ბოგდან გურჯიცკი (პოლ. Bogdan Gurdziecki; გ. 12 აპრილი, 1700, მოსკოვი) — წარმოშობით ქართველი დიპლომატი. მოღვაწეობდა პოლონეთის სამეფო კარზე XVII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო პოლონეთის ელჩი ირანში, სეფიანთა კარზე.

წარმოშობით ქართლის აზნაურთა ოჯახიდან იყო. მიხეილ თამარაშვილის მოსაზრებით გურჯიცკის ნამდვილი გვარი ალავერდიშვილი ყოფილა. ქართულ და უცხოურ წყაროებში ცნობილია ბუგდან, ბუღდან, ბუღდან-ბეგის სახელით. XVII საუკუნის 40–50-იანი წლებში ქართლის მეფის როსტომის ქვეშევრდომი იყო. შემდეგ პოლონეთში მოხვდა, შესაძლოა დიპლომატიური დავალებით. XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს მონაწილეობდა პოლონეთ-შვედეთის ომებში, როგორც პოლონეთის არმიის უცხოელთა ნაწილის ერთ-ერთი მეთაური, მიიღო როტმისტრის წოდება. 1668 წელს საგანგებო მისიით გაგზავნეს ირანში. ელჩობის მიზანი იყო პოლონეთის, რუსეთის და ირანის კავშირის შექმნა ოსმალეთის წინააღმდეგ, აგრეთვე ვაჭრობის გაფართოება და სხვ. გ. იმავე წლის სექტემბერში მოსკოვში შეხვდა მეფე ალექსი მიხეილის ძეს, ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზს (შემდგომში ერეკლე I), მის დედას — დედოფალ ელენეს და სხვა ქართველ წარჩინებულებს. მისიის დასრულების შემდეგ პოლონეთის სეიმმა მას აზნაურობა (შლიახტიჩობა) უბოძა გერბითა და მამულებითურთ ლენჩიცის მაზრაში. 1676 წელს პოლონეთის მთავრობამ გურჯიცკი ირანში თავის მუდმივ რეზიდენტად დანიშნა. აქ მან 23 წელი დაჰყო, კავშირი ჰქონდა ქართველ მეფეებთან — ვახტანგ V-თან და გიორგი XI-თან, მონაწილეობდა პოლონეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კონტაქტების დამყარების მცდელობაში. მოსკოვიდან გურჯიცკი და მისმა ძმებმა (ფარსადანი, ნაზარი და მერაბი) საქართველოში ჩამოიტანეს საეკლესიო ინვენტარი. მათ შორის, ერთ-ერთი ზარი საჩუქრად მიართვეს კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი III-ს, რომელმაც იგი ანჩისხატის ახალ სამრეკლოზე დაკიდა. მეფე გიორგი XI-მ ძმებს თბილისში სასახლე უბოძა. 1699 წელს შაჰ ჰუსეინის დავალებით გურჯიცკი პოლონეთში გაემგზავრა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზედგინიძე გ., ბოგდან გურჯიცკი დიპლომატიურ ასპარეზზე, თბ., 1983;
  • ცინცაძე ი., მასალები პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XV–XVII სს.), თბ., 1966;