ბურუ (წარსულში გამოითქმებოდა როგორც ბორო) — მოლუკის კუნძულების მესამე უდიდესი კუნძული. მდებარეობს სერამის ზღვასა და ბანდის ზღვას შორის, ამბონიდან და სერამიდან დასავლეთით. კუნძული შედის მალუკუს პროვინციის შემადგენლობაში. მოიცავს ბურუსა და სამხრეთ ბურუს სარეგენტოს. ადმინისტრაციული ცენტრებია: ნამლეა და ნამროლე, რომლებიც კუნძულის უდიდესი ქალაქებია. მათ ნამლეის აეროპორტი და ნამროლეს აეროპორტი ემსახურება.

ბურუს ტოპოგრაფიული რუკა

კუნძულის მოსახლეობის მესამედს აბორიგენები შეადგენენ. მათ შორის ბურუები ჭარბობენ. აბორიგენების სხვა ტომებს მიეკუთვნებიან: ლისელის, ამბელაუსა და კაიელის ტომის წარმომაგენლები. მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს იავიდან და მახლობელი მოლუკის კუნძულებიდან ჩამოსული იმიგრანტები წარმოადგენენ. კუნძულზე მცხოვრებთა ნაწილი ქრისტიანობის, ნაწილი კი სუნიზმის მიმდევარია. ინდონეზიურ ენასთან ერთად ადგილობრივი თემები ადგილობრივ ენებსა და დიალექტებზე საუბრობენ. კუნძულის დიდი ნაწილი ტროპიკული ფლორითა და ფაუნით მდიდარი ტყეებითაა დაფარული. კუნძულზე დაფიქსირებული 179 ჯიშის ფრინველიდან და 25 ჯიშის ძუძუმწვრიდან 14 მხოლოდ ბურუზე ან მახობელ კუნძულებზე გვხვდება, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ბაბირუსაა. კუნძულზე მრწველობა ნაკლებაა განვითარებული. მოსახლეობა ბრინჯის, სიმინდის, ტკბილი კარტოფილის, ლობიოს, ქოქოსის, კაკოს, ყავის, მიხაკისა და ჯავზის მოყვანითაა დაკავებული. სხვა წამყვანი აქტივობებია ცხოველების მოშენება და თევზჭერა.

კუნძული პირველად 1365 წელს იხსენიება. 1658-1942 წლებში იგი ჯერ ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიის, შემდეგ კი ნიდერლანდების შემადგენობაში შედიოდა. ნიდერლანდების ადმინისტრაციამ ბევრი ადგილობრივი სოფელი კუნძულის ახალ დედაქალაქში, კაიელი-ბეიში გადაიტანა, რათა ადგილობრივები ჯავზის პლანტაციებში ემუშვებინა. ადმინისტრაციამ ასევე წაახალისა იერარქია აბორიგენებს შორის და ლოიალური რაჯები ადგილობრივი კლანების მეთაურებზე მაღლა დააყენა. 1942-1945 წლებში კუნძული იაპონელებს ჰქონდათ დაპყრობილი. 1950 წელს ბურუ დამოუკიდებელ ინდონეზიის ნაწილი გახდა. 1960-1970-იან წლებში, სუჰარტოს ახალი წესრიგის დროს, ბურუზე მდებარე ციხე ათასობით პოლიტიკური პატიმრის საპყრობილედ გამოიყენებოდა. მწერალმა პრამუდია ანანტა ტურმა რომანების დიდი ნაწილი, მათ შორის ბურუს კვარტეტი კუნძულზე პატიმრობისას დაწერა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კაიელის ყურე ნამლეის მახლობლად, 1949 წლის ივლისი.

ბურუ წყნარ ოკეანეში ორ ზღვას შუა, სერამსა და ბანდის ზღვას შორის მდებარეობს. აღმოსავლეთით კუნძულ სერამიდან მანიპის სრუტითაა გამოყოფილი (ინდონ. Selat Manipa). კუნძულის ფართობი 9 505 კმ²-ია და სიდიდით მესამე კუნძულია მოლუკის კუნძულებს შორის ჰალმაჰერასა და სერამის შემდეგ.

