ბაგრევანდი — ისტორიული სომხური ოლქი მდინარე ევფრატის მარცხენა განშტოების — ე.წ. აღმოსავლეთი ევფრატის — სათავეებში, მდინარეების ბაგრევანდის, ახტოძორისა და არაცანის (ახლანდელი მურატის) წყალშესაყარზე (თურქეთის ტერიტორია). ოლქს ჩრდილოეთიდან საზღვრავდა სომხეთის ქედი (ახლანდელი აღრიდაღი), დასავლეთით ხინუსი (ახლანდელი ხინისი), სამხრეთიდან დევაბოინის (ახლანდელი ალადაღის) მთები, ბაგრევანდის მთავარი პუნქტი იყო ვალაშკერტი.

ბაგრევანდი საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების ხელში იყო. მას ფლობდნენ სპარსელები, არაბები, ბიზანტიელები, სელჩუკები, მონღოლები, ოსმალები. ბაგრევანდი არაერთხელ ქცეულა ქართველთა ექსპანსიის ასპარეზად, ასე იყო I საუკუნეში, X საუკუნეში (დავით კურაპალატის დროს). XI საუკუნიდან ანისის ბაგრატუნების სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XIII საუკუნის დამდეგს ბაგრევანდი შანშე მანდატურთუხუცესმა შეუერთა საქართველოს სახელმწიფოს; XVI საუკუნემდე საქართველოს ფარგლებში იყო, ჯერ როგორც გაერთიანებული სახელმწიფოს, შემდეგ მისგან გამოყოფილი სამცხე-საათაბაგოს უკიდურესი სასაზღვრო სამხრეთ-დასავლეთი ქვეყანა. XVI საუკუნეში ბაგრევანდი ოსმალებმა დაიკავეს, შედიოდა ბაიაზეთის საფაშოს ერზრუმის (არზრუმის) ვილაიერთში. თურქეთის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ამ პროვინციას ეწოდება აღრი.

XIII-XVI საუკუნეებში ბაგრევანდის მოსახლეობა ქართულ-სომხური იყო. მასში ჭარბობდნენ მართლმადიდებლობის მიმდევრები, რასაც ადასტურებს ბაგრევანდის უმთავრესი საეკლესიო ცენტრის — ვალაშკერტის საეპისკოპოსოს — ქართლის კათალიკოსისადმი დაქვემდებარება.

ლიტერატურა

რედაქტირება