1147 წელს ალთუნთაშს, ბოსრისა და სალხადის ამირას, შეურაცხყოფა თავისმა ნომინალურმა უფროსმა — დამასკოს მმართველმა მუინ ალ-დინ უნურმა. განაწყენებული ალთუნთაში ჯვაროსანთა მოკავშირე გახდა და დასთანხმდა მათთვის გადაეცა თავისი ორი ქალაქი. მეფე ბალდუინმა თავი მოუყარა არმიას, გადაკვეთა იორდანე და გაემართა ბოსრისკენ, რომელიც დამასკოდან 65 მილით სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო იორდანედან 50 მილით აღმოსავლეთით მდებარეობდა.
მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა მოძრაობა დაიწყეს, დამასკელთა დიდი არმია დაიძრა მათთან შესახვედრად. ბევრ ლათინ ჯარისკაცს მოუთმენლად უნდოდა ბრძოლა, მაგრამ მეთაურები სიფრთხილეს და დისციპლინის დაცვას ამჯობინებდნენ. მათ დამატებითი ძალები დააყენეს სადარაჯოდ, რათა არ მომხდარიყო მოულოდნელი შეტევა მუსლიმთა მხრიდან. ფრანკები დაბანაკდნენ ღამის გასათევად. მეორე დღეს, საბრძოლო საბჭოს გამართვის შემდეგ, ბალდუინმა და მისმა მოხელეებმა გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ ექსპედიცია ბოსრისკენ საბრძოლო მარშით. ლათინთა არმია მიდიოდა ჩვეულებრივი საბრძოლო წყობით, როდესაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თურქულმა ცხენოსანმა მშვილდოსნებმა. ჯვაროსანთა ქვეითები მოძრაობდნენ მჭიდრო მწყობრით, მშვილდოსნები მზად იყვნენ ესროლათ უკან მდგარი თურქი მშვილდოსნებისთვის, ხოლო შუბოსნები მზად იყვნენ მოეგერიებინათ პირდაპირი შეტევები. „ბრძანების მიხედვით, რათა შეენარჩუნებინათ მწყობრის სიმტკიცე, შეაბჯრულმა ჯარის ნაწილებმა დაიწყეს ქვეითების ტოლი სისწრაფით სიარული“.[1]
ოთხი დღის განმავლობაში ჯვაროსანთა არმია თავისი მიზნისკენ მიემართებოდა და ამ დროის განმავლობაში მუდმივი თავდასხმების ქვეშ იმყოფებოდა მშვილდოსანთა და სხვათა მხრიდან. გარდა ამისა, ჯარისკაცები იტანჯებოდნენ წყურვილისგან ზაფხულის ცხელ ამინდში. როდესაც მათ ბოსრას მიაღწიეს, მოახერხეს მიეღოთ წყალი და სხვა მომარაგება. ჯვაროსანთა იმედები გაცრუვდა, როდესაც ალთუნთაშის ცოლმა იპოვა ქმართან შედარებით მტკიცე ადამიანი და დამასკელთა არმია ბოსრის ციტადელში შეუშვა. ბალდუინს ქალაქის აღების იმედი არ ჰქონდა და გადაწყვიტა უკან დახევა.
უკან დახევისას ფრანკები უფრო მეტად იტანჯებოდნენ სიცხისა და მტვრისგან, ამას თან ერთვოდა თურქთა განუწყვეტელი შეტევები. ამასთანავე სარკინოზებმა ცეცხლი მოუკიდეს ბუჩქებს და ჯვაროსნებს ახლა უკვე მათი კვამლიც აწუხებდა. ქრისტიანებს საკუთარი გარდაცვლილი და დაჭრილი მეომრები თან მიჰყავდათ, რათა მათი მტრები არ გამხნევებულიყვნენ დანაკარგების დანახვაზე. „ვინც თავის მწკრივს დატოვებდა, მას ემუქრებოდნენ მკაცრი სასჯელით“.[2] მწკრივის დატოვება ნებართვის გარეშე აკრძალული იყო. თუმცა გამონაკლისის სახით, რაინდს შეეძლო დახმარებოდა ქრისტიანს, თუ მას მუსლიმი მოკვლას უპირებდა.