გაბრიელ რატიშვილი
გაბრიელ ბეჟანის ძე რატიშვილი (დ. 3 ივლისი, 1770 — გ. დაახლ. 1825) — ქართველი მწერალი.
დაიბადა ლამისყანელი თავადის ოჯახში. მამამისისთვის მამულები დავით ბატონიშვილს ჩამოურთმევია და იოანე ბატონიშვილისთვის გადაუცია. ამის შემდეგ რატიშვილების ბედი იოანე ბატონიშვილს დაუკავშირდა. გაბრიელ რატიშვილმა თავი გამოიჩინა ნიახურის ბრძოლაში ომარ-ხან ავარიელის წინააღმდეგ 1800 წელს. 1801 წელს პეტერბურგში გაჰყვა იოანე ბატონიშვილს, როგორც მისი ადიუტანტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დღიურების სახით დაწერილ ლექსნარევ პროზაულ თხზულებაში „მცირედი რაიმე მოთხრობა როსიისა“ აღწერა რუსეთში მოგზაურობა. ავტორი დაწვრილებით გადმოსცემს ბატონიშვილების საქართველოდან გადასახლებას, იმდროინდელი რუსეთის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას, ალექსანდრე I-ის კორონაციას, ეხება მოსკოვისა და პეტერბურგის არქიტექტურულ ძეგლებს, თეატრებს, მოხსენიებული ჰყავს ქართული წარმოშობის მსახიობი სილა სანდუნოვი და ა. შ. მოსკოვში შეხვედრია ბიძამისს, რუსეთში გადასახლებული რატიშვილების წარმომადგენელს, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლოზ რატიევს. რატიშვილი ავტორია აგრეთვე ლირიკული ლექსებისა. რუსეთის მთავრობისგან მინიჭებული ჰქონდა კოლეგიის ასესორის ჩინი (1802).
თხზულება
რედაქტირება- „მცირედი რაიმე მოთხრობა როსიისა“, კრებული: „ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ“, შემდგენელი ვ. შადური, თბ., 1962, გვ. 156-301.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაბრიელ რატიშვილის "მცირედი რაიმე მოთხრობა როსიისა" : [იოანე ბატონიშვილის მხლებლის გაბრიელ ბეჟანის-ძე რატიშვილის ნაწარმოები] / ტრ. რუხაძე // ლიტერატურული ძიებანი / ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი. - თბილისი, 1944. - ტ.2. - გვ.287-305.
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 308.
- "სევდით პყრობილი" მწერალი გაბრიელ რატიშვილი : [XVIII-XIX სს. მოღვაწე პოეტი, პროზაიკოსი და მოგზაურ-მემუარისტი] / დარეჯან მენაბდე // მწიგნობარი. - თბილისი, 1996. - N95-96. - გვ.106-122
- გაბრიელ რატიშვილი : [მწერლისა და მოგზაურის (1770-1825 წწ.) მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები] // ომეგა. - თბილისი, 2001. - N6. - გვ.69.
- გაბრიელ რატიშვილი - საქართველოს ტრაგედიის მემატიანე / დარეჯან მენაბდე // ლიტერატურული ძიებანი. - , 2005. - NXXVI. - გვ.200-207.