ბურუს დასავლეთიდან აღმოსავლეთით წაგრძელებული ოვალის ფორმა აქვს. კუნძულის მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან-აღმოსავლეთით 130 კმ-ია, ხოლო ჩრდილოეთიდან-სამხრეთით ― 90 კმ. სანაპირო ხაზი გლუვია, ნაკლებადაა დანაწევრებული. მთავარი ყურე კაიელის ყურეა, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ყურესაც ოვალური ფორმა აქვს. კუნძულში 8-12 კმ-ითაა შეჭრილი. ყურის მაქსიმალური სიგანე 17 კმ-ია, რომელიც 9 კმ-მდე მცირდება შესართავთან. ყურის სანაპირო ხაზი 50 კმ-ია. ჩრდილოეთ ნაწილში კუნძულის უდიდესი ქალაქი ნამლეა მდებარეობს.[1][2]

კუნძულის უმაღლესი წერტილი კაპალატმადაა, რომელიც ზღვის დონიდან 2 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[3] ბურუს მახლობლად რამდენიმე პატარა კუნძული მდებარეობს. მათგან უდიდესი და მუდმივად დასახლებულია ამბალაუ, რომელიც ბურუდან 20 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი დიამეტრი 10 კმ-ის ტოლია. მუდმივად დასახლებულია კუნძული ტენგაჰიც. უდიდესი დაუსახლებელი კუნძულებია: ფოგი (ინდონ. Pulau Fogi), ოკი (ინდონ. Pulau Oki) და ტომაჰუ(ინდონ. Pulau Tomahu).[1][4]

 
კაიელის ყურე

ბურუს კლიმატი მოლუკის კუნძულების მსგავსად, ეკვატორული, მუსონური, წვიმიანი კლიმატია. წვიმების სეზონი ოქტომბრიდან აპრილამდეა. ყველაზე მეტი ნალექი დეკემბერ-თებერვალშია.[5] კუნძულის მცირე ზომის მიუხედავად, მთიანი რელიეფის წყალობით ბურუზე რამდენიმე კლიმატური ზონაა. გარდა იმისა, რომ სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა ეცემა, ტემპერატურული სხვაობა ამ ზონებს შორის უმნიშვნელოა. საშუალო წლიური ტემპერატურა 26 °C-ია.[5][6] საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავდება და ჩრდილოეთ ნაწილში 1 400-1 800 მმ-ს უდრის, ცენტრალურ ნაწილში 1 800-2 000 მმ-ს, სამხრეთ ნაწილში - 2 000-2 500 მმ-ს, ხოლო მთიან რეგიონებში (500 მეტრზე მაღლა) 3 000-4 000 მმ-ის ტოლია.[4][5]

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
 
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
  • Grimes, Barbara Dix (1994). Buru inside out. In: Visser, L.E., ed. Halmahera and beyond. Leiden: KITLV Press. pp. 59–78. ISBN 90-6718-072-6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Pemekaran BURSEL id. Official site of Buru Regency (29 November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2024.
  2. Pulau Buru 'Tempat Pembuangan' yang Indah id (26 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2009. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2024.
  3. "Mountains of the Indonesian Archipelago" Peaklist.org. Listed as "Gunung Kapalatmada". Retrieved 2012-09-24.
  4. 4.0 4.1 Hydro Potential at Buru Island დაარქივებული 23 July 2011 საიტზე Wayback Machine.
  5. 5.0 5.1 5.2 Karakteristik Wilayah id. Official site of Buru Regency (27 January 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2022. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2024.
  6. Iklim dan Topografi Wilayah id. University Gadjah Mada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 20 October 2010
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბურუ&oldid=4728134“-დან