ბორჯღალა

(გადამისამართდა გვერდიდან ბორჯღალო)

ბორჯღალასვასტიკის მრგვალმკლავა ვარიანტი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. გვხვდება უძველესი კულტურის კერებში: შუამდინარეთი, ირანი, ინდოეთი, კავკასიაში. მათგან უძველესი კავკასიური ნიმუშებია (მტკვარ-არაქსის კულტურა, აგრეთვე შუმერული, ინდო და ირანულ-არიული, თრიალეთის კულტურა, ელამი და სხვა).

ბორჯღალა კოლხურ გულსაკიდებზე

ბორჯღალი თავისუფლებისა და მარადისობის სიმბოლოდ ითვლება. ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში მოხსენიებულია როგორც „წარმომქმნელი“. ბორჯღალის ყველა თავი მოხსენიებულია, როგორც ცხოვრების შვიდი ეტაპი.

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
ბორჯღალი

„ბორჯღალი“ არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული „ბარჩხალი“ – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში „ბჟა ბარჩხალია“ – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.

ზოგი მკვლევარი „ბორჯღალის“ განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: „ბორჯ“ მეგრულად „დროს“, „ჟამს“ აღნიშნავს, ხოლო „ღალ(ა)“ მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, „ბორჯღალ“ დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ „ღალ(ი)“ მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია.

ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს „ფესვს, საძირკველს“, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა „ბურჯი“. სიტყვა „ღალ“ ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ) ნაყოფს“, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.

ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.

ბორჯღალა საქართველოში

რედაქტირება
 
ბორჯღალა

ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ძველი სახლების, კერების და დარბაზების მოჩუქურთმების დროს. იგია უმთავრესი და ცენტრალური სიმბოლო დედაბოძის ხატოვანი დამწერლობისა, რომლის ნიშნებს ქართული არქიტექტურა მტკვარ-არაქსის კულტურიდან იცნობს. გარდა ამისა, ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე. ბორჯღალას უკავშირებდნენ მზეს, ბორბალს.

ქართული 7 სხივიანი ბორჯღალო

რედაქტირება

ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა.

7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია:

  1. მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
  2. ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
  3. მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
  4. მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
  5. დიო (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
  6. ზუალი — სატურნი
  7. ჰელიო (იგივე არდი) — მზე

ბორჯღალა დღეს

რედაქტირება
 
ბორჯღალა ფერეიდუნშაჰრში

ბორჯღალა ისევ პოვებს საქართველოში დიდ გამოყენებას.

ის გამოსახულია საქართველოს ეროვნული ვალუტა — ქართულ ლარზე და პასპორტზე.

ასევე გამოსახულია ქართული პასპორტის გარეკანზე.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებს ზედმეტ სახელად ბორჯღალოსნებს უწოდებენ.

 
ქართველ მორაგბეთა ლოგო

საქართველოს რაგბის კავშირის ლოგოზე გამოსახულია ასევე ბორჯღალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 46-47, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ივ. ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია“ ტომი I თბ., 1960
  • კახა ხიმშიაშვილი „საქართველოს ხუროთმოძღვრება ანტიკურ პერიოდამდე“ თბ., 1996
  • რატი იონათამიშვილი „ბორჯღალასა და სვასტიკის გენეზისისთვის“ თბ., 2006
  • სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონა“ თბ., 1993
  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი თბ., 1986
  • T. Wilson „The swastika, the earlist known symbol and its migrations“ Wosh. 1990
  • Тресиддер Джек, «Словарь символов» М. 1992