აცეტილენი (იუპაქის მიხედვით ეთინი) — უჯერი ნახშირწყალბადი, ალკინის ჰომოლოგიური რიგის პირველი წევრი რომელშიც ორი ნახშირბადი და ორი წყალბადი შედის: CH≡CH. აცეტილენი აღმოაჩინა ინგლისელმა ქიმიკოსმა ედმუნდ დეივიმ 1836 წელს. სინთეზურად, ნახშირისა და წყალბადისგან მიიღო ფრანგმა ქიმიკოსმა მარსელენ ბერთლომ 1862 წელს. აცეტილენის მსოფლიო წარმოება რამდენიმე მილიონ ტონას აღწევს[1].

აცეტილენის სამგანზომილებიანი მოდელი

დახასიათება

რედაქტირება

უფერო აირი, დნობის ტემპერატურა — 80,8 °C, სიმკვრივე — 1,171კგ/მ³. კარგად იხსნება აცეტონში, ცუდად წყალსა და მეტ წილ გამხსნელებში. აცეტილენისა და ჰაერის ნარევი (აცეტილენი მოცულობით 2.3-80.7%) ფეთქებადია. აცეტილენს ნარკოტიკული ზემოქმედების უნარი აქვს. მას ინახავენ და გადააქვთ მაღალი წნევის ქვეშ, ფოლადის სპეციალური ბალონებით, აცეტონ–ხსნარის სახით.

აცეტილენს ახასიათებს უჯერი ნახშირწყალბადების თვისებები: ადვილად იერთებს წყალბადს, ჰალოგენებს, ჰალოგენწყალბადებს, წყალს, სპირტებსა და სხვებს.

აცეტილენის წვისას გამოიყოფა სითბოს დიდი რაოდენობა(14000 კკალ/მ³), აცეტილენ–ჟანგბადის ალის მაქსიმალური ტემპერატურაა 3150 °C. მას ხშირად იყენებენ ლითონთა დასამუშავებლად(ჭრა, შედუღება).

გამოყენება

რედაქტირება

იგი მრავალი სამრეწველო პროდუქტის ნედლეულია. ასე მაგალითად, აცეტილენთან ქლორწყალბადის მიერთებით იღებენ ვინილქლორიდს CH2=CHCl – პლასტმასების წარმოების საწყის პროდუქტს; ციანმჟავას მიერთებითმიიღება აკრილონიტრილი CH2=CHCN —სინთეზური კაუჩუკებისა და ბოჭკოების წარმოების საწყისი პროდუქტი; აცეტილენის ჰიდრატაციით(იხ. კუჩეროვის რეაქცია) მიიღება აცეტალდეჰიდი CH3CHO—ძმარმჟავას წარმოების საწყისი პროდუქტი. აცეტილენისგან იღებენ აგრეთვე ვინილაცეტილენს, ვინილურ ეთერებს, პოლივინილაცეტატს, პოლივინილის სპირტს და ასე შემდეგ.

ამჟამად აცეტილენს იღებენ გერმანელი ქიმიკოსის ფრიდრიხ ველერის მეთოდით (1862) — კალციუმის კარბიდზე წყლის მოქმედებით:

CaC2 + 2H2O → Ca(OH)2 + C2H2

აგრეთვე ბუნებრივი აირების, უმთავრესად მეთანის, თერმოჟანგვითი კრეკინგით:

6CH4 + 4O2 →C2H2 + 8H2 + 3CO+CO2 + 3H2O

აცეტილენის მიღება ელექტროკრეკინგითაც–ვოლტას რკალში მეთანის გატარებით(1600 °C): 2CH4→C2H2+3H2

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ქსე–ს 1977 წლის მონაცემებით

ლიტერატურა

რედაქტირება