ბორჯიების ოჯახი (2011 წლის ტელესერიალი)

ბორჯიების ოჯახი (ინგლ. The Borgias) — 2011-2013 წლებში გამოსული ისტორიული ტელესერიალი ნილ ჯორდანის ავტორობით.

ბორჯიების ოჯახი
ჟანრი ისტორიული
ავტორი ნილ ჯორდანი
დევიდ ლელანდი
გაი ბარტი
სცენარი ნილ ჯორდანი
მონაწილეობენ ჯერემი აირონსი
ფრანსუა არნო
ჰოლიდეი გრეინჯერი
ჯოან უოლი
ლოტე ვერბიკი
დევიდ ოაკსი
სენ ჰარისი
პიტერ სალივანი
საიმონ მაკბარნი
სტივენ ბერკოფი
ეიდენ ალექსანდერი
ჯულიან ბლიჩი
თურ ლინდჰარტი
ჯინა მაკკი
კოლმ ფეორი
კომპოზიტორ(ებ)ი ტრევორ მორისი
ქვეყანა კანადა
უნგრეთი
ირლანდია
ენა ინგლისური
სეზონი 3
სერია 29
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ნილ ჯორდანი
ჯეკ რაპკი
დერილ ფრენკი
ჯონ ვებერი
შეილა ჰოკინი
ჯეიმზ ფლინი
დევიდ ლელანდი
მაიკლ ჰირსტი
ხანგრძლივობა 48-58 წუთი
ეთერში 3 აპრილი, 2011 — 16 ივნისი, 2013
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მოქმედება ხდება XV საუკუნის მიწურულს, რენესანსის ეპოქის იტალიაში და მოგვითხრობს ბორჯიების ოჯახის სკანდალური ცხოვრების შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი პაპის ტახტს იკავებენ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბორჯიები იყენებენ მოსყიდვას, დაშინებას, მუქარას, სიმდიდრის მოსახვეჭად კი მკვლელობასა და უმოწყალობასაც არ ერიდებიან, რის გამოც მათ იტალიის ისტორიაში „ყველაზე ბოროტმოქმედ ოჯახს“ უწოდებენ. სერიალში რომის პაპ ალექსანდრე VI-ის მთავარ როლს მსახიობი ჯერემი აირონსი ასრულებს, მისი ვაჟის, ჩეზარე ბორჯიას როლში ფრანსუა არნო გამოდის, ჰოლიდეი გრეინჯერი ლუკრეცია ბორჯიას ასახიერებს, ხოლო დევიდ ოაკსი ხუან ბორჯიას[1]. აღსანიშნავია კოლმ ფეორეც, რომელიც სერიალში კარდინალ დელა როვერეს (შემდეგში პაპი იულიუს II) როლს ასრულებს[2].

სერიალის პრემიერა 2011 წლის 3 აპრილს შედგა, საღამოს 9 საათზე. იგი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, Showtime-ის არხზე, იმავე დღის საღამოს 10 საათზე კი მისი გაშვება დაიწყო კანადაშიც[3][4]. პირველი სეზონი 2011 წლის 21 ივნისს დასრულდა[5]. უკვე მეორე სეზონის გაშვება დაიწყო 2012 წლის 8 აპრილს და დასრულდა იმავე წლის 4 მაისს. აღსანიშნავია, რომ სერიალი ამით უნდა დასრულებულიყო, თუმცა Showtime-მა მისი მესამე სეზონის გადაღება დაუკვეთა, ამიტომაც 2013 წლის 14 აპრილს გამოვიდა მისი მესამე სეზონი, რომელიც სულ 10 ეპიზოდს შეადგენდა[6][7].

ცნობილია, რომ იგეგმებოდა სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებაც, თუმცა 2013 წლის 5 ივნისს Showtime-მა შეკვეთა გააუქმა, ვინაიდან მესამე სეზონის რეიტინგი წინებთან შედარებით საგრძნობლად დაეცა. მეოთხე სეზონის გაუქმების მიზეზად დასახელდა სერიალისათვის საჭირო დიდი სახსრების არარსებობაც. თუმცაღა, ვინაიდან ბოლო სერიაში აზრი ცუდად წყდებოდა, მაყურებელთა თხოვნით Showtime-ს უნდა გადაეღო ბოლო, ორსაათიანი ფინალური სერია, რითაც სერიალი დასრულდებოდა, თუმცა აღარ გადაიღეს, რადგან ფილმის გადაღება ძალიან ძვირი ჯდებოდა[8]. რეჟისორის განცხადებით, რადგან ფილმის გადაღებას ვერ ახერხებდნენ, ბოლო, ორსაათიანი სერიის სცენარი ელექტრონული წიგნის სახით გამოვიდა[9].

სიუჟეტის მიმოხილვა რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალის მოქმედება ხდება 1490-იანი წლების რომში. პაპი ინოკენტი VIII გარდაიცვალა და მის ნაცვლად მოსყიდული კარდინალები ირჩევენ როდრიგო ბორჯიას, ანუ პაპ ალექსანდრე VI-ს, რითაც იწყება ბორჯიების ოჯახის აღზევება და მათი ბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მოქრთამვისა და დაშინების გზით არჩეულ პაპს ბევრი კარდინალი და იტალიელი დიდებული მტრულად შეხვდა, რის გამოც იწყება მათ შორის დაუსრულებელი ბრძოლა.

პაპის არჩევნებში წაგებით განრისხებული კარდინალი დელა როვერე მოგზაურობს იტალიურ სამთავროებსა და საფრანგეთში, რათა მოკავშირეები შეიძინოს და დაამხოს ბორჯიების მმართველობა. იგი გარკვეულწილად მიზანს აღწევს და საფრანგეთის მეფე შარლ VIII შეიჭრება კიდეც იტალიაში, რითაც იწყება იტალიური ომები, თუმცა რომში შესული შარლი დაუახლოვდება ალექსანდრეს და რომის ნაცვლად ნეაპოლს იღებს, თავს კი მის მეფედ აცხადებს.

სერიალი უფრო ძირითადად ჩეზარე, ლუკრეცია და ხუან ბორჯიების და-ძმურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ჩეზარესა და ხუანს შორის ღრმა მტრობა მძვინვარებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ალექსანდრე ჩეზარეს, როგორც უფროს ძეს, აიძულებს თავის მსგავსად სასულიერო ცხოვრებას გაჰყვეს, მაშინ, როცა ხუანს ყველაფერში თავისუფლება აქვს. მეორე სეზონში ხუანი სიფილისით ავადდება და ავლენს ჭკუიდან შეშლის ნიშნებს, რის გამოც პაპი ალექსანდრე იძულებული ხდება იგი რომს მოაშოროს, ამიტომაც მას იგი ესპანეთში გზავნის, სადაც ხუანი ცოლად ირთავს მეფე ფერდინანდის ბიძაშვილ მარია დე ლუნას და ხდება განდიის ჰერცოგი. იმავდროულად, კავშირების გასაძლიერებლად ალექსანდრე VI ლუკრეციას მილანის ჰერცოგის ბიძაშვილ ჯოვანი სფორცაზე აქორწინებს. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რის გამოც ლუკრეცია ჯერ მეჯინიბესთან აბამს რომანს, შემდეგ კი საერთოდ ეყრება სფორცას და რომში ბრუნდება თავისი უკანონო შვილითურთ. ამის შემდეგ ლუკრეციასა და ჩეზარეს ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადადის და სცდება და-ძმური ურთიერთობის საზღვრებს. უკვე მესამე სეზონში ისინი რომანს აბამენ და იწყებენ ინცესტურ ურთიერთობას. საბოლოოდ ხუანიც ბრუნდება ესპანეთიდან. მას პაპი ალექსანდრე ნეაპოლში აგზავნის, რათა თავისი მესამე ვაჟის, ჯოფრედოსათვის საცოლე შეარჩიოს. ხუანს ძმისთვის ცოლად ნეაპოლის მეფის უკანონო ასული, სანჩია ჩამოჰყავს, რომელთანაც თავადვე აბამს რომანს. საბოლოოდ ჩეზარე კლავს ხუანს და მას ტიბრში აგდებს.

სერიალის ცენტრალური ფიგურა მაინც ლუკრეცია ბორჯიაა თავისი სკანდალური ურთიერთობებით. მას კარგი ურთიერთობა აქვს თითქმის ყველა პერსონაჟთან, მამის საყვარელ ჯულია ფარნეზესთანაც კი. საბოლოოდ კი პაპი მას მეორედ ათხოვებს, ოღონდ ამ ჯერად ნეაპოლის მეფის ნათესავ ალფონსო არაგონელზე.

იმავდროულად, ფლორენციაში სიტუაცია საგრძნობლად ირევა. ადგილობრივები რეფორმატორ ჯიროლამო სავონაროლას ხელმძღვანელობით ამხობენ მედიჩების მმართველობას და ქალაქში სპობენ ხელოვნების ნიმუშებსა და სიმდიდრის ყოველგვარ კვალს. ვინაიდან მედიჩების ბანკში თავად პაპსაც დიდი თანხები ჰქონდა შენახული, ამის შესაჩერებლად ალექსანდრე VI თავად ჩადის ფლორენციაში, იღებს ქალაქს, მედიჩებს კვლავ ხელისუფლებაში აბრუნებს, სავონაროლას კი კოცონზე წვავს, როგორც ერეტიკოსს.

