ბლანკა ნავარელი (1137-1156)

ბლანკა გრასეს ნავარელი (ესპ. Blanca Garcés de Navarra; დ. 1137, ალავა, ნავარის სამეფო — გ. 12 აგვისტო, 1156, კასტილიის სამეფო) — ხიმენესების დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე გარსია რამირესის ასული. კასტილიის დედოფალი 1151-1156 წლებში როგორც სანჩო III-ის ცოლი. მეფე ალფონსო VIII-ის დედა.

ბლანკა ნავარელი
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 იანვარი, 1151
მმართ. დასასრული: 12 აგვისტო, 1156
წინამორბედი: რიჩეზა პოლონელი
მემკვიდრე: ელეონორ ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1137
დაბ. ადგილი: ალავა, ნავარის სამეფო
გარდ. თარიღი: 12 აგვისტო, 1156
გარდ. ადგილი: კასტილიის სამეფო
მეუღლე: სანჩო III, კასტილიის მეფე
შვილები: ალფონსო VIII, კასტილიის მეფე
დინასტია: ხიმენესები
მამა: გარსია რამირესი, ნავარის მეფე
დედა: მარგარიტა დე ლ'ეგლი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბლანკა დაიბადა 1137 წელს ალავაში. იგი იყო ნავარის მეფე გარსია რამირესისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარგარიტა დე ლ’ეგილეს ქალიშვილი. მისი უმცროსი და, მარგარიტა შემდეგში სიცილიის დედოფალი გახდა, უფროსი ძმა, სანჩო VI კი ნავარის მეფე იყო.

1150 წელს მამამისი გარდაიცვალა და ძმამ პოზიციების გასამყარებლად ბლანკას გათხოვება მოისურვა. 1151 წლის 30 იანვარს ქალაქ პალენსიაში იგი მიათხოვეს კასტილიის მეფე სანჩო III-ს, მეფე ალფონსო VII-ისა და დედოფალ ბერენგარია ბარსელონელის ვაჟს, რითაც იგი კასტილიის დედოფალი ხდება.

მათი ქორწინება მიზნად ისახავდა ორი მეზობელი ესპანური სამეფოს, ნავარისა და კასტილიის დაახლოვებას. ქორწინებისას ბლანკა მხოლოდ 14 წლის იყო, რის გამოც მათი ქორწინების კონსუმაცია, ისტორიული წყაროების თანახმად, 1155 წლამდე არ მომხდარა, რის შედეგადაც დედოფალი დაორსულდა და იმავე წლის ნოემბერში პირველი ვაჟი, მომავალი მეფე ალფონსო VIII გააჩინა.

პირველი ორსულობის შემდეგ ბლანკა საგრძნობლად დასუსტდა, თუმცა სულ მალევე მეორედ დაფეხმძიმდა. იგი 1156 წლის 12 აგვისტოს მეორე ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა. მან ვაჟი გააჩინა, სახელად გარსია, რომელიც სუსტი იყო და ჩვილობაშივე აღესრულა. აღსანიშნავია, რომ სანჩო მთელი დარჩენილი ცხოვრება გლოვობდა დედოფალ ბლანკას, რის გამოც მიუხედავად დედის თხოვნისა, ახალი ცოლი აღარ შეურთავს.

  1. ალფონსო VIII (1155-1214), კასტილიის მეფე, ცოლად შეირთო მეფე ჰენრი II-ის ასული ელეონორ ინგლისელი, რომელთანაც შეეძინა შვილები: კასტილიისა და ლეონის დედოფალი ბერენგარია, პორტუგალიის დედოფალი ურაკა, საფრანგეთის დედოფალი ბლანკა, არაგონის დედოფალი ლეონორა და კასტილიის მეფე ენრიკე I;
  2. გარსია (1156), გარდაიცვალა დაბადებიდან მალევე, ჩვილობაში;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gonzalez, Julio (1960). El reino de Castilla en la epoca de Alfonso VIII, vol. 1. Madrid: CSIC Escuela de Estudios Medievales. p. 145, note 37.
  • Serrano, Luciano (1935). El Obispado de Burgos y Castilla, primitiva desde el siglo V al XIII, vol. 2. Madrid: Instituto de Valencia de Don Juan. p. 43, note 4. Retrieved 24 February 2018.
  • Reilly, Bernard F. (1998), The Kingdom of León-Castilla under King Alfonso VIII (1126-1157), Philadelphia, University of Pennsylvania Press, p. 112.
  • Porreño, Baltasar. "Historia del Santo Rey Alonso el bueno y noble, noveno de este nombre entre los Reyes de Castilla y León, Mss/778 (nineteenth-century copy), fol. 3r,". Biblioteca Digital Hispánica. Biblioteca Nacional de España. Retrieved 16 November 2017.
  • Valdez del Alamo, Elizabeth (1996). "Lament for a Lost Queen: The Sarcophagus of Doña Blanca in Nájera". Art Bulletin. 78 (2): 311.