ბაჰლაუნდებისამცხის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო VIII-IX საუკუნეებში. წყაროებში იხსენიება ამ გვარის სამი თაობა: იოვანე, მისი ძე ბეშქენი და ბეშქენის ძე მირიანი. მირიან ბაჰლაუნდი დაქორწინდა სამცხის დიდებული აზნაურის გიორგი ჩორჩანელის დაზე ლატავრზე. გიორგი ჩორჩანელის უშვილოდ დარჩენის შემდეგ მისი მამული ჩორჩანი და მემკვიდრეობა ერგო ლატავრის შვილებს. ლატავრსა და მირიან ბაჰლაუნდს ჰყავდათ სამი ძე სულა, ბეშქენი და ლაკლაკი და ერთი ასული. მათ სათავე დაუდეს შემდეგ საგვარეულოებს: ჩორჩანელები, ჯაყელები, ლაკლაკიძეები, ციხისჯვარელები და ხურსიძეები. არის მოსაზრება, რომ ბაჰლაუნდების ერთი შტო დამკვიდრდა ქართლში და მათი შთამომავლები არიან თავადი ფალავანდიშვილები.

მირიან ბაჰლაუნდისა და მისი შვილების შესახებ ცნობა დაცულია ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.“ ნაწარმოები ქართულ ისტორიოგრაფიაში ზუსტად დათარიღებული არ არის. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი ჩორჩანელი და მისი სიძე მირიან ბაჰლაუნდი VII საუკუნის I ნახევრის მოღვაწეები უნდა ყოფილიყვნენ.

ჩორჩანელები

რედაქტირება

უფროსი ვაჟი სულა გახდა ჩორჩანელთა ახალი საგვარეულოს ფუძემდებელი. ამიერიდან მისი შთამომავლები იწოდებოდნენ ჩორჩანელებად. მათი საგვრეულო მონასტერი იყო ზარზმა. X საუკუნეში ზარზმის ეგვტერი ააგო ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის მონაწილე ივანე სულას ძემ. ივანე სულას ძის შვილიშვილები იყვნენ XI საუკუნეში მოღვაწე ძმები გიორგი ჩორჩანელი და ფარსმან თმოგველი. შემდგომში ჩორჩანელების მამულს დაეპატრონა მათივე განშტოება ხურსიძენი.

ჯაყელები

რედაქტირება

მირიან ბაჰლაუნდის შუათანა ძე ბეშქენი იყო ჯაყელების საგვარეულოს დამფუძნებელი. მისმა შთამომავლობამ მეფისგან მიღო ჯაყისწყლის, ფოცხოვისა და ურავლის ხეობები. პირველად ჯაყელად წყაროებში ნახსენებია თუხარისის ერისთავი ბეშქენი. ბეშქენის ძის, მურვანის, ვაჟი იყო 1118 წელს ჯავახეთში თურქების მიერ მოკლული ბეშქენ II.. 1178 წელს მემნა ჯაყელმა მხარი დაუჭირა გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებულ დემნა უფლისწულსა და ორბელებს. XII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის ერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი მიემხრო ტახტის მაძიებელ გიორგი რუსს, რისთვისაც მას თამარ მეფემ ჩამოართვა სამცხის ერისთავ-სპასალარობა და ჯაყის ციხე და გადასცა ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს. ასე წარმოიქმნა ახალი ჯაყელების, ანუ ციხისჯვარელ-ჯაყელების ფეოდალური საგვარეულო. ძველი ჯაყელები კი ამიერიდან ბოცოსძეებად იწოდებოდნენ.

ციხისჯვარელები

რედაქტირება

ციხისჯვარელების ფუძემდებელი იყო XI საუკუნის შუა წლების მოღვაწე, სულა კალმახის ერისთავი. გვარის სახელწოდება წარმოსდგა სამცხეში მდებარე ციხე ციხისჯვარიდან, რომელიც სულას უწყალობა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ერთგული სამსახურისათვის. სულას საგვარეულოს მეორე შტომ მამულად დაიმკვიდრა საერისთავო კალმახი და კალმახელთა სახელწოდება მიიღო.

ლაკლაკისძენი

რედაქტირება

მირიან ბაჰლაუნდის მესამე ძე ლაკლაკმა სათავე დაუდო ლაკლაის საგვარეულოს. არსებობს მოსაზრება, რომ ლაკლაკის შთამომავალი იყო ქართლის კათოლიკოსი არსენ I.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 385.
  • ბახტაძე, მ. „მირიან ბაჰლაუნდის შთამომავლები“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 10-17 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008