ბურსიტი
ბურსიტი — სახსრის სინოვიური აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთება და ხსენებულ უბანში ექსუდატის დაგროვება ახასიათებს. სინოვიური აბგა წარმოადგენს სინოვიური სითხით სავსე ტომრისებრ ღრუს. ის სხეულის იმ ადგილას მდებარეობს, რომელზეც მოძრაობისას ყველაზე მეტი მექანიკური დატვირთვა მოდის. მაგალითად, მყესების ქვეშ. ბურსიტს, ჩვეულებრივ, თან სდევს მყესების ანთება.
მიზეზები
რედაქტირებაბურსიტი მეტად გავრცელებული დაავადებაა. ყველაზე ხშირად მას ტრავმა იწვევს, შედარებით იშვიათად — ინფექცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ინტოქსიკაცია, ალერგიული რეაქციები, აუტიუმუნური პროცესები. სინოვიური აბგის ღრუში დაგროვილი ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ჩირქოვანი ან ჰემორაგიული. სინოვიური აბგის გასქელებულ კედლებზე ზოგჯერ კალციუმი, ურატები და სხვა მარილები ილექება.
მიმდინარეობა და სიმპტომები
რედაქტირებაადამიანს 140-მდე სინოვიური აბგა აქვს. ბურსიტი შეიძლება ნებისმიერ მათგანში განვითარდეს ყველაზე ხშირად მაინც მხრის სახსარში გვხვდება, შედარებით იშვიათად - იდაყვის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის და ქუსლის ძვალს შორის მდებარე სინოვიური აბგის ანთება.
ბურსიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე ბურსიტი იწყება უეცარი მწვავე ტკივილით, რომელიც მოძრაობისას კიდევ უფრო მძაფრდება. მაგალითად, მხრის ბურსიტის დროს ავადმყოფს უჭირს თავთან ხელების მიტანა, თმის დავარცხნა. ანთებითი სახსრის ზედაპირზე შეიძლება მოიძებნოს ერთი ყველაზე მეტად მტკივნეული წერტილი. ტკივილი ხშირად გადაეცემა კისერში ან ხელი გასწვრივ. დამახასიათებელია ღამით ტკივილის გაძლიერება.
მწვავე ბურსიტის ნიშნებია:
- ტკივილი
- შეხებისას მტკივნეულობა
- მოძრაობის შეზღუდვა
- ანთებითი სინოვიური აბგის საპროექციო არეში კანის სიწითლე და სიმხურვალე.
ერთი ან რამდენიმე შეტევის შემდეგ მწვავე ბურსიტი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.
ქრონიკული ბურსიტის დროს ტკივილი შედარებით სუსტია, მაგრამ უფრო ხანგრძლივი. ზოგჯერ სახსრის ირგვლივ არსებული ქსოვილები თითქოს შეეზრდება ძვალს, რაც სახსარში მოძრაობის მკვეთრ შეზღუდვას იწვევს. ქრონიკული ბურსიტის დროს სინოვიური აბგის მიდამოებში ხშირად ჩნდება კალციუმის ნალექები.
ქრონიკული ბურსიტის ნიშნებია:
- სონოვიური აბგის კედლის გასქელება
- ღრუსშიგა შეხორცებები და კალიფიკაცია
- რეგიონული კუნთების ატროფია
დიაგნოსტიკა
რედაქტირებაბურსიტის დიაგნოზს კლინიკური ნიშნების საფუძველზე სვამენ. საჭიროებისას ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა.
მკურნალობა
რედაქტირებამწვავე ბურსიტის მკურნალობა კონსერვატიულია და, წესისამებრ, ამბულატორიულად ტარდება. პირველი 5-7 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მოსვენება, დაზიანებული არის იმობილიზაცია. ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგ შემთხვევაში სასახსრე აბგაში შეჰყავთ ჰორმონული პრეპარატები (მაგალითად, ჰიდროკორტიზონი) ანტიბიოტიკებთან ერთად. მწვავე ანთების ნიშნების გაქრობის შემდეგ ინიშნება სპირტის კომპრესი ღამით, ფონოფორეზი ჰიდროკორტიზონით, ულტრაიისფერი დასხივება, ულტრამაღალი სიხშირის სხივებით მკურნალობა. ჩირქოვანი ბურსიტის დროს ავადმყოფი ქირურგთან იგზავნება. ამ დროს ნაჩვენებია პუნქცია ან ოპერაცია — სინოვიური აბგის გახსნა და ჩირქის გამოღება.
ქრონიკულ ბურსიტს უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ. თუ კალციუმის ნადები მეტისმეტად დიდია, მოძრაობისას უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება, ამიტომ ნადების მოცილება აუცილებელია. კალციუმის მარილების მოცილება შესაძლებელია როგორც ასპირაციულად (ნემსით გამოწოვა), ისე ქირურგიულად. თუ ქსოვილის შეზრდამ სახსრის სრული უმოძრაობა გამოიწვია, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
პროფილაქტიკა
რედაქტირებაბურსიტის პროფილაქტიკა სინოვიური აბგის განმეორებითი ტრავმატიზაციის თავიდან აცილებას ითვალისწინებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.185-187
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bursitis treatment from NHS Direct
- Questions and Answers about Bursitis and Tendinitis – US National Institute of Arthritis and Musculoskeletal and Skin Diseases