ბელგრადის ოპერაცია

ბელგრადის ოპერაციაუკრაინის III ფრონტის, იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიისა და ბულგარეთის სამამულო ფრონტის ჯარების შეტევითი ოპერაცია დიდ სამამულო ომში (1941-1945) იუგოსლავიის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებისა და ბელგრადის განთავისუფლებისათვის. კიშინიოვ-იასის ოპერაციაში გერმანელთა ჯარების დამარცხების და საბჭოთა ჯარების ბალკანეთში შეჭრის შემდეგ ჰიტლერმა ბრძანება გასცა, რომ „E“ არმიათა ჯგუფს საბერძნეთიდან, ალბანეთიდან და სამხრეთ იუგოსლავიიდან სასწრაფოდ უკან დაეხია უნგრეთისაკენ, ხოლო „F“ არმიათა ჯგუფს დაეცვა იუგოსლავია-ბულგარეთის საზღვარი. საბჭოთა 57-ე არმიამ იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მე-13 და მე-14 კორპუსებთან ერთად გაარღვია გერმანელთა საზღვრისპირა დაცვის ზონა, მძიმე ბრძოლებით გადალახა აღმოსავლეთ სერბეთის მთები და მდინარე მორავა და 10 ოქტომბერს დაიკავა 2 მნიშვნელოვანი პლაცდარმი. 12 ოქტომბერს მეოთხე გვარდიულმა მექანიზებულმა კორპუსმა იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ჯარებთან ერთად ამ პლაცდარმებიდან შეუტია ბელგრადს და 20 ოქტომბერს იერიშით დაეუფლა მას. სამხრეთში ბულგარეთის არმიებმა საბჭოთა და იუგოსლავიის ჯარებთან ურთიერთმოქმედებით 8-10 ოქტომბერს განავითარეს შეტევა. გაათავისუფლეს ქალაქები: ნიში, ლესკოვაცი, სკოპლე, პროკუპლე და გერმანელთა „E“ არმიათა ჯგუფის ჯარებს ძირითადი უკანდასახევი გზები მოუჭრეს, რის შედეგადაც მათ ვერ შეძლეს მთავარ ძალებთან შეერთება. ბრძოლებში დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა დაახლოებით 100 ათასი ფაშისტი ჯარისკაცი, განთავისუფლდა სერბეთის დიდი ნაწილი, გაადვილდა საბერძნეთისა და ალბანეთის განთავისუფლება.

ლიტერატურა

რედაქტირება