სილა სანდუნოვი (დ. 8 აპრილი, 1756 — გ. 8 აპრილი [ძვ. სტ. 27 მარტი] , 1820) — რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და მსახიობი.

დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1756
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 1820 (64 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რუსეთში მოღვაწე მსახიობი სილა სანდუნოვი ზანდუკელების წარმომადგენელი იყო. რუსეთს შეხიზნულმა ვახტანგ VI-ის ამალის წევრმა, ნიკოლოზ ზანდუკელმა შვილებს კარგი განათლება მისცა. მისი უმცროსი ვაჟი, იურისტი და მწერალი ნიკოლოზ სანდუნოვი, მოგვიანებით მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. სილოვანი ბავშვობიდანვე ენამოსწრებულობით გამოირჩეოდა და თავისი ამ ბუნებრივი ნიჭის წყალობით მიიპყრო მოსკოვის თეატრალური საზოგადოების ყურადღება. მაშინ რუსული თეატრის მფლობელი, მოსკოვის საგუბერნიო პროკურორი თავადი ურუსოვი იყო, მაგრამ ფაქტობრივად თეატრს მისი ანტეპრენიორი, თეატრალური საქმის კარგი მცოდნე ინგლისელი მედოქსი ხელმძღვანელობდა. მან სილა სანდუნოვის ნიჭიერება პირველი შეხვედრისთანავე შენიშნა და მაშინვე ჩარიცხა თავის დასში მაღალი ანაზღაურებით. არისტროკრატიული აღზრდისა და დახვეწილი მანერების წყალობით სილა სანდუნოვი დედაქალაქის მაღალ საზოგადოებაში საკმაოდ იოლად მიიღეს, რაც XVIII საუკუნის ბოლოს იშვიათი გამონაკლისი იყო, რადგან მსახიობობა საკმაოდ დაბალი დონის პროფესიად მიიჩნეოდა.

სამსახიობო კარიერა 1776 წლიდან დაიწყო. თავიდანვე იოლად მიაღწია პოპულარობასა და აღიარებას. ძირითადად, კომიკურ როლებს თამაშობდა, თუმცა არანაკლებ ძლიერი იყო დრამატულ როლებშიც. როგორც ამბობდნენ, არაჩვეულებრივი გარდასახვის უნარით გამოირჩეოდა. მისი ბაგეებიდან გაცვეთილი ხუმრობებიც კი ისე გარდაიქმნებოდა, თითქოს იმ წუთას, სცენაზე ყოფილიყო დაბადებული. სილას ტრანსფორმაციისა და გარდასახვის დიდი უნარის შესახებ მისი ბიოგრაფი სიროტინინი წერს:

 
„სანდუნოვის ნიჭში იყო რაღაც უაღრესად წარმტაცი. თამაშის დროს იგი ისე იყო გატაცებული. რომ ვერ ხედავდა მაყურებელთა დარბაზს... მთლიანად იჭრებოდა როლის სიღრმეში და გარდაიქმნებოდა განსახიერებულ მოქმედ პირად.“

1783 წლიდან პეტერბურგის თეატრალური კომიტეტის თავმჯდომარემ ოლსუფიევმა მოსკოველებს, რომ იტყვიან წაართვა სცენის ქართველი ჯადოქარი და პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის დასში ჩარიცხა. ცნობილი თეატრალური მოღვაწე კონი წერდა:

 
„სანდუნოვი, მართლა, არაჩვეულებრივი მსახიობია თავისი ინტელექტით, სცენური ნიჭითა და ხასიათის სიმტკიცით. ყოველივე ის რაც გვხიბლავს ბომარშეში, ახასიათებს სანდუნოვსაც: ისეთივე მგზნებარე სული, ისეთივე დაუშრეტელი ფანტაზია, გესლიანი დაცინვა და საღი გონება.“

პეტერბურგში ეწვია სანდუნოვს დიდი სიყვარული საოპერო მომღერალ ელისაბედ ურანოვასადმი. ლიზინკა, როგორც მას უწოდებდნენ, მიჯნურზე ბევრად უმცროსი იყო, სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ასაკს ასახელებს – თექვსმეტ, ოცდაერთ წელს. სილას ქალიც თანაგრძნობით პასუხობდა, მაგრამ მათ ქორწინებას აფერხებდნენ თეატრთან დაახლოებული საკმაოდ გავლენიანი თავადები ბეზბოროდკო და იუსუპოვი, რომელთაც თეატრი ჰარამხანად წარმოედგინათ, მსახიობი კი არარაობად.

