ბაჰარლი (აზერ. Baharlı) — აზერბაიჯანელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი[1], რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ აზერბაიჯანში და ფარსის, კერმანისა და ხორასანის ოსტანებში ირანში. ისინი საუბრობენ აზერბაიჯანული ენის ერთ-ერთ სამხრეთ დიალექტზე[2].

მირზა მამედჰასან-ბეკ ჰაჯი - რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკი. ბაჰარლის ტომის წარმომადგენელი

ტომის სახელწოდება უკავშირდება ტოპონიმ „ბაჰარს“ ჰამადანის მახლობლად არებულ ადგილს. ეს იყო ოღუზ-ივების ტომის ცენტრი. ბაჰარლის ეთნიკური ჯგუფი წარმოიშვა ივეს ტომისგან, რომელიც წარმოადგენდა ოღუზურ-თურქმენულ ტომს[3]. ბაჰარლი იყო ყიზილბაშთა ერთ-ერთი ტომი[4].

ყარა ყოიუნლუს დროს ბაჰარლის ტომი ცხოვრობდა ჰამადანის მიდამოებში. აღმოსავლეთმცოდნე ვლადიმერ მინორსკი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ტომის სახელი მომდინარეობდა ბაჰარის ციხის სახელიდან, რომელიც მდებარეობს ჰამადანიდან ჩრდილო-დასავლეთით 14 კილომეტრში. მაგრამ ფაქტი, რომ ტომი სახელად ბაჰარლი არსებობდა ცენტრალურ ანატოლიაში მე-18 საუკუნეში, ვარაუდობს, რომ ტომის ის ნაწილი დარჩა, როცა ირანიდან ბაჰარლის წინაპრები ჰამადანში გადავიდნენ. შესაბამისად ტომის ეს სახელწოდება უკვე არსებობდა ამ მოვლენამდე.

არსებობს ვარაუდი, რომ ბაჰარლის ტომი შეუერთდა ყარა ყოიუნლუს ტომობრივ კონფედერაციას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი უკვე ჩამოყალიბდა, სავარაუდოდ, 1408 წელს ყარა იუსუფის მიერ ჰამადანის დაპყრობის შემდეგ, ბაჰარლის ლიდერებმა მიაღწიეს გარკვეულ პოპულარობას. იმ დროს ტომის მეთაური იყო ალი შაქარ-ბეკი ბალალის კლანიდან.

ალი შაქარ-ბეკის ვაჟი, პირალი-ბეკი (შირალი ბეკსაც უწოდებენ), ბაჰარლის ტომის წინამძღოლი გახდა. ჯეჰანშაჰის ერთ-ერთი ოფიცერი იყო. ხოლო პირალი-ბეკის მემკვიდრე ხორასანში ბაჰარლის მეთაურად გახდა მისი ვაჟი ჯანალი ბეკი.

ყარა ყოიუნლუს იმპერიის დაშლის შემდგომ პერიოდში, დასავლეთ ირანში დარჩენილი ბაჰარლის ტომი ყარა ყოიუნლუს რამდენიმე სხვა ტომთან ერთად თანდათან აზერბაიჯანში დასახლდნენ. მათ შორის იყო ჰასან-ბეკ შაქაროღლუ, აყ-ყოიუნლუს მმართველის ალვენდ მირზას მოკავშირე. აღსანიშნავია, რომ ბაჰარლი არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს სეფიანთა პერიოდში. ჰასან ბეკ რუმლუ ახსენებს იმ პერიოდის მხოლოდ ორ ცნობილ ბაჰარლის ტომის წარმომადგენელს, კერძოდ მუჰამედ ბაჰარლის, რომელიც იყო ბალხის ციხესიმაგრის მეთაური 1516 წელს, და ველი ბეკ ბაჰარლი, რომელიც სხვა მრავალ ყიზილბაშ ლიდერებთან ერთად მხარს უჭერდა ისმაილ II-ს ტახტზე ასასვლელად შაჰ თამაზ I-ის გარდაცვალების შემდეგ 1576 წელს[5].

განსახლება

რედაქტირება

ბაჰარლი ცხოვრობს ირანის გეოგრაფიული ოლქის სამხრეთ აზერბაიჯანის პროვინციებში ფარსში, კერმანსა და ხორასანში.

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში არის სოფელი ბაჰარლი. ბაჰარლი ცხოვრობდა შუშისა და ზანგეზურის რაიონებში.

1860-იან წლებამდე ფარსში დასახლებული ბაჰარლის ტომი სრულიად მომთაბარე იყო. 1912 წელს ბაჰარლის 2500 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა ნახევარი ცხოვრობდა სამხრეთ აზერბაიჯანში, ხოლო მეორე ნახევარი ფარსში[6]. 1933 წელს ფარსის ბაჰარლი შედგებოდა 8000 ოჯახისაგან, რომლებიც ქმნიდნენ ოც კლანს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბაჰარლი სრულიად მკვიდრი მოსახლეობა გახდა და მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობდა დარაბას რეგიონში, ფასარუდის, ჰოსუიასა და კარიატ ალ-ხაირის ქვერაიონებში. ოლივერ გაროდი, ბრიტანელი ექიმი, რომელიც ომის ბოლოს ეწვია ფარსს, აღნიშნა: „ბაჰარლი, ოდესღაც საუკეთესო მხედრები და აღმოსავლეთ ფარსის ყველაზე საშიში მეომრები და ბანდიტები იყვნენ. სამწუხაროდ, გადაგვარდნენ მალარიისა და დაგროვილი სიბინძურისგან გამოწვეული დაავადებების შედეგად“. 1957 წლისთვის ტომის მოსახლეობა 4000 კაცამდე შემცირდა[5].

  1. Н. А. Баскаков, «Введение в изучение тюркских языков», с. 265
  2. Baharlu in Iran
  3. Peter B. Golden, «An Introduction to the History of the Turkic People», p. 367-368
  4. Bahārlū
  5. 5.0 5.1 BAHĀRLŪ - Encyclopaedia Iranica
  6. Military Report of Persia, p. 139