ბოტულიზმი
ბოტულიზმი (ლათ. botulus — ძეხვი) — მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომლის გამომწვევია სპორებიანი ბაცილა (ანაერობული მიკროორგანიზმი — Clostridium botulinum) და მისი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. კლოსტრიდია ბინადრობს ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში, გარემოში (ნიადაგში) წარმოქმნის სპორებს (გამძლე ფორმებს) და, ჩვეულებრივ, ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენელია.
დაავადების განვითარებისათვის საჭიროა, რომ ნიადაგთან ერთად საკვებზე მოხვედრილი სპორა გარდაიქმნას ვეგეტაციურ (ცხოველმყოფელ) ფორმად და პროდუქტში გამრავლებასთან ერთად წარმოქმნას ტოქსინი (შხამი), რომელიც დაგროვდება საკვებში. ამისათვის საჭიროა სათანადო ტემპერატურა, სიმჟავის გარკვეული დონე და რაც მთავარია ანაერობული (უჟანგბადო) პირობები. ასეთი პირობები შეიძლება შეიქმნას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში და სხვა. რადგანაც ტოქსინის დაგროვება დროს საჭიროებს, ახლად დამზადებული პროდუქტები ნაკლებად სახიფათოა.
სპორები ძალზე გამძლე არიან და საათობით დუღილს უძლებენ, მათი ინაქტივაციისათვის საჭიროა 120 C-ზე მაღალი ტემპერატურა. უკვე დაგროვებული ბოტულიზმის ტოქსინი პროდუქტში ინაქტივირდება 100 C-ზე 10-15 წუთი დუღილით.
ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ინტოქსიკაციით (მოშხამვით) და ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადება ვითარდება ტოქსინიანი პროდუქტის მოხმარებიდან 18-36 საათში, მაგრამ დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის რაოდენობაზე და მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. დამახასიათებელია მხედველობის გაორება, არტიკულაციისა და ყლაპვის დარღვევა, თვალის ქუთუთოს დამბლა. აღინიშნება აგრეთვე მუცლის ყრუ ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფის დაღუპვა რამდენიმე საათში. მკურნალობა აუცილებელია სტაციონარის პირობებში ანტიტოქსიკური შრატით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბოტულიზმი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ბოტულიზმი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 490.
- Бунин К. В., Диагностика инфекционных болезней, М., 1965;
- Лукашев И. И., Ботулизм, в кн.: Ветеринарная энциклопедия, т. 1, М., 1968.