იუპიტერის ჯგუფის პლანეტები

(გადამისამართდა გვერდიდან გაზური გიგანტები)

იუპიტერის ჯგუფის პლანეტებად (იგივე გაზის გიგანტები) იწოდებიან მზის სისტემის ის პლანეტები, რომლებიც ასტეროიდთა სარტყელს მიღმაა განლაგებული. ესენია: — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. მზის სისტემის ეს მონაკვეთი, სადაც გაზის გიგანტების განლაგებული, ხშირად გარე მზის სისტემადაც იწოდება.

იუპიტერის ჯგუფის პლანეტები: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. მკაფიოდ შეინიშნება განსხვავება მათ შეფერილობაში, რაც განპირობებულია ამ პლანეტების სხვადასხვაგვარი შემადგენლობით

პლანეტების ამ ჯგუფს სახელწოდება უდიდესი წარმომადგენლისგან, იუპიტერისგან ეწოდა, თუმცა, იუპიტერი არ არის ყველაზე დიდი გაზის გიგანტი. მეცნიერების მიერ აღმოჩენილია არაერთი ეგზოპლანეტა მზის სისტემის მიღმა, რომლებიც ზომით მნიშვნელოვნად აღემატება იუპიტერს. დღესდღეობით აღმოჩენილ გაზის გიგანტებს შორის უდიდესად მიიჩნევა WASP-17b რომელიც ორჯერ აღემატება იუპიტერს მოცულობით. 2006 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა TrES-4b რომელიც იუპიტერზე 70 % დიდია. უნდა აღინიშნოს, რომ იუპიტერი ამ ორივე პლანეტაზე მასიურია.

ძირითადი მახასიათებლები

რედაქტირება
 
იუპიტერი, სხვა გაზის გიგანტების მსგავსად უნდა შედგებოდეს სამი ძირითადი შრისგან, ატმოსფერო, წყაბადი თხევად მდგომარეობაში და წყალბადის მეტალი

გაზის გიგანტები, დედამიწის ჯგუფის პლანეტებისგან განსხვავებით მსუბუქი გაზებისგან შედგებიან (როგორც წესი ეს გაზებია წყალბადი და ჰელიუმი). თუმცა თვითონ გაზის გიგანტებს შორის გამოარჩევენ ორ ჯგუფს, ე.წ. ტრადიციულ გაზის პლანეტებს (იუპიტერი და სატურნი) და ყინულის გიგანტებს (ურანი და ნეპტუნი), რომელთა შემადგენლობაში წყალბადისა და ჰელიუმის გარდა შეინიშნება დიდი რაოდენობით წყალი, ამიაკი და მეთანი. განსხვავება შემადგენლობაში პლანეტების ფერზეც აისახება, თუ იუპიტერი და სატურნი მოყვითალო შეფერილობის პლანეტებია, ურანი და ნეპტუნი ფოსფოროვან-მოცისფრო და ლურჯი შეფერილობისა არიან.

 
იუპიტერისა და TrES-4b ზომები

გიგანტებად პლანეტები მათი ზომის გამო იწოდებიან. საქმე ისაა, რომ მცირე მასის პლანეტებს არ ყოფნით გრავიტაცია ისეთი მსუბუქი გაზების შესაკავებლად, როგორიცაა წყალბადი. მიიჩნევა, რომ ეს პლანეტები 3 ძირითადი შრისგან შედგებიან. ზედა შრე - ატმოსფეროა. აქ ქარები წამში 1000 კმ-მდე სისწრაფით დაქრიან. მკვლევარების მიერ შენიშნულია ისეთი ატმოსფერული მოვლენები, რომლებსაც „მუდმივ“ ატმოსფერულ მოვლენებს უწოდებენ - ასეთია დიდი წითელი ლაქა იუპიტერზე, რომელსაც მეცნიერები უკვე 300 წელზე მეტია აკვირდებიან და რომელიც ზომით სამჯერ აღემატება დედამიწას, დიდი ბნელი ლაქა ნეპტუნზე და სატურნის შედარებით მცირე ლაქები. იუპიტერზე გაგზავნილი დასაშვები აპარატის გალილეოს მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი მონაცემებით - 130 კილომეტრის სიღრმეზე იუპიტერის ატმოსფეროში ტემპერატურა ცელსიუსით 145 გრადუსს, ხოლო ატმოსფერული წნევა 24 ატმოსფეროს აღწევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შედარებით ქვედა შრეებში, ასე 800-1000 კმ. სიღრმეზე იმდენად მაღალი ტემპერატურაა, რომ წყალბადი თხევად ფორმას იღებს. უფრო დაბლა, პლანეტის ცენტრში, შეიძლება წყალბადის ატომები იმდენად კარგავდნენ მდგრადობას, რომ გაზი თხევადი მეტალის ფორმას იღებს (იგულისხმება რომ ამგვარ პირობებში პროტონები და ელექტრონები დამოუკიდებლად არსებობენ). ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ იუპიტერის ბირთვში არსებული ტემპერატურა და წნევა საკმარისად მაღალია საიმისოდ რომ აქ თერმობირთვული სინთეზი მიმდინარეობდეს. ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ იუპიტერის ჯგუფის პლანეტები გაცილებით მეტ სითბოს გამოიმუშავებენ თვითონ, ვიდრე მზისგან იღებენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Episode "Giants" on The Science Channel TV show Planets
  • SPACE.com: Q&A: The IAU's Proposed Planet Definition 16 August 2006 2:00 am ET
  • BBC News: Q&A New planets proposal Wednesday, 16 August 2006, 13:36 GMT 14:36 UK

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: