ბოცო ბოცოსძე — XIII საუკუნის I ნახევარში ქართველი მოღვაწე, სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა - ბოცოსძეთა პირველი თაობის წარმომადგენელი, ბოცო ჯაყელის ძე, ჩუხჩარხი თამარ მეფის დროს.

ლაშა გიორგის ლაშქრობაში განძაზე (დაახლოებით 1213-1214) ბოცოსძე სხვა მესხებთან ერთად მეთაურობდა წინამბრძოლთა გუნდს და თავი გამოიჩინა სიმამაცით. 1226 წელს, ჯალალედინის შემოსევის დროს, რუსუდან მეფემ ძმებს - ბოცოს და მემნას დაავალა თბილისის დაცვის ხელმძღვანელობა. ქალაქში მცხოვრებ სპარსელთა შინაღალატის შედეგად მტერი ქალაქში შეიჭრა. თბილისის დამცველები ბოცო ბოცოსძის მეთაურობით ისანში გამაგრდნენ. მხოლოდ რუსუდანის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეწყვიტა წინააღმდეგობა ბოცომ და ჯარი სიმაგრიდან გაიყვანა. ამის შემდეგ ბოცოსძე წყაროებში აღარ იხსენიება. ბოცოს ცოლად ჰყავდა ვანენი, ერისთავთ-ერისთავ ივანე აბუსერისძის ქალიშვილი და ტბელი აბუსერისძის და. მათი შვილი უნდა იყოს 1260-იან წლების ამბებთან დაკავშირებით ჟამთააღმწერელთან მოხსენიებული შალვა ბოცოსძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966