ძირითადი მახასიათებელი ნიშნები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების ძირითადი მიდგომები მომავალზეა ორიენტირებული და მისი მიზანია საზოგადოებრივი ინსტიტუტების რეფორმირება, საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და ა.შ, მის ძირითად მახასიათებელ ნიშნად, უპირველეს ყოვლისა, მაინც რჩება იმ ქმედებების გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება ცალკეული პირებისათვის, რომელთა ქმედებაშიც იკვეთება, წარსულში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დაღვევის ფაქტები. გარდამავალი ტიპის მართლმსაჯულება პრიორიტეტულად მიიჩნევს დაზარალებულთა ინტერესებს.

თუმცა, გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულებისათვის ასევე დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ საზოგადობას, რომელიც ტრანსფორმაციის პერიოდში იმყოფება და განვითარებას აგრძელებს გარდამავალი მართლმსაჯულების პირობებში, გათვიცნობიერებული აქვს სამართლიანობის აღდგენის სურვილის დაბალანსებულობის მნიშვნელობა. სამართლიანობის აღდგენის სურვილმა, არ უნდა დააზიანოს ის მიზნები, რომლისკენაც მიისწრაფვის გარდამავალი მართლმსაჯულების პირობებში არსებული საზოგადოება, კერძოდ ისეთი უზენაესი მიზნები როგორიც არის საზოგადოების კონსოლიდაცია, დემოკრატიული განვითარებისაკენ სწრაფვა და კანონის უზენაესობის პრინციპი.

გარდამავალი მართლმსაჯულების მახასიათებელი ნიშანია, ისიც რომ გარდამავალი მართლმსაჯულებისთვის დამახასიათებელი ცალკეული მექნიზმები არ არსებობენ დამოუკიდებლად, ისინი ძირითად შემთხვევაში ავსებენ ერთმანეთს და ეფექტურნი არიან შეთანხმებულად მოქმედების შემთხვევაში.

გარდამავალი მართლმსაჯულება წარმოადგენს, იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეშ, სისტემური ან მასობრივი ხასიათის დარღვევების აღმოფხვრასთან და რომლის უპირველესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა აღნიშნული პირებისათვის.

გარდამავალი მართლმსაჯულების მიზანია, განხორციელდეს იმ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია, საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტების მოგვარება, შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომ არსებული მდგომარეობის დარეგულირება, რომელიც წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დარღვევის საფუძველს.

გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება, წარსულში განხორციელებული საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების მასობრივი ან სისტემური დარღვევის ფაქტების შესწავლისას, ორ ძირითად მიზანს ისახავს, პირველი უზრუნველყოს, გარკვეული დონით, მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა და მეორე, გააძლიეროს შესაძლებლობა მშვიდობის, დემოკრატიის და შერიგების მიღწევის მიზნით.

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, გარდამავალი მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში თავის თავში აერთიანებს სისხლის სამართლის, აღდგენითი და სოციალური მართლმსაჯულების ელემენტებს.

გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება, წარმოადგენს მართლმსაჯულების ტიპს, რომელიც ადაპტირებულია იმ მოცემულობასთან, რომელიც არსებობს ტრანსფორმირებად საზოგადოებაში, სადაც წარსულში ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაღვევის ფაქტებს. გარდამავალი მართლმსაჯულების უმთავრესი მიზნებია:

  • სამართლებრივ დევნის წარმოება, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, იმ პირთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც წარსულში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეშ, სისტემურ ან მასობრივი ხასიათის დარღვევებს.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სიმართლის დამდგენი კომისიების და ტრიბუნალების მეშვეობით, წარსულში კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დარღვევით ჩადენილი, დანაშაულების სრული მოცულობით გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა.
  • წარსულში მოქმედი რეჟიმის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დაზარალებული პირებისათვის კომპენსაციის, რესტიტუციის, რეაბილიტაციისა და სიმბოლური ანაზღაურების უფლების უზრუნველყოფა.
  • ინსტიტუციონალური რეფორმების გატარება. ასევე, იმ თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა, რომელთა ქმედებაშიც შესაძლოა იკვეთებოდეს კორუფციის, ძალადობის და სხვა დანაშაულის ნიშნები.
  • საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირების არსებობის შემთხვევასა და წარსულში ნაციონალურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შერიგების ხელშეწყობა, დაზარალებულებთან მუშაობა მართლმსაჯულების ჩვეულ მექანიზმებზე, ნორმალური სოციალური მდგომარეობის აღდგენის მიზნით.
  • შესაბამისი მემორიალებისა და მუზეუმების მშენებლობა, წარსულის მეხსიერების შენარჩუნების მიზნით.
  • გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის, მსხვერპლი ქალებისათვის სამართლიანობის აღდგენის უზრუნველყოფა.

ჰოლისტიკური მიდგომა

რედაქტირება

გარდამავალი მართლმსაჯულების ისეთი უმთავრესი მიზნების მიღწევა, როგორიცაა ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ საზოგადოებაში, წარსულში საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში, მასობრივი ან სისტემური დარღვევის ფაქტების გამოძიება, აღნიშნულ დანაშაულის მსხვერპლი პირებისათვის სამართლიანობის გარკვეული დონის უზრუნველყოფა, მშვიდობის, დემოკრატიის და შერიგების ხელშეწყობა, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ცალკეული მექანიზმის გამოყენებით შესაძლებელი არ არის.

შესაბამისად, იმისათვის რომ გარდამავალმა მართლმსაჯულებამ ეფექტიანად მიაღწიოს დასახულ მიზნებს, საჭიროა იყოს ჰოლისტიკური და აერთიანებდეს რამდენიმე ინიციატივასა და მექანიზმს, რომლებიც ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთს.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გარდამავალი მართლმსაჯულება, ერთმანეთის პარალელურად, იყენებს შემდეგ მექანიზმებს:

სისხლის სამართლებრივი დევნა

რედაქტირება

სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება იმ პირების მიმართ, რომელთა ქმედებაში, წარსული მოქმედი რეჟიმის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, იკვეთება საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაღვევის უხეში, მასობრივი და სისტემური ფაქტები.

სიმართლის დამდგენი კომისია

რედაქტირება

სიმართლის დამდგენი კომისია - გარდამავალი მართლმსაჯულების მოქმედების პერიოდში, სახელმწიფოსგან გამოვლენილი ნებისა და მისგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იქმნება და მოქმედებენ სპეციალური ადგილობრივი ან საერთაშორისო კომისიები, რომელთა მიზანია წარსულში განხორციელებული ძალადობრივი და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოძიება. აღნიშნული კომისიები, გარდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისა ასევე, გასცემენ მომავალზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს, მსგავსი ტიპის ძალადობრივი და დანაშაულებრივი ქმედებების მომავალში განმეორების თავიდან აცილების მიზნით.

რეპარაციის პროგრამები

რედაქტირება

რეპარაციის პროგრამები - წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, წარსულში მომხდარი ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული პირებისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

სისტემის რეფორმა

რედაქტირება

სისტემის რეფორმა - გარდამავალი მართლმსაჯულების მოქმედების პერიოდისათვის, დამახასიათებელია ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარება, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანოების გარდაქმნის მიზნით, როგორიცაა პოლიცია, თავდაცვის სისტემა, სასამართლო და ა.შ. აღნიშნული ტიპის რეფორმები მიზნად ისახავს, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც წარსულში რეპრესიის განმახორციელებელ და კორუფციის ნიშნების მატარებელ დაწესებულებებს წარმოადგენდნენ, ჩამოყალიბდნენ საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელ სახელმწიფო ინსტიტუტებად.

წარსულის მეხსიერების შენარჩუნება

რედაქტირება

წარსულის მეხსიერების შენარჩუნება - შესაბამისი, მუზეუმების და მემორიალების შექმნის გზით, მსხვერპლთათვის პატივის მიგება, საზოგადოებრივი მეხსიერების შენარჩუნების მიზნით, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული, წარსულში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების რეციდივი.

არსებული რეალობა

რედაქტირება

დღეის მდგომარეობით არსებული პრაქტიკული გამოცდილება აჩვენებს, იმისათვის რომ გარდამავალი მართლმსაჯულების მოქმედება იყოს ეფექტიანი, მომავალში თავიდან იქნეს აცილებული წარსულში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების რეციდივი, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს როგორც ნაციონალური, ასევე საერთაშორისო გამოცდილება. გარდამავალი მართლმსაჯულების ეფექტიანი მოქმედებისათვის უმნიშვნელოვანესია, მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოების ის ჯგუფები/პირები, რომლებიც ძალადობრივი რეჟიმის ან შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლს წარმოადგენდნენ. გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი სახის ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე, გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმების წარმატებით განხორციელების შანსი მკვეთრად მცირდება.

გარდამავალი მართლმსაჯულების მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აღსანიშნავია გარდამავალი მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრი (International Center for Transitional Justice - ICTJ), რომელიც 2001 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცალკეულ სახელმწიფოებს, სადაც რეპრესიების ან კონფლიქტების შედეგად, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მასობრივი და სისტემური ხასიათის დარღვევებს, ეფექტიანად განახორციელონ გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები და აღადგინონ სამართლიანობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The rule of law and transitional justice in conflict and post-conflict societies (S/2004/616), para. 8.
  • Martina Fischer, Transitional Justice and Reconciliation: Theory and Practice, Handbook Article, 2011. p.406.
  • "What is Transitional Justice?". International Center for Transitional Justice.
  • Eric Sottas, Transitional justice and sanctions, International Review of the Red cross, Volume 90, Number 870, June 2008, p 371.
  • Mark Freeman, «What is transitional justice?», International Center for Transitional Justice, 2003.
  • Transitional Justice and economic, social and cultural rights, United Nations Human rights, New York and Geneva, United Nations Publication, 2014, p.5.
  • Eric Sottas, Transitional justice and sanctions, International Review of the Red cross, Volume 90, Number 870, June 2008, p.377.
  • International Center for Transitional Justice, Annual Report, 2004 /2005.
  • Transitional Justice and Dealing with the Past, Berghof Glossary on Conflict Transformation, 20 notions for theory and practice, Berlin: Berghof Foundation, 2012. p.113.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება