ახატნის ეკლესია
ახატნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახატნის სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნეში.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგებია ნატეხი ქვით. კუთხეები, კარ-სარკმლები, ლავგარდანი და მის ქვემოთ წყობის ერთი რიგი ქვიშაქვის თლილი ქვებითაა გამოყვანილი. შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი გარედან ღრმა შეღრმავებაშია ჩასმული და რამდენიმე ქვისგან შედგენილი ორფერდა გადახურვა აქვს. დასავლეთ კარი მოგვიანებით რიყის ქვით ამოუშენებიათ. აფსიდი ღრმაა, დასრულებულია წესიერი ფორმის კონქით. აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთ გვერდში კი - ორი მცირე სწორკუთხა ნიში. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში ჯვრის მკლავების მსგავსი თითო ფართო და დაბალი თაღოვანი უბეა, რომელიც გარედან ცალკე ნაწილადაა გამოყოფილი და დამოუკიდებელი ორფერდა გადახურვა აქვს. საკურთხევლის სარკმლის გარდა შიდა სივრცეს კიდევ ოთხი მსგავსი სარკმელი აშუქებს. თითო-თითო გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელშია, ხოლო ერთი — ჩრდილოეთ უბეში. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. კამარა კონქისგან გამოყოფილია ნახევარწრიული ფორმის შეკიდებული საბჯენი თაღით, რომელიც ქუსლის დონეზე, აფსიდის კედელს ერწყმის. კამარის დასავლეთ კიდე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღი — კუთხის პილასტრებს.
ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია თითქმის თანაბარი ზომის ნატეხი ქვით. კედლის ზედაპირი ბათქაშითაა გასწორებული, რომელიც ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებს და ნაწილობრივ მათ ზედაპირებსაც ფარავს. ორივე შესასვლელს გლუვი, თაღივანი საპირე აქვს. სამხრეთის შესასვლელის საპირის თაღის ზემოთ, ერთიმეორეზე შედგმულ ორ სწორკუთხა ქვაზე თითო რელიეფური ჯვარია გამოსახული. ერთი გლუვი რელიეფური ჯვარია დასავლეთის შესასვლელის ზემოთ, ფრონტონის ფუძის დონეზე. ფასადები დასრულებულია მაღალი, პროფილირებული ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია თუნუქით. დასავლეთ ფასადის წვეროზე დაშენებულია აგურის სამრეკლო — კვადრატულ მასიურ საფუძველზე მდგარი ოთხსვეტიანი და პირამიდულსახურავიანი ფანჩატური.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 221.