სერიალის მოულოდნელად შეწყვეტის გამო მასში აღარ ჩანს ალექსანდრე VI-ის გარდაცვალება, მის შემდეგ დელა როვერეს პაპ იულიუს II-დ არჩევა, ჩეზარე ბორჯიას დაღუპვა და აღარც ლუკრეციას მესამე ქორწინება, ეს მოვლენები მის ელექტრონულ წიგნშია გადმოცემული.

 
ჯერემი აირონსი
 
ფრანსუა არნო
 
ჰოლიდეი გრეინჯერი

მსახიობები რედაქტირება

  • ჯერემი აირონსი — რომის პაპი ალექსანდრე VI ;
  • ფრანსუა არნო — ჩეზარე ბორჯია , ვალენტინოს ჰერცოგი, ალექსანდრე VI-ის ძე;
  • ჰოლიდეი გრეინჯერი — ლუკრეცია ბორჯია , ალექსანდრე VI-ის ქალიშვილი;
  • ჯოან უოლი — ვანოცა დეი კატანეი , ალექსანდრე VI-ის საყვარელი, ჩეზარე, ლუკრეცია, ხუან და ჯოფრედო ბორჯიების დედა;
  • ლოტე ვერბიკი — ჯულია ფარნეზე , ალექსანდრე VI-ის საყვარელი;
  • დევიდ ოაკსი — ხუან ბორჯია , განდიის ჰერცოგი, ალექსანდრე VI-ის ძე;
  • სენ ჰარისი — მიქელეტო კორელა, ჩეზარე ბორჯიას ერთგული მსახური;
  • ეიდენ ალექსანდერი — ჯოფრედო ბორჯია , სკვილეჩის ჰერცოგი, ალექსანდრე VI-ის ძე;
  • კოლმ ფეორე — ჯულიანო დელა როვერე , კარდინალი, ბორჯიების მთავარი ოპონენტი;
  • ჯინა მაკკი — კატერინა სფორცა , ფორლის გრაფინია, ბორჯიების მთავარი მოწინააღმდეგე დიდებული იტალიაში;
  • რონან ვიბერტი — ჯოვანი სფორცა, პეზაროს სენიორი, ლუკრეცია ბორჯიას პირველი ქმარი და კატერინა სფორცას ბიძაშვილი;
  • სტივენ ბერკოფი — ჯიროლამო სავონაროლა , ფლორენციელი ერეტიკოსი, მედიჩების დამამხობელი და პაპის პონთიფიკატის მოწინააღმდეგე;
  • ავგუსტ პრიუ — ნეაპოლის მეფე ალფონსო II , მეფე ფერდინანდ I-ის ვაჟი, ფრანგების მოწინააღმდეგე იტალიურ ომებში[10] ;
  • ლუკ პასკალინო — პაოლო, ჯოვანი სფორცას მეჯინიბე, ლუკრეცია ბორჯიას საყვარელი და მისი შვილის მამა, მოკლა ხუან ბორჯიამ;
  • დერეკ ჯეიკობი — კარდინალი ორსინო ორსინი;
  • რუტა გედმინტასი — ურსულა ბონადეო, შემდეგში და მართა, ჩეზარე ბორჯიას საყვარელი, დაქვრივების შემდეგ აღიკვეცა მონაზვნად, სადაც იგი გასკონიელებმა მოკლეს;
  • ილიეს გაბელი — პრინცი ჯემი , ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე, რომელიც პაპ ალექსანდრესთან აფარებს თავს;
  • ემანუელა კრიკი — სანჩია არაგონელი , სკვილეჩის ჰერცოგინია, ნეაპოლის მეფის უკანონო ქალიშვილი, ჯოფრედო ბორჯიას ცოლი;
  • ბოსკო ჰოგანი — კარდინალი პიკოლომინი;
  • დევიდ ბამბერი — ტეო, ვანოცა კატანეის პირველი ქმარი;
  •  
    დევიდ ოაკსი
    პიტერ სალივანი — ასკანიო სფორცა, კარდინალი, მილანის ჰერცოგის ძმა, ჯოვანი და კატერინა სფორცების ბიძაშვილი;
  • ჯულიან ბლეჩი — ნიკოლო მაკიაველი , ფლორენციის რესპუბლიკის სენატორი, მედიჩების მსახური და პაპის მოკავშირე;
  • ივან კაინი — ლუდოვიკო სფორცა , მილანის ჰერცოგი;
  • მაიკლ მიულერი — საფრანგეთის მეფე შარლ VIII , ნეაპოლის ტახტის პრეტენდენტი, შემდეგში პაპის მოკავშირე და იტალიური ომების წამომწყები;
  • დარვინ შო — ავგუსტინო, მიქელეტოს ბავშვობის მეგობარი და საყვარელი;
  • დევიდ ლოუვი — საფრანგეთის ელჩი რომში;
  • სებასტიან დე სუზა — ალფონსო არაგონელი, ბესკილიისა და სალერნოს ჰერცოგი, ლუკრეცია ბორჯიას მეორე ქმარი;
  • მატიას ვარელა — ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II, ალფონსო არაგონელის ბიძა;
  • სირონ მელვილი — კარდინალი ფარნეზე , ჯულია ფარნეზეს ძმა;
  • პატრიკ ოკეინი — ფრანჩესკო გონძაგა , მანტუის მარკიზი;
  • ანა ულარუ — შარლოტ დ’ალბრე, შალუს ქალბატონი და ვალენტინოს ჰერცოგინია, საფრანგეთის დედოფლის სეფექალი ჩეზარე ბორჯიას ცოლი;
  • ჯემინა ვესტი — ვიტორია, ახალგაზრდა მხატვარი გოგონა, რომელიც თავს ბიჭად ასაღებს, რათა მუშაობა შეძლოს;
  • ჯოზეფ კენლი — ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I;
  • ჰარი ტაურასი — პიერო მედიჩი , ფლორენციის დამხობილი მმართველი და მედიჩების ბანკის მფლობელი, პაპის მოკავშირე;
  • აბრაამ ბელაგა — ვიტელეცო ვიტელი;
  • კეით ბურკი — მილანის ჰერცოგი ჯან გალეაცო სფორცა ;
  • მაიკლ პული — რომის პაპი ინოკენტი VIII ;
  • ჯოზეფ მაკნაბი — პროსპერო კოლონა;

სქოლიო რედაქტირება

  1. რეალურად მას ჯოვანი ერქვა, თუმცა სერიალში ხუანს უწოდებენ.
  2. "Bravo! and CTV's The Borgias Lands Legendary Actor Sir Derek Jacobi" (Press release). Bell Media. June 10, 2010. Archived from the original on May 4, 2011. Retrieved April 5, 2011.
  3. "Sex. Power. Murder. Amen. Sinful Drama The Borgias Premieres April 3 on Bravo!" Press release). CTV. March 11, 2011. Archived from the original on March 24, 2011. Retrieved April 4, 2011.
  4. "The Borgias Premieres April 3 on Bravo!" (Press release). CNW Group. March 14, 2011. Archived from the original on May 4, 2011. Retrieved April 4, 2011.
  5. "The Borgias Coming to CTV" დაარქივებული 2012-04-03 საიტზე Wayback Machine. . The FiveEight.com May 9, 2011. Retrieved October 2, 2011.
  6. Seidman, Robert (January 12, 2013). "Showtime Announces Premiere Dates for 'Nurse Jackie,' 'Dexter' (Returning Early) 'Ray Donovan,' 'Homeland,' 'Masters of Sex' & More". TV by the Numbers. Archived from the original on January 15, 2013. Retrieved January 12, 2013.
  7. Bibel, Sara (May 4, 2012). "'The Borgias' Renewed for a Third Season by Showtime". TV by the Numbers. Archived from the original on May 4, 2012. Retrieved January 12, 2013.
  8. Mellor, Louisa (June 20, 2013). "Save The Borgias Campaign Gains Momentum" დაარქივებული 2017-11-29 საიტზე Wayback Machine. . Den of Geek. Retrieved July 5, 2013.
  9. Cornet, Roth (August 12, 2013). "Two-Hour Borgias Finale Script To Be Released As E-Book". IGN. Retrieved August 12, 2013.
  10. სერიალში ალფონსოს მეფე შარლ VIII კლავს და მისი ცხედრისაგან ამზადებინებს ფიტულს, შემდეგ კი იუდა ესკარიოტელის ადგილას სვამს საიდუმლო სერობის მაგიდასთან, რომელიც ალფონსოს მამამ გააკეთა თავისი მტრების ფიტულებისგან (სერობის ადგილას ქრისტე და მისი მოციქულები ფიტულებით იყო ჩანაცვლებული), თუმცა რეალურად მეფე ალფონსო ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა სიცილიაში.