ერთ–ერთი როლის შესრულებისას სილამ ლექსი წაიკითხა, სადაც მოკლედ აღწერა მისი და ლიზას მდგომარეობა და თეატრის ხელმძღვანელობის ინტრიგები მათი სიყვარულის წინააღმდეგ. ამ ლექსს მაყურებელმა ოვაციები მოაყოლა, ყველა მიხვდა, თუ რაში იყო საქმე. მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ელისაბედმა გააკეთა. 1791 წლის 11 თებერვალს, საოპერო სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ელისაბედი მუხლებზე დაეცა, მთელი დამსწრე საზოგადოების და რაც მთავარია, ეკატერინე II წინაშე და შეჰღაღადა: „დედოფალო, დამიხსენი!“ და გადასცა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც სთხოვდა, როგორმე აერიდებინა მისთვის ბეზბოროდკოს დევნა და ნება დაერთო, თავის რჩეულს, სილა სანდუნოვს გაჰყოლოდა ცოლად. არსებობს ვერსია, რომ ეს ამბავი ალექსანდრე პუშკინმა "კაპიტნის ქალიშვილის" ფინალში გამოიყენა, დედოფალმა მაშინვე მოეხსნა თეატრის მმართველობიდან ყველა ის მოხელე, ვინც ბეზბოროდკოს ხელს უწყობდა და გამოთქვა სურვილი, ახალგაზრდების ჯვრისწერაზე თავადვე ყოფილიყო ხელისმომკიდე. განსაკუთრებული მზრუნველობის აღსანიშნავად კი ნეფე-პატარძალს იშვიათი სილამაზის ბრილიანტის სამკაული აჩუქა, რომლის ფასი იმ დროისთვის ძალიან დიდი იყო. 14 თებერვალს სილამ და ელისაბედმა ჯვარი დაიწერეს.

ეკატერინე II ნებართვით 1794 წელს სანდუნოვი მეუღლითურთ მოსკოვში გადავიდა. მოსკოველებმა აღფრთოვანებით მიიღეს განთქმული მსახიობები. თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, ელისაბედი მღეროდა, სილა სცენაზე თამაშის გარდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, სარეჟისორო კუთხითაც მოსინჯა საკუთარი ძალები. მაგრამ პეტერბურგში ატეხილი სკანდალის ექო მოსკოვშიც არ ასვენებდა სანდუნოვების ოჯახს, მსახიობთა ჰონორარიც არ იყო საკმარისი. სწორედ მაშინ იყო, რომ სილა სანდუნოვმა ერთი შეხედვით, საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა – გადაწყვიტა აბანოების გახსნა. 1799 წელს იმპერატორ პავლე I ბრძანებით სილა სანდუნოვს ნება დაერთო, მოსკოვში „ბელი გოროდოკში" მიასნიცკის უბანში შეესყიდა მიწები. ცოლ–ქმარმა ნაჩუქარი ბრილიანტი გაყიდა, დანაზოგი ფულიც დაამატა და მდინარე ნეგლიანკის მიდამოებში თბილისის ორთაჭალის აბანოების მსგავსი აბანოები ააშენა, კეთილმოაწყო და მოსკოველებს უჩვეულო და მეტად სამო მომსახურება შესთავაზა. 1806 წელს დაიწყო მშენებლობა და 1808 წელს აბანომ პირველი სტუმარი მიიღო. სულ ცოტა ხანში, აბანომ პოპულარული გახდა. გალიაროვსკის თქმით ამ აბანოში დადიოდა „მთელი გრიბოედოვისა და პუშკინის მოსკოვი“ .

რუსებს ისე მოეწონათ მოსკოვის ეს სიახლე, რომ მას შემდეგ ორ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც სანდუნოვის აბანოებს ეძახიან. აბანომ მრავალი ტრადიცია დაამკვიდრა. აქ იმართებოდა შემოქმედთა და ამა ქვეყნის ძლიერთა საქმიანი შეხვედრები, ვაჭრის ქალიშვილები ქორწილის წინ სწორედ „სანდუნებში“ განიბანებოდნენ ხოლმე. აქ აღნიშნავნდნენ დღესასწაულებსაც. ათწლეულების განმავლობაში „სანდუნოვის აბანო“ ფეშენებელურ ნაგებობად იქცა სხვადასხვა ყოფითი დანიშნულების განყოფილებებით. მათ შორისაა გასართობი ცენტრი, სავაჭრო დახლები, თვით სანოტო მაღაზიაც კი. იგი დრესაც პრესტიჟული, ელიტარული და მეტად პოპულარულია.

1810 წელს სილა სანდუნოვმა მოულოდნელად დატოვა თეატრი. ამ დროისთვის მეუღლეც გაშორდა და საცხოვრებლად ისევ პეტერბურგს დაბრუნდა. ერთ დროს „რუსეთის ბომარშედ“ აღიარებულმა მსახიობმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები სრულ მარტოობაში გაატარა. 1820 წლის აპრილში თავის უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა ყველასგან მივიწყებულ რუსეთის დიდ კომიკოსს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება