ბერიკლდეების ნასოფლარი და სამაროვანი
ბერიკლდეების ნასოფლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდინარე მტკვრის და აღმოსავლეთის ფრონის შესართავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის დასავლეთით, 3 კილომეტრის მოშორებით, ბებნისის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე.
1979 წლის აეროფოტოდაზვერვის დროს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფრონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ი. გაგოშიძის ხელმძღვანელობით მიაკვლია ყორღანულ სამაროვანსა და პატარა ნასოფლარს. ადგილზე გათხრები 1979-1983 წლებში ჩატარდა.
ნასოფლარი
რედაქტირებანასოფლარი მდებარეობს მტკვრისა და აღმოსავლეთის ფრონის შესართავთან, მაღალი კონცხის თხემზე. ნასოფლარის პირზე გაჭრილ თხრილში, 2 მეტრის სიმძლავრის კულტურულ ფენაში სტრატოგრაფიული თანმიმდევრობით გამოვლინდა, გვიანდელი ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოს, ბედუნური კულტურის და ადრინდელი ბრინჯაოს ხანების ნაშთები. ბერიკლდეების ბედენური ფენა C14 მეთოდით დათარიღებულია ძვ. წ. 2900 წლით. ნასოფლარზე მოპოვებული ნივთიერი მასალა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
სამაროვანი
რედაქტირებამკტვრის მეორე ტერასაზე აღრიცხულია ორმოცდაათამდე ყორღანი, რომელთაგან უდიდესთა მიწაყრილის დიამეტრი 50 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე 2,5 მეტრს. 1980-1982 წლებში ადგილზე გაითხარა ოთხი ორმოსამარხიანი და ინჰუმაციური გორასამარხი. ორი ყორღანი ადრინდელი ბრინჯაოს ხანით დათარიღდა, მესამე შუა ბრინჯაოს ხანით ხოლო მეოთხე შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელ ბრინჯაოს ხანაზე გადამავალი პერიოდით. მეორე და მესამე ყორღანების ყრილებში აღმოჩნდა ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხები. სამაროვანი დაკავშირებული უნდა იყოს ბერიკლდეების ნასოფლართან.
სამაროვანზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ძალიან ჰგავს თრიალეთის ყორღანულ კულტურის ძეგლებს. იგი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ძეგლია შიდა ქართლში სადაც ე.წ. ბედენური ტიპის კერამიკის შემცველი ყორღანი გაითხარა. ყორღანში მიცვალებული დაკრძალული იყო ხარებშებმული ოთხთვალა ეტლით. კერამიკის გარდა ჩატანებული იყო ქრინჯაოს სატევარი, ვერცხლისგარსაკრავიანი ბრინჯაოს საკინძი, მძივები. ხარებშიბმული ეტლების ნაშთები მეორე და მესამე ყორღანებშიც აღმოჩნდა.
საყურადღებოა ძვ. წ. XV საუკუნით დათარიღებული მეოთხე ყორღანი, რიყის ქვების წრიული კედლით გარშემორტყმული 40 მეტრის დიამტრისა და 1,5 მეტრის სიმაღლის მიწაყრილი ორმო ხის სვეტებზე დაყრდნობილი ძელებით იყო გადახურული. სამარხში იდგა ორცხენშებმული ხის ორთვალა ეტლი, რომლის ეღელი და კოპო შემკულია ბრინჯაოს ლაგამებით, რომლებიც ცხენებს ედოთ პირში, ჯერჯერობით უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ლაგამებს შორის. ეტლზე ეწყო ბრინჯაოს ე. წ. წინააზიური ტიპის ჩარჩოსებრტარიანი მახვილი, ხისტარიანი სარიტუალო ბრტყელი დანა, ბრინჯაოს ფირფიტებით შემკული ტყავის კაპარჭი ორმოცამდ ეისარით, რომლებსაც კაჟისა და ბრინჯაოს პირები აქვთ, და სხვა. სამარხში მარჯვენა გვერდზე, ხელმფეხმოხრილი დაკრძალული იყო ტომის ბელადი, ორმოციოდე წლის მამაკაცი, რომელსაც ყელზე ეკიდა სარდიონის მძივები, ხოლო თავზე ეხურა ცისფერი და წითელი პასტის თვალებით ინკრუსტირებული და ოქრის თხელი, ორნამენტირებული მორთული ბრინჯაოს თავსაბურავი. მისთვის ჩაუტანებიათ 20-25 წლის ქალი, რომელსაც შებლზე ვერცხლის ფირფიტოვანი დიადემა ერტყა, ყელზე ოქროს, სარდიონისა და მინის მძივები და მძივსაკიდები ეკიდა, ხოლო მკერდზე ოქროსავიანი და ვერცხლისღეროიანი საკინძი ჰქონდა. რკინისაგან გამოჭედილი რაღაც სამკაული რომელი, რომელიც ქალისთვის ჩაუტანებიათ, საართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ერთ-ერთი ეძველესი რკინის ნივთია. სამარხში აღმოჩნდაორმოცამდე მდიდრულად ორნამენტირებული შავპრიალა თიხის ჭურჭელი. ზოგიერთი ჭურჭლის ზედაპირზე ირმების, თხებისა და ცხენების გამოსახულებებბია დაჭდეული. ამავე ჭურჭლის ცრუყურებზე გადების ხერამიკული ფიგურებია. აღმოჩნდა ცხვრისა და ღორის რამდენიმე სრული ჩონჩხი და ოთხი ხარის თავ-ფეხი. ხარების თავები სარდიონისა და მინის მძივებით იყო შემკული. სამარხში მოპოვებული სამკაული და თიხის შურჭლის ერთი ნაწილი ძალიან ემსგავსება თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის მასალას, ხოლო კერამიკის მეორე ჯგუფი და ბრინჯაოს ნაწარმი შიდა ქართლის და კახეთის გვიანდელი ბრიჯაოს ხანის ადრეული ეტაპის ძეგლებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., ჯავახიშვილი ალ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 359-360.