ატომური ენერგეტიკა
ატომური ენერგეტიკა — ენერგეტიკის დარგი, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის გამომუშავება ატომურ ელექტროსადგურებში (აეს). თბური რეაქტორებით მომუშავე აესების მქკ არ განსხვავდება ორგანული სათბობით მომუშავე თბოელექტროსადგურების (თეს) მქკ-საგან.
ატომური ენერგეტიკის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ატომური სათბობის სიიაფე. პირობით სათბობზე გადაანგარიშებისას ატომური სათბობის მოპოვებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები ორჯერ ნაკლებია ქვანახშირის მოპოვებისათვის საჭირო კაპდაბანდებებზე.
როგორც წესი ატომურ ენერგეტიკაში გამოიყენება პლუტონიუმ-239 და ურან-235 დაშლის შედეგად წარმოქმნილი ჯაჭვური რეაქციები. ატომის ბირთვები იყოფიან მათში ნეიტრონის მოხვედრით, რითაც ხდება ახალი ნეიტრონების გამონთავისუფლება, რომელიც იწვევს შეუქცევად პროცესს. ჯაჭვური რეაქციისას ხდება უზარმაზარი კინეტიკური ენერგიის გამოსხივება, რაც საბოლოო ჯამში გარდაიქმნება სითბურ ენერგიად.
მიუხედავად იმისა რომ ენერგიის ზოგ წყაროს (თერმობირთვული რეაქციები მზეზე...) ბირთვული ენერგია უდევს საფუძვლად, საზოგადოდ მიიჩნევა რომ ატომური ენერგეტიკა ესაა უშუალოდ ატომურ რეაქტორებში წარმოებული მართვადი რეაქციები.
ატომური ენერგია იწარმოება აეს-ებში, გამოიყენება ატომურ წყალქვეშა ნავებზე, ატომურ ყინულმჭრელებზე, არსებობს გეგმები კოსმოსურ თანამგზავრებში ატომური ენერგიის გამოყენებაზე, არაერთი ცდაა ჩატარებული თვითმფრინავებსა და თვითმავალ ტანკებში გამოეყენებინათ ატომური ენერგია.
2012 წელს მსოფლიოში ელექტროწარმოება საწვავის მიხედვით გამოიყურებოდა შემდეგნაირად:
- ქვანახშირი (40,4 %)
- ბუნებრივი გაზი (22,5 %)
- ჰიდრო (16,2 %)
- ბირთვული (10,9 %)
- ნავთობი (5,0 %)
- დანარჩენი (5,0 %)
გალერეა
რედაქტირება-
ატომური ელექტროსადგური
-
აშშ ატომური ავიამზიდი
-
რუსული ატომური ყინულმჭრელი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. გომელაური, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 678.