ბზასაყდარი
ბზასაყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში. აქ ერთ ნაგებობადაა გაერთიანებული 2 ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო და ერთი გაურკვეველი დანიშნულების სათავსი.
ე კ ლ ე ს ი ა დარბაზულია (6,8X4,7 მ), რომელსაც სამხრეთიდან თანადროული ეგვტერი ეკვრის. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები მობათქაშებულია ეკლესიის საკურთხეველში და დარბაზის დასავლეთ კედელზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების მხატვრობის ფრაგმენტები.
ე გ ვ ტ ე რ ი ეკლესიაზე ოდნავ მოკლეა (5,1X3 მ) და მას წყობის გადაბმით უკავშირდება. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი.
ს ა მ რ ე კ ლ ო სამხრეთით მდგარ ეკლესიაზე დასავლეთიდანაა მიშენებული. იგი ორსართულიანი ყოფილა. გეგმით თითქმის კვადრატულია (4,5X4,7 მ).
ჩრდილოეთით მდგარი ე კ ლ ე ს ი ა დარბაზულია (8,8X5 მ), უაფსიდო, თავდაპირველ ეკლესიაზე ოდნავ გრძელია და სამრეკლოს ჩრდილოეთი კედლის ნაწილსაც ფარავს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიას ცალფერდა სახურავი ჰქონია.
ს ა თ ა ვ ს ი (4,6X3,1 მ) ჩრდილოეთით მდგარ ეკლესიასა და სამრეკლოს შორის შექმნილ კუთხეშია ჩადგმული. იგი ყველაზე გვიანაა აგებული. ნაშენია ნატეხი ქვით - ტლანქად. კედლები შემორჩენილია ნახევარი მეტრის სიმაღლეზე.
ასევე შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები, წრიული მოხაზულობის დაბალი გ ა ლ ა ვ ნ ი ს ფრაგმენტები. გალავანს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 60-61.