ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესია (კასპი)
ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესია — კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ეკლესია, სამრეკლო და ციხე-გალავანი.
ნაგებობები
რედაქტირებაეკლესია
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (17,3 X 6,55 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, დარბაზის იატაკიდან 0,7 მ-ით ამაღლებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ოთხკუთხა სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო სწორკუთხა და თითო თაღოვანი ნიშია. აფსიდის ორივე მხარეს ვიწრო და ბნელი სათავსებია, რომლებსაც აღმოსავლეთით პატარა მრგვალი სარკმლები აქვს. სათავსები თაღოვანი გადასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველს. ჩრდილოეთ კედელში სანათლავი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ მასიურ პილასტრს ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ ფასადის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესია თავდაპირველად ქართველთა სალოცავი ყოფილა. XIX საუკუნეში მისთვის დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (8,7 X 8,8 X 6,15 მ) და სომხურ ეკლესიად გადაუკეთებიათ. ეკლესიას მიშენებულ სათავსთან აერთიანებს ძველი ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი დიდი თაღი. სათავსის მთელი დასავლეთ ნაწილი ეკავა ხის პატრონიკეს, რომლისგანაც მხოლოდ თაღოვანი კარია შემორჩენილი დასავლეთ კედელში. ფასადებზე კარ-სარკმელს თლილი ქვის საპირეები აქვს. მინაშენის სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია ორი დეკორატიული ჯვარი. ფასადები შელესილი ყოფილა (უკეთესად შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე). ნაგებობას აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს.
სამრეკლო
რედაქტირებასამრეკლო (5,9 X 4,9 მ) ეკლესიაზე მიშენებულია ჩრდილო-დასავლეთიდან. იგი ორსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. პირველ სართულზე მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება მოხვედრა. ეს სართული გადაკეთებულია სამლოცველოდ (ამაღლებულ საკურთხევლის ცენტრში დგას მასიური სატრაპეზო ქვა). მას თავდაპირველად ორი კარი ჰქონია - დასავლეთით და ჩრდილოეთით. ორივე სარკმლებად არის გადაკეთებული. აღმოსავლეთით ერთი ვიწრო სარკმელია. ოთხივე კედელზე თითო დეკორატიული თაღია. ჩრდილოეთ კედელში მოზრდილი ნიშია. ორი ნიში სამხრეთ კედელშიც არის. სამრეკლო გადახურულია აფრებზე ოსტატურად ამოყვანილი აგურის გუმბათით. მეორე სართული რვამალიანი, თაღებით გახსნილი აგურის ფანჩატურია. ფასადის მხრიდან თაღებს ლილვი აქვს შემოვლებული. სამრეკლოს პირამიდული სახურავი აქვს. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის თლილი ქვის საპირეები მორთულია ფოთლოვანი ორნამენტით. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, ქართული მხედრული წარწერაა (არ იკითხება).
გალავანი
რედაქტირებაეკლესიის დასავლეთით, ათიოდე მეტრზე, შემორჩენილია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით ნაგები, გეგმით უსწორო ოთხკუთხედის ფორმის ციხე-გალავანი, რომლის ყველა კუთხეში თითო ცილინდრული კიშკია. კოშკები ერთმანეთისაგან მხოლოდ ზომებით განსხვავდებიან. ყველაზე უკეთესად შემონახულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი (შიდა დიამეტრი 2,85 მეტრი, კედლის სისქე - 0,8 მეტრი). პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების სათავსია. შესასვლელი ეზოს მხრიდანაა. ამ შესასვლელით საბრძოლო ბილიკებზე შეიძლებოდა გასვლა. სართულებზე, კედლებში დატანებულია დიდ და მცირე ზომის სათოფურები. შესასვლელის პირდაპირ ბუხრებია. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია. შემორჩენილია ქონგურების ფრაგმენტები და ხის კოჭების ბუდეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 140-141.