ახატნის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ახატნის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანიდან ჩრდილოეთით, ტყეში. ძეგლის შემადგენლობაში შედის ორი ეკლესია.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
არქიტექტურული აღწერა
რედაქტირებაიოანე ნათლისმცემლის ეკლესია
რედაქტირებაიოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული (10.7X6 მ). ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა – ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით.ჩრდილოეთ შესასვლელის წინ ორფერდა სახურავიანი, შიგნიდან ნახევრადწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთ აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია.
აფსიდს თითქმის მთელ სიგრძეზე ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს, რომლის შუაში სარკმლის ქვემოთ – გამოყოფილია წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. ნავის გრძივი კედლები და ცილინდრული ფორმის კამარა, ერთსაფეხურიანი ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. თითო საბჯენი თაღია კამარის ორივე კიდეში, რომლებიც კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთი კედლის ღერძზე.
ეკლესიის მოხატულობა
რედაქტირებამოხატულობა ეკლესიის თანადროულია. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება, ქვემოთ – ეკლესიის მამები (ათი ფრონტალური ფიგურა), სარკმლის წირთხლებზე – ორი დიაკვანი. ნავის სამხრეთ კედელზე მხატვრობის სამი რეგისტრია შემორჩენილი. ზედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში იოანე ნათლისმცემლის შობაა გამოსახული, მის ქვემოთ – მთელი ტანით მოცემულია ორი წმინდა მეომარი. ამავე კედლის დასავლეთით ნაწილში, მეორე და მესამე რეგისტრების მთელ სიმაღლეზე ქტიტორის გამოსახულებაა. დასავლეთ კედლის მხატვრობა დაყოფილია ორ რეგისტრად. ზემოთ გამოსახულია დიდი ზომის სცენა – იერუსალიმს შესვლა.
ქვედა რეგისტრი ცალკეულ გამოსახულებებს და ერთ სცენას შეიცავს. აქვე შემორჩენილია ერთადერთი ასომთავრული წარწერა – “წ-აი ზოსიმენ”. ფასადები სხვადასხვა ფორმისა და ზომის სრულიად დაუმუშავებელი ქვიშაქვითაა ნაწყობი, რომელშიც ჩართულია თანაბარი მანძილებით დაცილებული აგურის თითო რიგიანი შრეები. ქვებს შორის დარჩენილი არეები აგურითაა შევსებული, რომელიც ზოგან შვეულად, ხოლო ზოგან თარაზულადაა განლაგებული. ერთადერთი დეკორატიული ელემენტი აგურის კომბინირებული წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია დასავლეთის ფასადის ფრონტონზე. ფასადები სავეხუროვანი ლავგარდნითაა დასრულებული, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია.
მცირე ეკლესია
რედაქტირებამცირე ეკლესია (8X5,9 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, ნავის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან. ნახევარწრიულ აფსიდში, სწორკუთხა სარკმლის ქვემოთ კედელზე მიშენებულია ტრაპეზი. აფისიდის სამხრეთ ნახევარში მცირე სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. კედლებზე შიგნით და გარედან ბათქაშის კვალია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 221-222.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2017-05-06.