გაგელებიXII-XIII საუკუნეების საქართველოს დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო, მხარგრძელთა განშტოება. გვარის ფუძემდებელი იყო ზაქარია გაგელი, ვარამ მხარგრძელის ძე, რომელმაც თამარ მეფისაგან მიიღო სამამულოდ (სამემკვიდრეოდ) გაგის ციხე და იწოდა გაგელად.

გაგელები ფლობდნენ გაგს და მის მხარეს ციხეებითა და ქალაქებითურთ (შამქორი, ტავუში, კაწარეთი, ტერუნაკანი, ერგევანქი, ქარჰერძი, გარდმანი, ზეგამი, ნორბერდი, მაწნაბერდი და სხვა). ეს იყო ე. წ. „ქუემოთი სანაპირო“ მხარე, რომლის ფარგლები აღწევდა განძამდე და მისი მფლობელები, ამგვარად, მონაპირეები იყვნენ. გაგელები განსაკუთრებით დაწინაურდნენ და გაძლიერდნენ ზაქარია გაგელის ძის ვარამ (ვაჰრამ) გაგელის დროს, რომელმაც გაგის მამულთან ერთად დაიმკვიდრა მსახურთუხუცესობა და მიიღო აგრეთვე მამული შიდა ქართლში — თეძმის ხეობაში. XIII საუკუნის 50-იანი წლებიდან გაგელთა სახლი დამცრობილა: მეფეს მსახურთუხუცესობა გრიგოლ სურამელისთვის გადაუცია. როგორც ჩანს, გაგელებს დაუკარგავთ გაგი და მასთან ერთად - გაგელობაც. XIII საუკუნის 40-იანი წლების მოღვაწე ვარამის ძე აღბუღა უკვე გაგელად აღარ იხსენიება და გაგელების ხსენება ამ დროიდან ქრება წყაროებში. აღბუღა იძულებული გამხდარა ხელი მიეყო მამულების დაყიდვისათვის, სახელდობრ, ორთაღებისათვის (საკრედიტო-სავაჭრო კორპორაცია) მიუყიდია მისი მამისათვის მეფის მიერ ნაწყალობევი სოფელი ხოვლე.

ლიტერატურა

რედაქტირება