ამბონიმოლუკის კუნძულების ერთ-ერთი კუნძული ინდონეზიაში. ამბონის ფართობია 743.37 კმ². კუნძული მთიანი, წყლით მდიდარი და ნაყოფიერია. კუნძული მოიცავს ორ ტერიტორიას: სამხრეთით ქალაქ ამბონსა და ჩრდილოეთით რამდენიმე რაიონს (ინდონ. kecamatan) ცენტრალური მოლუკის სარეგენტოში. მთავარი ქალაქი და საზღვაო პორტია ამბონი, რომელიც მალუკუს პროვინციის დედაქალაქიცაა. 2020 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქ ამბონის მოსახლეობა 347 288 ადამიანს,[1] ხოლო ცენტრალური მოლუკის სარეგენტოს რაიონების მოსახლეობა 128 069 ადამიანს შეადგენს.[2] ამბონს პატიმურის აეროპორტი ემსახურება. კუნძულზე მდებარეობს პატიმურის უნივერსიტეტი, ღია უნივერსიტეტი (Universitas Terbuka), სახელმწიფო უნივერსიტეტები და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი, მათ შორის: დარუსალამის უნივერსიტეტი და Universitas Kristen Indonesia Maluku.

ამბონი და მიმდებარე კუნძულები

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძული ამბონი მოლუკის კუნძულების ცენტრში

ამბონი კუნძულ სერამიდან სამხრეთ-დასავლეთით, ბანდის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ვულკანური კუნძულების ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ზღვის ირგვლივ რკალადაა განლაგებული. კუნძულის სიგრძე 51 კმ-ია. არარეგულარი ფორმა აქვს და ამბონის ყურით თითქმის ორ ნაწილად იყოფა. სამხრეთ-აღმოსავლეთი და მცირე ნაწილი (ლეიტიმურის ნახევარკუნძული) უფრო დიდ ჩრდილო ნაწილთან (ლეიჰიტუ ან ჰიტოე) მცირე ყელითაა დაკავშირებული.

კუნძულის უმაღლესი მთებია ვავანი (ზღვის დონიდან 1 100 მეტრი) და სალაჰუტუ (ზღვის დონიდან 1 225 მეტრი). ამბონზე მდებარეობს ცხელი წყაროები და ფუმაროლები. ჭარბობს გრანიტისა და სერპენტინიტის ქანები, თუმცა ამბონის ყურის სანაპიროები ცარციანია და სტალაქტიტიან მღვიმეებს მოიცავს.

კუნძულ ამბონის ველური ტერიტორიები ტროპიკული წვიმის ტყეებითაა დაფარული, რომელიც სერამის წვიმის ტყეების ეკორეგიონს მიეკუთვნება. სერამი, ამბონი და მოლუკის დიდი ნაწილი ვალასეის, ინდონეზიის კუნძულთა ჯგუფის ნაწილია, რომელიც აზიისა და ავსტრალიისგან ღრმა წყლითაა გამოყოფილი და კონტინენტებთან ხმელეთით დაკავშირებული არასდროს ყოფილა.

იზოლაციის გამო ამბონზე რამდენიმე ენდემური ძუძუმწოვარი გვხვდება. უფრო ჭარბობენ ფრინველები. კუნძული მდიდარია მწერებით, განსაკუთრებით, პეპლებით. მოპოვება დიდი რაოდენობით ზღვის ნიჟარა. კუს ნიჟარები ექსპორტზეც გადის. ამბონის სანაპიროები მარჯნის სამკუთხედის საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ ცენტრად მიიჩნევა.[3]

2010 წლის აღწერის მიხედვით, კუნძულის მოსახლეობა 441 000-ზე ნაკლები იყო,[4] თუმცა 2020 წლისთვის 475 000 ადამიანზე მეტია.[5] ამ მონაცემებში შედის მეჩხერად დასახლებული კუნძულებიც (ლაინი, ჰატალა და ელა) ამბონის ჩრდილო-დასავლეთით.

გეოლოგია

რედაქტირება

ამბონი ერთ-ერთია იმ მრავალ კუნძულს შორის, რომლებზეც წყნარი ოკეანის, ინდო-ავსტრალიური და ევრაზიული ფილების ტექტონიკა ახდენს გავლენას. ბანდის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში წყნარი ოკეანის ფილის დასავლეთით მოძრაობა დომინირებს, რაც ნასხლეტის დიდი ზონის ფორმირებაში გამოიხატა. ამბონის ყურის რეგიონში რამდენიმე საზღვაო ტერასაა გამოხატული, რაც ინდო-ავსტრალიური ფილის სუბდუქციის შედეგად ბანდის ზღვის აზევების თეორიას უჭერს მხარს. ეს ტერასები გვიანი პლეისტოცენიდან ჰოლოცენამდე თარიღდება და ვერტიკალურად 100 მეტრამდეა აზიდული.[6]

ამბონის საშუალო ტემპერატურა 27 °C-ია (81 °F). ტემპერატურა იშვიათად ეცემა 22 °C-ზე (72 °F) დაბლა. ნალექიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთის მუსონების შემდეგ. კუნძულზე ხშირია ტაიფუნები. წვიმების სეზონი ოქტომბრიდან აპრილამდეა და დასავლეთის მუსონების პერიოდს ემთხვევა.

დემოგრაფია

რედაქტირება

ამბონელები მალაიურ-პაპუასური წარმოშობის არიან. მოსახლეობის უმრავლესობას ქრისტიანები და მუსლიმები შეადგენენ. კუნძულზე მთავარი ენაა ამბონური მალაიური, რომელსაც ამბონურადა მოიხსენიებენ. ამბონური ენა ცენტრალური მოლუკუს სავაჭრო ენად განვითარდა და მოლუკის მასშტაბით მეორე ენის სახით გამოიყენება. ძველი კრეოული სავაჭრო ენა (პორტუგისი) უკვე მკვდარი ენაა. კუნძულზე ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რელიგიური დაძაბულობაა.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Conboy, Kenneth; Morrison, James (1999) Feet to the Fire CIA Covert Operations in Indonesia, 1957–1958. Annapolis: Naval Institute Press. ISBN 1-55750-193-9. 
  • Ricklefs, M.C. (1991). A History of Modern Indonesia Since c.1300, 2nd, London: Macmillan, გვ. 25, 28. ISBN 0-333-57689-6. 

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  2. Biro Pusat Statistik, Jakarta, 2015.
  3. Asaad, Irawan; Lundquist, Carolyn J.; Erdmann, Mark V.; Costello, Mark J. (June 2018). „Delineating priority areas for marine biodiversity conservation in the Coral Triangle“. Biological Conservation. 222 (2): 198–211.
  4. Kabupaten Maluku Tengah, Hasin Sensus Penduduk 2010 Agregat Data per Kecamatan. Ambon: Badan Pusat Statistik Kabupatan Maluku Tengah. 
  5. Birp Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  6. Patria, Adi; Tsutsumi, Hiroyuki; Natawidjaja, Danny Hilman (2021-09-15). „Active fault mapping in the onshore northern Banda Arc, Indonesia: Implications for active tectonics and seismic potential“. Journal of Asian Earth Sciences. 218: 104881. doi:10.1016/j.jseaes.2021.104881. ISSN 1367-9120.
  7. Mardai, Gadis. (30 January 1999) Ambon rioting leaves 100 dead in Indonesia. World Socialist Website. ციტირების თარიღი: 10 January 2007