ახმეტის კვირიკესა და ივლიტას ეკლესია

ახმეტის კვირიკესა და ივლიტას ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალაქ ახმეტაში. დგას ჟალურის უბანში, განეკუთვნება XVIII საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (10,6 X 7,2 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. კამარა, კონქი, საბჯენი თაღი, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები აგურითაა ნაწყობი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი თაღოვანია და შიგნიდან ღრმა თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ნახევარწრიული ასფიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი ნიშია. ჩრდილოეთ ნიშებს შორის, კედელში, ჩასმულია პატარა ქვევრი. სამხრეთ ნიშსა და სარკმელს შორის, იატაკის დონეზე, კედლის სისქეში მოწყობილ სამალავში შესაძრომი ხვრელია. საკურთხეველში აგურის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ბაქანი, შუაში წინწამოწეული ნახევარწრიული ამბიონით, დარბაზის იატაკზე ორი საფეხურით მაღალია.

დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობა. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ჩრდილოეთ პილასტრის ორივე მხარეს თითო ფართო შეისრული ნიშია. ერთი ასეთივე ნიში სამხრეთ კედელშიცაა. დასავლეთ და გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის იატაკზე კვადრატული აგურია მოგებული. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ფასადები შელესილია. ორივე შესასვლელი სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონზე და სამხრეთ შესასვლელის ზემოთ წყობით თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილოეთ ნაწილში კონქისზედა სივრცეში შესაძვრომი სწორკუთხა ხვრელია. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის მარჯვნივ, შირიმის ქვაზე ამოკვეთილი ცხრასტრიქონიანი მხედრული წარწერის თანახმად, ეკლესია აუგიათ ძმებს — დემეტრე, ივანე, დავით და ზურაბ იაშვილებს.

ლიტერატურა

რედაქტირება