ბუზმარი
ბუზმარი, ბუზმარიოსი, ბუზმიჰრი — პოლიტიკური მოღვაწე ქართლში V საუკუნის 10-20-იან წლებში. პეტრე იბერის ცხოვრების სირიული რედაქციის მიხედვით, ქართლის მეფე. ქართულ ისტორიის წყაროებში ამ სახელის მქონე მეფე არ იხსენიება. ივანე ჯავახიშვილს და სხვებს მისი მეფობა საეჭვოდ არ მიაჩნდათ. არსებობს მოსაზრება, რომ ბუზმარი ქართლის სპასპეტი იყო. მოღვაწეობდა ჯერ ბაკურ მეფის, შემდეგ კი არჩილ მეფის დროს. ირანისადმი ქართლის ვასალობის გამტკიცების მიზნით შაჰს მისთვის შვილი უთხოვია მძევლად. ამასვე მოითხოვდა მისგან ბიზანტიის იმპერატორი თეოდოსი II (400–450). ბუზმარს ერთმორწმუნე ბიზანტიური ორიენტაცია უმჯობინებია და თავისი ერთადერთი ძე მურვანოსი (შემდგომ პეტრე იბერის სახელით ცნობილი) 421–424 წლების შუა ხანებში კონსტანტინოპოლს გაუგზავნია.
ლიტერატურა რედაქტირება
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 555.