აუსკულტაცია (ლათ. ausculto — მოსმენა) — შინაგანი ორგანოების გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი ამ ორგანოებში წარმოშობილი ხმიანობის მოსმენით. ორგანოს მოსმენა შეიძლება უშუალოდ ყურით ან სპეციალური ხელსაწყოების — სტეთოსკოპისა და ფონენდოსკოპის საშუალებით. გულის გამოკვლევა მოსმენით პირველად შემოიღო ბერძენმა ექიმმა არეტეოსმა. თანამედროვე აუსკულტაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი ექიმი რენე თეოფილ იაცინტ ლაენეკი, რომელმაც პირველად (1819) გამოიყენა სტეთოსკოპი.[1]

ვირჯინია აპგარი აუსკულტაციას უტარებს ჩვილს

კლინიკურ პრაქტიკაში აუსკულტაციის მეთოდის გავრცელებაში დიდი წვლილი შეიტანა ფრანგმა თერაპევტმა პიერ ადოლფ პიორიმ, იოსეფ ფონ შკოდამ, სერგეი ბოტკინმა, გრიგოლ ზახარინმა, თეოფილე იანოვსკიმ, ალექსი ოსტროუმოვმა, ვასილი ობრაზცოვმა. ხმიანობის პირველი გრაფიკული ჩანაწერი გააკეთა ვილემ ეინტჰოვენმა (1894).[2]

აუსკულტაციისათვის უმეტესად იყენებენ ფონენდოსკოპს, რომელიც მემბრანიანი ღრუ კაფსულისა და რეზინის ორი მილისაგან შედგება. კაფსულას ადებენ ავადმყოფის სხეულს, მემბრანა გადასცემს ამა თუ იმ ორგანოში წარმოშობილ ხმიანობას, რომელსაც მილების საშუალებით ისმენს ექიმი. ფილტვების აუსკულტაციით ისმენენ სუნთქვით ხმაურს, გარკვეული დაავადებისათვის დამახასიათებელ სხვადასხვაგვარ ხიხინს; გულის ტონების ცვალებადობისა და გულში წარმოქმნილი შუილის მიხედვით განსაზღვრავენ გულის მოქმედებას, დაავადებას. არტერიებს ისმენენ სისხლის წნევის გასინჯვის დროს, მუცლის აუსკულტაციით ადგენენ კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას, ორსულობის დროს ნაყოფის გულისცემას და ა. შ.[1]

ვეტერინარიაში აუსკულტაციას იყენებენ ცხოველის გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის. ორგანოს პირდაპირი აუსკულტაციით მოსმენისას ცხოველის სხეულის მოსასმენ ნაწილს აფარებენ ზეწარს ან პირსახოცს. არაპირდაპირი აუსკულტაციისათვის სტეთოსკოპსა და ფონენდოსკოპს იყენებენ.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 დიდებულიძე თ., მაღრაძე პ., აუსკულტაცია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 9–10.
  2. Драпкина О. М. Аускультация // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 495.