ბენედეტა დ’ესტე (იტალ. Benedetta d'Este; დ. 18 აგვისტო, 1697, მოდენა, იტალია — გ. 17 სექტემბერი, 1777, მოდენა, იტალია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ რინალდოსა და შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული. ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის უფროსი და და ერკოლე III-ის მამიდა.

ბენედეტა დ’ესტე
სრული სახელი
ბენედეტა მარია ერნესტინა
წოდებები
მოდენისა და რეჯიოს პრინცესა
დაიბადა 18 აგვისტო, 1697
მოდენა, იტალია
გარდაიცვალა 17 სექტემბერი, 1777, (80 წლის)
მოდენა, იტალია
საგვარეულო დ’ესტეები
მამა რინალდო, მოდენის ჰერცოგი
დედა შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბენედეტა დაიბადა 1697 წლის 18 აგვისტოს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ რინალდოსა და მისი ცოლის, შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის პირველი შვილი. დედის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას დისწული და ამასთან, პოლონეთის დედოფალ მარია იოზეფასა და ბავარიის კურფიურსტ მარია ამალიას დეიდაშვილი იყო. მისი სახელი იტალიურად „დალოცვილს“ ნიშნავს და იგი მას ბებიის, ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელის პატივსაცემად დაარქვეს.

1717 წლის მაისში მოდენის სამეფო კარს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის ტახტების მემკვიდრე და მოსარჩელე, ჯეიმზ ფრანცის ედუარდ სტიუარტი ეწვია (იგი იყო ბენედეტას ნახევარ-ძმის ქალიშვილ მარიას ვაჟი). ცნობილია, რომ მას ბენედეტა მალევე შეუყვარდა და ჰერცოგ რინალდოს მისი ხელიც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რამეთუ ჰერცოგს არ სურდა მის გამო ურთიერთობა გაეფუჭებინა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-თან. ცნობილია, რომ რინალდო თავიდან დათანხმდა მათ ჯვრისწერას და საიდუმლოდ დანიშნა კიდევაც ისინი, თუმცა ჯეიმზ ფრანცის ედუარდის ბრიტანეთში დამარცხების შემდეგ ეს ნიშნობა გააუქმა.

1737 წელს რინალდო გარდაიცვალა და ტახტი ბენედეტას ძმამ, ფრანჩესკო III-მ დაიკავა. 1739 წლამდე ფრანჩესკო რუსეთ-თურქეთის ომში იბრძოდა, რა დროსაც მოდენასა და რეჯიოს ბენედეტა და მისი და, ამალია მართავდნენ რეგენტების სტატუსით.

აღსანიშნავია, რომ ბენედეტა არასოდეს გათხოვილა და არც შვილები ჰყოლია. იგი 1777 წლის 17 სექტემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მშობლიურ მოდენაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bevan, Bryan (1967). King James the Third of England: A Study of Kingship in Exile. London: Robert Hale.
  • Rocca, Emilio Nasalli (1969). I Farnese. Dell'Oglio Editore.