ახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესია

ახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას საბეროს უბნის სამხრეთით, ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან კოშკი მიუშენებიათ, რომელსაც შემდგომ დასავლეთიდან სწორკუთხა სადგომი მიადგეს.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,9 მ), ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ აგურიცაა ნახმარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნით - სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, შებრტყელებული ნახვარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სარკმელი და ორი ნიშია. კანკელი (დაზიანებულია) გვიანდელია. შეისრულთაღოვანი აღსავლის კარის გვერდებზე თითო დაბალი შეისრულთაღოვანი ღიობი და სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი გადახურულია უსწორმასწორო კონქით, რომელსაც შეისრული თაღი აქვს. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. კამარა შეისრულია.

ეკლესიის ფასადები მოსწორებულია ბათქაშის სქელი ფენით. შირიმის ლავგარდანი მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. მის პროფილს შეადგენს მცირე სიმაღლის თარო, შეზნექილი მრუდე ზედაპირი და ლილვი.

კოშკი სამსართულიანია, გეგმით კვადრატული (6 X 6 მ). ნაგებია რიყის ქვით, წყობა ირეგულარულია. პირველ სართულზე, რომელიც ეკლესიის კარიბჭეც არის, შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან აგურის შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნიდან სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით თითო სწორკუთხა ვიწრო სარკმელია, აღმოსავლეთის სარკმლის გვერდებზე - თითო სწორკუთხა ნიში. სარკმელსა და ნიშებს ხის თარაზული გადახურვა აქვთ. პირველი სართული აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ნაგები შეისრული კამარითაა გადახურული. კამარის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია მეორე სართულზე ასასვლელი კვადრატული ხვრელი. მეორე სართულზე ერთი სწორკუთხა ოთახია. მას დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს აღმოსავლეთიდან. შესასვლელის წირთხლები და თაღი აგურითაა ნაგები. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო ფართო კვადრატული სარკმელია. ბრტყელ ჭერში, აღმოსავლეთ კედელთან, მესამე სართულზე ასასვლელი ხვრელია. მესამე სართული (სამრეკლო?) აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ორ-ორი ფართო შეისრული თაღითაა გახსნილი. სართულის კედლები ქვედა სართულის კედლებთან შედარებით მცირე სისქისაა, რის გამოც სართულშუა გადახურვის დონეზე, გარედან 15-20 სანტიმეტრის საფეხურია შექმნილი. სართულის გარეთა კუთხეები, ღიობების წირთხლები და თაღები აგურისაა. ჩრდილოეთ კედელში, იატაკიდან 1,5 მეტრის სიმაღლეზე, სამი სწორკუთხა ნიშია. სართული გადახურულია შირიმის ტლანქად დამუშავებული ქვის ნაწყობი კამარით. ფასადები სადაა, ექვსივე ღიობის თაღი ჩასმულია კედლის სიბრტყიდან საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხედში, რომელსაც ვიწრო ფრიზი აქვს. კოშკი გადახურული იყო ორფერდა სახურავით, რომელიც მთლიანად ჩამოშლილია.

სადგომი (6,3 X 5 მ) ერთსართულიანია, ნაგებია რიყის ქვით. წყობა ტლანქია. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები, ინტერიერი თითქმის მთლიანად ამოვსებულია ნანგრევებით და მიწით. ჩრდილოეთ კედელში ერთი, საკმაოდ ვიწრო და მაღალი შესასვლელია. დასავლეთ კედელში — სწორკუთხა სარკმელი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში — ერთი მცირე ნიში. სადგომის აღმოსავლეთ ნაწილში მოჩანს კოშკის იატაკის ქვეშ არსებული სადგომის კამარის ნაწილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21096