არქოზავრები (ბერძნ. arche — მმართველი და sauros — ხვლიკი) (Archosauria) — ქვეწარმავლების ქვეკლასი, რომელიც აერთიანებს თეკოდონტებს, ნიანგებს, დინოზავრებსა და მფრინავ ხვლიკებს. თანამედროვე ფაუნაში მხოლოდ ნიანგებითაა წარმოდგენილი.

ნიანგი

დღეს არსებულ არქოზავრთა შორის არიან ნიანგები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  Sauropsida
ქვეკლასი:  Diapsida
ინფრაკლასი:  Archosauromorpha
(რანგის გარეშე):  არქოზავრები
ლათინური სახელი
Archosauria

არქოზავრების უძველესი ნაშთები ტრიასულ ნალექებში გვხვდება. ბინადრობდნენ ხმელეთსა და ჰაერში, თუმცა მათი ერთი ნაწილი წყალშიც ცხოვრობდა. არქოზავრებს შორისაა როგორც მტაცებელი, ისე მცენარეჭამია ფორმები. არქოზავრები პირველი ქვეწარმავლებია, რომელთა შორის გვხვდება ორ ფეხზე მოსიარულე (ბიპედალიზმი) ფორმები. ამასთანაა დაკავშირებული მათი სხეულის აგებულების მნიშვნელოვანი ცვლილებები (მენჯის, უკანა კიდურებისა და კუდის ძლიერი განვითარება, წინა კიდურების რედუქცია და სხვა). წყლის ზოგიერთი ფორმა ცოცხლადმშობი იყო. უმაღლესი არქოზავრები (დინოზავრები და მფრინავი ხვლიკები) ალბათ, თბილსისხლიანები იყვნენ. არქოზავრებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ ხერხემლიანების ევოლუციის გასაგებად, ვინაიდან მათი ისტორია დროის უდიდეს ინტერვალს მოიცავს. არქოზავრები პირველი ხერხემლიანებია, რომლებმაც დაიპყრეს ჰაერი. ფრინველების წინაპრები სწორედ მათ შორის უნდა ვეძებოთ.

ლიტერატურა

რედაქტირება